ფეხბურთი

2:30 | 6.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “სევილია” “ნოუ კამპზე” დაიჩაგრა

ლა ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური ჯახი “ნოუ კამპზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ბარსელონა” კრიზისში მყოფ “სევილიას” დაუხვდა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.

“ბლაუგრანას” შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს, რადგან “რეალი” ისედაც ორი ქულით წინაა (თან ერთი მატჩი თადარიგში აქვს) და კიდევ ერთი წაბორძიკება, ალბათ ჩემპიონობაზე ფიქრის დასრულებას ნიშნავს. კატალონიური გრანდის მოთამაშეები ამას ნამდვილად მშვენივრად აცნობიერებენ და ნახსენებ შეხვედრას უდიდესი გულისყურით მიუდგნენ, რაც პირველივე ნახევარში ტაბლოზე აისახა.

“სევილიას” ძალიან ცუდი პერიოდი უდგას და ამ შეხვედრას 4-მატჩიანი მოუგებელი სერიით შეხვდა, თუმცა გულშემატკივრები მაინც დაძაბულ შეხვედრას მოელოდნენ და ნაკლებად წარმოიდგენდნენ, რომ მეორე ნახევარი სრული ფორმალობა იქნებოდა.

მასპინძლებმა საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოკიდეს ხელი და მე-3 წუთზე ლიონელ მესიმ ბურთი ხარიხას მოარტყა. საპასუხოდ, მე-16 წუთზე სტივენ ნ’ზონზისაც შეეძლო გატანა, მაგრამ ტერ შტეგენმა ივარგა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. 25-ე წუთზე კი, მასპინძლები ლუის სუარესმა ბრწყინვალე “მაკრატელათი” დააწინაურა. გაშვებულმა გოლმა სტუმრებზე ძალიან ცუდად იმოქმედა და სამ წუთში ლიონელ მესიმ სხვაობა გაზარდა, ხოლო კიდევ ხუთ წუთში არგენტინელმა უძლიერესი დარტყმით დუბლი გაიფორმა და შეხვედრის ბედი 33-ე წუთისთვის გადაწყვიტა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა პირველი ნახევრის ანგარიში აღარ შეცვლილა – 3:0.

“რეალი” თანარეგიონელ “ლეგანესს” ეწვია “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქეზე” და დაგეგმილი 3 ქულა ლიდერების: რონალდუს, ბენზემას, ბეილის და კროოსის გარეშე მოიპოვა. ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა: მარკო ასენსიომ დიდებულად ითამაშა, ჯერ რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და შემდეგ ხამეს როდრიგესს ცარიელ კარში გაატანინა. სამ წუთში მადრიდელთა კუთხურს ალვარო მორატას გოლი მოჰყვა, ხოლო კიდევ ხუთ წუთში ესპანეთის ნაკრების ფორვარდი მატეო კოვაჩიჩმა მეკარესთან პირისპირ დატოვა და ალვარომ დუბლი გაიფორმა. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ მასპინძლებმა იბრძოლეს და 32-ე და 34-ე წუთებზე გაბრიელმა და ლუსიანომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. მიუხედავად ამისა, “ლეგანესის” ეს ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მორატამ ჰეთ-თრიკი გაიფორმა და შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა – 2:4.

6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “მალაგამ”, რომელმაც სანდრო რამირესის გოლით, გასვლაზე უმთავრეს კონკურენტს “ხიხონს” მოუგო და გასავარდნ ზონას 8 ქულით მოცილდა.

ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი კლუბების კიდევ ერთი დაპირისპირება “რიასორზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “დეპორტივო” “გრანადას” დაუხვდა და შინ ქულა გაატანა. მასპინძლებს მოგება შეეძლოთ, მაგრამ 77-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანეს: სელსო ბორგესს გილერმო ოჩოამ აჯობა – 0:0.

2016 წლის 17 ოქტომბრის (მე-8 ტურის) შემდეგ ლა ლიგაში პირველი შეხვედრა მოიგო “ოსასუნამ”. ნავარელებმა ბერენგერის გოლით გასვლაზე “ალავესი” დაამარცხეს და მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვეს. მათ 14 ქულა დააგროვეს და ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე, მე-17 ადგილოსან “ლეგანესს” 13 ქულით ჩამორჩებიან.

ბარსელონა – სევილია 3:0 (3:0)

გოლები: 1:0 ლ.სუარესი (25), 2:0, 3:0 მესი (28; 33)
გაძევება: ვიტოლო (91 ს.)

ალავესი – ოსასუნა 0:1 (0:0)

გოლი: ბერენგერი (88)

დეპორტივო – გრანადა 0:0

77-ე წუთზე სელსო ბორგესმა (დ.) პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ხიხონი – მალაგა 0:1 (0:1)

გოლი: ს.რამირესი (40)

ლეგანესი – რეალი 2:4 (2:3)

გოლები: 0:1 ხამესი (15), 0:2, 0:3, 2:4 მორატა (18; 23; 48), 1:3 გაბრიელი (32), 2:3 ლუსიანო (34)

თეგებილა ლიგა
0.142339