ფეხბურთი

1:45 | 6.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: აზარმა “ჩელსის” მოაგებინა, “ტოტენჰემმა” ბოლოსკენ გაილაღა

პრემიერლიგის 31-ე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში “ჩელსიმ” “სტემფორდ ბრიჯზე” “მანჩესტერ სიტი” მიიღო, მინიმალური სხვაობით იმარჯვა და “ტოტენჰემთან” არსებული 7-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

სამივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. ანგარიში მე-10 წუთზე ედენ აზარმა გახსნა, რომელსაც მიზნის განხორციელებაში ვილი კაბალიეროს არადამაჯერებელი თამაშიც დახმარა. 15 წუთში უკვე ტიბო კურტუა შეცდა, რომელმაც ბურთი ძალიან ცუდად აიტანა და პირდაპირ დავიდ სილვას ჩააბარა, ესპანელის დარტყმას ბელგიელი კიპერი გაუმკლავდა, მაგრამ ბურთი სერხიო აგუეროს მიუვიდა და არგენტინელმა ფორვარდმა ცარიელ კარში შეაგორა. ათიოდე წუთში მასპინძლები კვლავ დაწინაურდნენ – ფერნანდინიომ საკუთარ საჯარიმოში პედრო წააქცია, რასაც პენალტის დანიშვნა მოჰყვა. ბურთთან ედენ აზარი მივიდა, რომელმაც პირველი ცდით კაბალიეროს ვერ აჯობა, მაგრამ ბურთი კვლავ მას მიუვიდა და დამატებაზე გატანა აღარ გასჭირვებია.

მეორე ნახევარში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და გოლის გატანის რამდენიმე 100%-იანი შანსი ჰქონდათ. ვინსენტ კომპანის, ჯონ სტოუნზს და სერხიო აგუეროს ბრწყინვალე ეპიზოდები შეექმნათ, მაგრამ არ გაუმართლათ. უშანსოდ არც “ჩელსი” ყოფილა და ედენ აზარს მესამე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ კაბალიეროს კარს ზემოდან გადააცილა და პირველი ტაიმის ანგარიში უცვლელი დარჩა – 2:1.

სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “არსენალმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ “ვესტ ჰემს” სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. ანგარიში 58-ე წუთზე მესუთ ოზილმა გახსნა, ათ წუთში “მეთოფეების” უპირატესობა უოლკოტმა სოლიდური გახადა, ხოლო 83-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ჟირუმაც შეაგდო – 3:0.

“ტოტენჰემი” გასვლაზე “სუონსის” დაუპირისპირდა და 88-ე წუთამდე აგებდა, რითაც საჩემპიონო შანსს საბოლოოდ კარგავდა. მაგრამ, დარჩენილ წუთებში “დეზებმა” 3 გოლის გატანა მოახერხეს და შესანიშნავი “ქამბექით” ლიდერთან სტატუს-კვო შეინარჩუნეს – 1:3.

მეორე ეშელონის კლუბთან მორიგი გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა “ლივერპულმა”. მერსისაიდელებმა შინ “ბორნმუთი” მიიღეს და 87-ე წუთამდე 2:1-ს იგებდნენ, თუმცა ჯოშუა კინგის გოლმა მასპინძლებს მნიშვნელოვანი 2 ქულა დააკარგვინა – 2:2.

“ჰალ სიტიმ” ე.წ. 6-ქულიან დაპირისპირებაში “მიდლსბროს” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა, ხოლო “საუთჰემპტონმა” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასს” აჯობა.

არსენალი – ვესტ ჰემი 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 ოზილი (58), 2:0 უოლკოტი (68), 3:0 ჟირუ (83)

ჰალი – მიდლსბრო 4:2 (3:2)

გოლები: 0:1 ნეგრედო (5), 1:1 მარკოვიჩი (14), 2:1 ნიასე (27), 3:1 ა.ერნანდესი (33), 3:2 დე როონი (45+1), 4:2 მაგუირე (70)

საუთჰემპტონი – კრისტალ პალასი 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 ბენტეკე (31), 1:1 რედმონდი (45), 2:1 იოშიდა (84), 3:1 უარდ-პროუსი (85)

სუონსი – ტოტენჰემი 1:3 (1:0)

გოლები: 1:0 რუტლიჯი (11), 1:1 ალი (88), 1:2 სონი (91), 1:3 ერიკსენი (94)

ჩელსი – მანჩესტერ სიტი 2:1 (2:1)

გოლები: 1:0, 2:1 აზარი (10; 35), 1:1 აგუერო (26)

ლივერპული – ბორნმუთი 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 აფობი (7), 1:1 კოუტინიო (40), 2:1 ორიჯი (59), 2:2 კინგი (87)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.21716