ფეხბურთი

23:01 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ემირეითს სთედიუმზე” კონკურენტების სასარგებლოდ დაზავდნენ

პრემიერლიგის 30-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ემირეითს სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “არსენალი” “მანჩესტერ სიტის” დაუხვდა და უხვგოლიან თამაშში ქულას გამორჩა.

“არსენალი” ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად თამაშობს, რაც სატურნირო ცხრილშიც აისახა და დღევანდელ მეტოქესთან ჩამორჩენა, რომელიც მე-4 ადგილს იკავებს 7 ქულაა. შესაბამისად, მასპინძელთათვის დადებითი შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნებოდა, მაგრამ ლონდონელები ორჯერ აგებდნენ და ამის ფონზე, ქულითაც არ უნდა იყვნენ უკმაყოფილონი.

ანგარიში სტუმრებმა ძალიან სწრაფად გახსნეს: მე-5 წუთზე კევინ დე ბრუინის ბრწყინვალე პასით ლეროი სანე მეკარესთან პირისპირ დარჩა, რომელმაც ოსპინა ოსტატურად ჩამოიშორა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. ხუთიოდე წუთში “ქალაქელებს” მეორე ბურთის გატანა შეეძლოთ, მაგრამ მასპინძლებს გაუმართლათ: პირველ მომენტში დე ბრუინმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო დამატებაზე დავიდ სილვას დავიდ ოსპინამ აჯობა.

“არსენალმა” წონასწორობა მე-40 წუთზე აღადგინა – “სიტის” მოთამაშეებმა ბურთის მოგერიება მოახერხეს და სიტუაცია თითქოს განიმუხტა, მაგრამ შკოდრან მუსტაფიმ საჯარიმოში ბურთი კარგად ჩააბრუნა, ტეო უოლკოტმა კი მცველების შეცდომით ისარგებლა და გაათანაბრა. მასპინძელთა სიხარულმა სულ ორ წუთს გასტანა, დავიდ სილვას გადაცემა სერხიო აგუერომ შეირგო და “სიტი” კვლავ დააწინაურა. მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე უოლკოტს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ კაბალიეროს კარს ზემოდან ოდნავ გადააცილა და ტაიმი 1:2 დასრულდა.

52-ე წუთზე აგუეროს დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ მისი თავური არაზუსტი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ზუსტი გახლდათ შკოდრან მუსტაფის თავური, რომელმაც ერთ წუთში ყოფილ თანაგუნდელ ნიკოლას ოტამენდის საჰაერო დუელი მოუგო და არგენტინელი მეკარის კარი აიღო.

დარჩენილ დროში ორივე გუნდი მოგებას ცდილობდა და ამის გაკეთება ორივეს შეეძლოთ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებს ქულით მოუწიათ დაკმაყოფილება, რაც მათთვის დიდი ვერაფერი შედეგია – 2:2.

“სიტი” 58 ქულით მე-4 ადგილზეა და მომდევნო ტურში ლიდერ “ჩელსის” ეთამაშება გასვლაზე, ხოლო “არსენალი” 51 ქულით მე-6 საფეხურზეა.

დღის მეორე მატჩი აუტსაიდერებს შორის შედგა. “სუონსიმ” “ლიბერთი სთედიუმზე” “მიდლსბრო” მიიღო და ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ.

სუონსი – მიდლსბრო 0:0

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, ფ.ფერნანდესი, მოუსონი, ნოუტონი, ოლსონი, ტ.კეროლი, კორკი, ფერი, ნარსინგი, სიგურდსონი, ჯ.აიუ.
მწვრთნელი: პოლ კლემენტი

მიდლსბრო (4-2-3-1): ვალდესი, გიბსონი, ესპინოსა, ბარაგანი, ფაბიო (ფორშოუ 65), დე როონი, კლეიტონი, გ.რამირესი (ჟესტედი 39), ა.ტრაორე, დაუნინგი, ნეგრედო.
მწვრთნელი: სტივ ეგნიუ

გაფრთხილებები: ფერი, მოუსონი – ფაბიო, ნეგრედო, ჟესტედი
მსაჯი: რობერტ მედლი

არსენალი – მანჩესტერ სიტი 2:2 (1:2)

ლონდონი, “ემირეითს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, კოშელნი (პაულისტა 46), მუსტაფი, მონრეალი, ბელერინი, კოკლენი, ჯაკა, ოზილი, სანჩესი, უოლკოტი (ჟირუ 68), უელბეკი (ივობი 77).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მანჩესტერ სიტი (4-4-1-1): კაბალიერო, ოტამენდი, სტოუნზი, ნავასი, კლიში, სტერლინგი (ტურე 46), დე ბრუინი, სილვა (ზაბალეტა 89), ფერნანდინიო, სანე, აგუერო.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 სანე (5), 1:1 უოლკოტი (40), 1:2 აგუერო (42), 2:2 მუსტაფი (53)
გაფრთხილებები: კოკლენი, ჯაკა, მუსტაფი – ნავასი, ფერნანდინიო
მსაჯი: ანდრე მარინერი

0.119696