ფეხბურთი

21:07 | 6.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პროგნოზების გარეშე

ეროვნული ლიგა1 ჯერ ახალი დაწყებულია, მაგრამ რასაც ჩემპიონატის წინ ველოდით, ის ხდება: რთულად პროგნოზირებადი მატჩებია. ვერ გაიგებ, ვინ ვის მოუგებს და ჩემპიონატის ფავორიტიც როგორ გინდა დაასახელო?! დაძაბული თამაშებია, 25 მატჩიდან მხოლოდ ორი დასრულდა დიდი ანგარიშით.

მეხუთე ტურში 15 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ ერთ მატჩში 3 ბურთი. მთლიანობაში კი, რაც ჩემპიონატი დაიწყო, 56 გოლი გავიდა. საშუალო შედეგიანობა - 2,24 გოლი თამაშში.

ბომბარდირთა შორის ირაკლი სიხარულიძე ლიდერობს. "ლოკომოტივის" ფორვარდს 4 გოლი აქვს გატანილი (ორი დუბლი), ასისტენტთა შორისაც ლოკომოტიველია პირველზე - ნოდარ ქავთარაძე (3 საგოლე).

ჩემპიონატში ორი ჰეთ-თრიქი შესრულდა. პირველად გასულ ტურში უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა მოახერხა ("შუქურა"-"კოლხეთი" 2:4), მეორე კი კოვტალიუკის გუნდის კარში მამია გავაშელიშვილმა მიითვალა ("კოლხეთი"-"ლოკომოტივი" 0:5).

გასული ტურის საუკეთესო გოლად უნდა დავასახელოთ თბილისის დინამოელი გიორგი ზარიას გატანილი "ჩიხურას" კარში. გადმოვარდნილ ბურთს საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით ცხრიანში მიუჩინა ადგილი.

სადებიუტო გოლი: გიორგი ჩაკვეტაძემ (დინამო თბილისი) ეროვნულ ლიგა 1-ში პირველად მოახერხა გატანა. ჩაკვეტაძე 17 წლისაა და 29 აგვისტოს გახდება 18-ის. ჩაკვეტაძე ამ სეზონში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეა.

ჩემპიონი "სამტრედია" სტუმრად იგებს, შინ აგებს. ჯერჯერობით, ასე ხდება. ერთი ფრე გამოერია მხოლოდ.

ზედიზედ მეორე მატჩია, გოლი გააქვთ საბურთალოელ ვაგნერს, ტორპედოელ ნიკა საბანაძესა და ბათუმის დინამოელ ვაკო თევდორაძეს.

ზედიზედ სამჯერ წააგო "შუქურამ" და ერთადერთია, რომელსაც ჯერ თამაში არ მოუგია. გამოირჩევიან ლევან კუტალია და სანდრო გურული, გუნდიც თითქოს სუსტად არ გამოიყურება და სავარაუდოდ, უიმედო აუტსაიდერი არ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123641