ფეხბურთი

1:28 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: ლიდერები იგებენ, “სევილია” კრიზისშია

ლა ლიგის 29-ე ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ლიდერებმა “რეალმა” და “ბარსელონამ” დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს და მათ შორის სხვაობა კვლავ 2 ქულაა (მადრიდელებს 1 მატჩი თადარიგში აქვთ).

“რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ალავესს” დაუხვდა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. “ბლაკოსმა” ტაიმი ქარიმ ბენზემას გოლით მოიგო, რომელმაც 31-ე წუთზე ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით პაჩეკოს კარის ბადე შეარხია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მსაჯს გოლის გაუქმება შეეძლო, რადგან ეპიზოდის დასაწყისში ბენზემა მცირე თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მეორე ნახევარში “ალავესმა” იბრძოლა და 85-ე წუთამდე “რეალს” 3 ქულა განაღდებული არ ჰქონდა. სტუმრებს რამდენიმე შანსიც ჰქონდათ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ და მატჩის მიწურულს ორი ბურთი აქეთ მიიღეს: ჯერ ისკომ უძლიერესი დარტყმით სხვაობა გაზარდა, ხოლო 88-ე წუთზე ნაჩოს ჯერი დადგა, რომელიც გარეტ ბეილის შესანიშნავ საჯარიმო დარტყმის (ხარიხას მოხვდა) შემდეგ ბურთს დამატებაზე დაუხვდა და თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

სამბურთიანი სხვაობით იმარჯვა “ბარსელონამაც” და მადრიდელთა მსგავსად, მეტოქე მათაც ბოლოსკენ გატეხეს. ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე “ბლაუგრანა” გასვლაზე ერთ-ერთ აუტსაიდერს “გრანადას” დაუპირისპირდა და გასაკვირი არაა, რომ მთელი შეხვედრის განმალობაში დიდ უპირატესობას ფლობდა. მასპინძლები კი, მთელი გუნდით თავს იცავდნენ და პირველი ტაიმი თითქმის გაძლეს, თუმცა თითქმის არ ითვლება... ზედ შესვენების წინ, ხორდი ალბას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ანდალუსიელთა დაცვა ჩავარდა და ლუის სუარესი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, რომელმაც გილერმო ოჩოას ბურთი ოსტატურად გადაუგდო თავზე.

მეორე ნახევარი მოულოდნელი სცენარით დაიწყო და 50-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა: საუნიეს ბრწყინვალე პასით ცვლილებაზე შემოსული ბოგა მეკარესთან პირისპირ დარჩა და ტერ შტეგენს შორეულ კუთხეში უნაკლოდ დაურტყა. კატალონიური გრანდი მეორედ 15 წუთში დაწინაურდა – ლუის სუარესმა ტრავმირებული რაფინიას ნაცვლად შემოსული პაკო ალკასერი ერთი-ერთზე გაიყვანა და ესპანელმა ფორვარდმაც საკუთარი შანსი გამოიყენა.

82-ე წუთზე ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფი “გრანადას” მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან აგბომ სამწუთიან მონაკვეთში ორი გაფრთხილება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობა უმალ გამოიყენეს და ერთ წუთში შეხვედრის ბედი გადაწყვიტეს: ივან რაკიტიჩის დარტყმის შემდეგ ბურთი საუნიეს მოხვდა და ოჩოას კარში შევარდა, ხოლო 91-ე წუთზე პაკო ალკასერის კარგი გადაცემა ნეიმარმა გამოიყენა და ახლო მანძილიდან შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:4.

რთული პერიოდი უდგას “სევილიას”. ხორხე სამპაოლის კრებული ოთხი ტურის წინ, ლიდერთა დუეტს კვალში მიყვებოდა და საჩემპიონო ამბიცია გააჩნდა, მაგრამ მას შემდგომ თამაში ვეღარ მოიგო და მე-3 ადგილი “ატლეტიკოს” დაუთმო. ანდალუსიელები შინ ერთ-ერთ აუტსაიდერს “ხიხონს” დაუხვდნენ და ძალიან საჭირო 2 ქულა დაკარგეს. მასპინძლები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა ეს თავის გასამართლებლად ნამდვილად ვერ გამოდგება. “ხიხონმა” კი საჭირო ქულა ძალიან რთულ ადგილას მოიპოვა და გადარჩენის შანსს კვლავ ინარჩუნებს – 0:0.

“ვალენსიამ” “მესტალიაზე” “დეპორტივოს” უმასპინძლა, სამი უპასუხო ბურთი გაუტანა და გასავარდნ ზონას 11 ქულით მოცილდა. შეხვედრა ორმხრივ იერიშებში დაიწყო, ორივე გუნდს რეალური საგოლე მომენტები შეექმნა, თუმცა გაცილებით კარგი შანსი სტუმრებს ჰქონდათ: მე-7 წუთზე ეზეკიელ გარაიმ საკუთარ საჯარიმოში ფლორინ ანდონე წააქცია, რასაც პენალტის დანიშვნა მოჰყვა. 11-მეტრიანი ფაიჩელ ფაჟრიმ დაარტყა, მაგრამ დიეგო ალვეშმა კუთხე გამოუცნო და მიმდინარე სეზონში მე-5 პენალტი მოიგერია. ერთ წუთში სტუმრებმა გოლი მაინც გაიტანეს, თუმცა მსაჯმა საეჭვო თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გააუქმა.

ამის შემდგომ, ყველაფერი მასპინძელთა სასარგებლოდ წარიმართა. მე-10 წუთზე გარაიმ შეცდომა გამოსწორა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა, 29-ე წუთზე კი, ალბენტოსამ ავტოგოლი გაიტანა და ტაიმი 2:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში გუნდებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ 91-ე წუთამდე ანგარიში არ შეცვლილა (აბდენურის გოლი საკამათო ვითარებაში არ ჩაითვალა). მსაჯის მიერ პირველ დამატებულ წუთზე კი, ცვლილებაზე შემოსული ჟოაო კანსელო ჩინებულად გაისარჯა და ხერმან ლუქსს შორეულ კუთხეში გაუტანა – 3:0. აღსანიშნავია, რომ “ღამურებმა” მიმდინარე სეზონში სამი ბურთი მეორედ გაიტანეს და სამბურთიანი სხვაობით პირველად იმარჯვეს.

სევილია – ხიხონი 0:0

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, პარეხა, ლენგლეტი, მარიანო, სარაბია, ნ’ზონზი, კრანევიტერი (იოვეტიჩი 60), ხ.კორეა (ვიეტო 81), ნასრი, ვიტოლო, ბენ იედერი (იბორა 60).
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

ხიხონი (4-3-3): კუელარი, ამორობიეტა (ხ.როდრიგესი 67), ბაბინი, კანელია, კასტელიანო, ს.ალვარესი, ვესგა, ხ.ტორესი, ბურგუი (ი.ლოპესი 81), კარმონა, კ.კასტრო (ლ.ტრაორე 72).
მწვრთნელი: რუბი

გაფრთხილებები: პარეხა, ნასრი, მარიანო – ვესგა, კასტელიანო, ამორობიეტა, ხ.ტორესი
მსაჯი: ვიკანდი გარიდო

რეალი – ალავესი 3:0 (1:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): კასილია, ვარანი (კარვახალი 11), პეპე, ნაჩო, დანილო, კროოსი, ისკო, მოდრიჩი (კოვაჩიჩი 68), რონალდუ, ბეილი, ბენზემა (ლ.ვაზკესი 81).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ალავესი (4-2-3-1): პაჩელო, ფედალი, ლაგუარდია, ელი, ტ.ერნანდესი, კამარასა (კ.სანტოსი 84), მ.გარსია, მენდეში (კატაი 75), იბაი (რომერო 69), ტოკერო, დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

გოლები: 1:0 ბენზემა (31), 2:0 ისკო (85), 3:0 ნაჩო (88)
გაფრთხილებები: ელი, მ.გარსია
მსაჯი: მარტინეს სანჩესი

ვალენსია – დეპორტივო 3:0 (2:0)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, გარაი, აბდენური, მონტოია, გაია (კანსელო 83), ე.პერესი (სიკეირა 75), პარეხო, სოლერი, ორელიანა, ელ ჰადადი, ძაძა (მინა 78).
მწვრთნელი: ვორო

დეპორტივო (4-4-2): ლუქსი, ალბენტოსა, სიდნეი, ფ.ნავარო, ხუანფრანი, გილერმე, ბერგენტინოსი (მ.მორენო 70), ფაჟრი (ჩოლაკი 46), ხილი, ხოსელუ, ანდონე.
მწვრთნელი: პეპე მელი

გოლები: 1:0 გარაი (10), 2:0 ალბენტოსა (29 ს.კ.), 3:0 კანსელო (91)
გაფრთხილებები: გარაი, აბდენური, ე.პერესი – ხოსელუ
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

გრანადა – ბარსელონა 1:4 (0:1)

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (5-4-1): ოჩოა, გ.სილვა (კუენკა 78), საუნიე, ლომბანი, ფოლქიერი, ლიტრი, აგბო, ვაკასო, ანგბანი (ბოგა 46), ა.პერეირა, კრავეტსი (ა.რამოსი 55).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მატიე, მასკერანო, რობერტო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (ალენია 87), გომეში (ინიესტა 67), რაფინია (ალკასერი 17), ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 ლ.სუარესი (44), 1:1 ბოგა (50), 1:2 ალკასერი (64), 1:3 საუნიე (83 ს.კ.), 1:4 ნეიმარი (91)
გაფრთხილებები: ლომბანი, აგბო – რობერტო, ალბა, რაკიტიჩი
გაძევება: აგბო (82)
მსაჯი: ხაიმე ლატრე

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.19014