ჭიდაობა

11:09 | 7.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტაიმაზოვს პეკინის ოქრო ჩამოართვეს

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დოპინგის მოხმარებაში ბრალდებული სამი სპორტსმენის ვინაობა ოფიციალურად დაადასტურა და მათთვის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული მედლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

რამდენიმეეტაპიანი გამოკვლევის შემდეგ, აკრძალული პრეპარატების მიღება დაუდასტურდათ: თავისუფალ ჭიდაობაში პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონს, უზბეკეთის ნაკრების წევრ არტურ ტაიმაზოვს (120 კგ), ამავე სტილში პეკინი 2008-ის ვერცხლის პრიზიორს - უკრაინელ ვასილი ფედორიშინს და ძალოსნობაში ლონდონი 2012-ის რუს ჩემპიონ სვეტლანა ცარუკაევას (63 კგ).

ქართველი ქომაგებისთვის გამორჩეულად საინტერესო ტაიმაზოვის შემთხვევაა. ჯერ კიდევ შარშან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უზბეკეთის ნაკრების ტიტულოვან მძიმეწონოსანს დოპინგთან დაკავშირებით პრობლემები პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადებზე შეექმნა და საერთაშორისო ანტიდოპინგურმა კომისიამ სწორედ ამ ორი ოლიმპიადის სინჯების გამოკვლევა დაიწყო.

2012 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალში არტურ ტაიმაზოვმა დავით მოძმანაშვილი დაამარცხა და შესაბამისად, გაჩნდა იმედი, რომ კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებით ოლიმპიურ ჩემპიონად ქართველი მძიმეწონოსანი გამოცხადდებოდა.

პეკინის ოქროს არტურ ტაიმაზოვი ვეღარ შეინარჩუნებს. ლონდონური ტიტულის შესახებ კი, მისთვის საგანგაშო და ჩვენთვის გასახარი ჯერ არაფერია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113252