ფეხბურთი

22:14 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: ჩემპიონის ქამბექი და შეცვლილი ლიდერი

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “სამტრედია” მიმდინარე სეზონს ერთობ უცნაურად ატარებს – ფაქტია, რომ გია ცეცაძის გუნდს ეროვნულ ლიგაში საკუთარ მოედანზე სამ თამაშში კინკილა ქულა აქვს მოპოვებული, მაგრამ სამაგიეროდ ორი საგარეო შეხვედრიდან მაქსიმუმი გამოადნო და 6 ქულა მოიპოვა.

“სამტრედიამ” მეხუთე ტურის დასკვნით შეხვედრაში “მიხეილ მესხზე” “საბურთალოს” აჯობა. არადა, 45 წუთის შემდეგ იმერლებისთვის სასიკეთოს არაფერი მოასწავებდა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში დაჯაბნეს მეტოქე და შესვენებაზე დამსახურებულად გავდიდნენ დაწინაურებული. გამოსარჩევია ორი მომენტი: ჯერ იყო და შინდაგორიძემ შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი ხარიხამ აისხლიტა. ცოტა ხანში “საბურთალომ” კიდევ ერთხელ გაისროლა შორი დისტანციიდან და ამჯერად უკვე ჩემპიონი ვეღარ გადარჩა – ვაგნერ გონსალვეშმა ომარ მიგინეიშვილს ლამაზი გოლი გაუტანა, შინდაგორიძე კი, უკვე ასისტმენის როლში მოგვევლინა. ტაიმიც ასე დასრულდა, ლოგიკური შედეგით – 1:0.

მეორე ნახევარი კი წამების დაწყებული იყო, ყველაფერი რომ შეიცვალა. ელვინ ტერამ საკუთარ ნახევარზე ბურთი უხეიროდ გააჩერა, პოზიცია დაკარგა და ჯიქიას წაქცევა მოუწია, რისთვისაც ყვითელი ბარათი დამსახურებულად მიიღო. ვინაიდან ტერა პირველ ნახევარში უკვე გაფრთხილებული გახლდათ, მოედანი ნაადრევად დატოვა. “სამტრედიამ” რიცხობრივი უპირატესობა მიიღო და უმალვე გამოიყენა – დანიშნული ჯარიმა სტუმრებმა ჩინებულად გაითამაშეს: გიორგი დათუნაიშვილმა რაჟამაშვილი მოძებნა, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა და იქ თეიმურაზ მარკოზაშვილს ხელი ვერავინ შეუშალა. რაც დრო გადიოდა, ნათელი ხდებოდა, რომ “საბურთალოს” თავის დაცვა უძნელდებოდა. 56-ე წუთზე კი, მოქმედ ჩემპიონი დაწინაურდა. ამჯერად უკვე ახალაძე-ბერიაშვილი-ჩაგელიშვილის კომბინაცია ამ უკანასკნელის კარგი თამაშით და გოლით დასრულდა – 1:2.

დარჩენილ დროში “საბურთალო” ეპიზოდურად სცდილობდა, რომ გაებრძოლა, მაგრამ არ გამომოუვიდა. მეტიც, “სამტრედიას” ფეხბურთელებს, რომ შეტევის დასკვნით ფაზაში მეტი ყურადღება გამოეჩინათ, ანგარიში უფრო სოლიდურ სახეს მიიღებდა. თუმცა, ცეცაძის შეგირდები ერთბურთიან სხვაობას დასჯერდენენ.

მეხუთე ტურის შემდეგ გათამაშებას თბილისის “ლოკომოტივი” ლიდერობს 10 ქულით. აი, შემდგომ კი, სიმჭიდროვეა: მეორე და მეცხრე ადგილოსნებს შორის სხვაობა სულ რაღაც 4 ქულაა.

ეროვნული ლიგის VI ტურის მატჩები 8 და 9 აპრილს გაიმართება.

“საბურთალო” – “სამტრედია” 1:2 (1:0)

თბილისი, “მიხეილ მესხი”

“საბურთალო” (4-2-3-1): კუპატაძე; იმნაძე, ცნობილაძე, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი; ელვინ ტერა, არზიანი (სოფრომაძე 58); მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, შინდაგორიძე (ალთუნაშვილი 51); გონსალვეში (კოხრეიძე 64)

მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

“სამტრედია” (4-2-3-1): მიგინეიშვილი; მჭედლიშვილი (სუხომლინოვი 82), სანდოხაძე, კასრაძე, ახალაძე; დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი; რაჟამაშვილი, სამუშია (ბერიაშვილი 46), ჯიქია (მთივლიშვილი 90); ჩაგელიშვილი

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გოლები: 1:0 გონსალვეში (27), 1:1 მარკოზაშვილი (46), 1:2 ჩაგელიშვილი (56)

გაფრთხილება: ტერა (16, 46) – ახალაძე (58), სანდოხაძე (64), ბერიაშვილი (65), კასრაძე (82)

გაძევება: ტერა (46)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109878