ფეხბურთი

20:57 | 30.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავით მახარაძე 27 წლის წინანდელ მოვლენაზე: "30 მარტი არ დამავიწყდება"

27 წლის წინ, 1990 წლის 30 მარტს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო და გაიმართა პირველი მატჩი: თბილისის "იბერია" (მაშინ ასე ერქვა "დინამოს") გადაჭედილ სტადიონზე ფოთის "კოლხეთს" ეთამაშა და 0:1 წააგო. თამაშს წინ უძღოდა საზეიმო გახსნა, ცეკვა-სიმღერები, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიტყვით გამოსვლა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევა.

WORLDSPORT.GE გთავაზობთ ინტერვიუს მაშინდელი მატჩის ერთ-ერთ მონაწილესთან, "კოლხეთი-1913"-ის ფორვარდ დავით მახარაძესთან. სწორედ მახარაძის ჩაწოდებას მოჰყვა გელა კეტაშვილის ავტოგოლი და ეს ბურთი გადამწყვეტი გამოდგა. დავით მახარაძე ასიანთა კლუბის წევრია: ეროვნულ ჩემპიონატში 101 გოლი აქვს გატანილი. შემდგომში კი მწვრთნელი გახლდათ, მათ შორის, უმაღლესი ლიგის გუდნებში, "კოლხეთი-1913"-სა და "გურიაში".

-გაიხსენეთ, რა უძღოდა წინ ამ მატჩს, როგორი მოლოდინი გქონდათ ფეხბურთელებს...

-რაღაც განსაკუთრებულს ველოდით. ვიცოდით, რომ სავსე ტრიბუნების წინ უნდა გავსულიყავით. თამაშის წინა დღეს ფოთი-თბილისის რეისით გამოვფრინდით და სასტუმრო "აჭარაში" დავბინავდით. იმავე საღამოს "დინამოს" სტადიონზე ვივარჯიშეთ. ასეთი მზადება იყო ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის წინ. "დინამოსი" არ გვეშინოდა, რადგან ფაქტობრივად ნაკრებს წარმოადგენდა და მათთან წაგება დასაძრახი არ იქნებოდა. მახსოვს ზეიმი სტადიონზე და საერთოდ, ის დღე დაუვიწყარია ჩემთვის. ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას, მოვიცადოთ და სხვა დროს გამოვეყოთ საბჭოთა კავშირის პირველობასო. თუმცა, ეს პროცესი გარდაუვალი იყო...

- თამაშის ვიდეოკასეტა შენახული გექნებათ.

- რა თქმა უნდა. ხშირად მომივლის ხოლმე ნოსტალგია და ვუყურებ. აი, დღეს დამირეკა მამუკა ბაჯალაძემ, რომელმაც ასევე ითამაშა იმ მატჩში. დამირეკა და მითხრა, გილოცავო... თან დააყოლა, აბა თუ იცი, რას გილოცავო. მეც მივულოცე და ვუთხარი, 30 მარტი სულ მახსოვს-მეთქი.

- კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენად დაგიფასათ ეს გამარჯვება?

- საერთოდ, მოგებაზე 600 მანეთი იყო პრემია, მაგრამ ამ თამაშის შემდეგ, 1000 მანეთი მოგვცეს. თამაშის წინ კი, როგორც გითხარით, თვითმფრინავით გვამგზავრეს და იდეალურ პირობებში მოგვამზადეს.

- თამაშის სცენარზე: როგორ მოხდა, რომ ასეთ მეტოქეს მოუგეთ? რის ხარჯზე?

- მასპინძლები ნერვიულობდნენ. ეტყობოდათ, ჩქარობდნენ და არ გამოსდიოდათ თამაში. ჩვენ რომ დავწინაურდით, მერე უფრო ვიგრძენით ძალა და უკეთ ავთამაშდით. ბევრი ამბობდა, რომ სათანადოდ არ შეგვაფასეს და ეგონათ, რომ დიდი ანგარიშით მოგვიგებდნენ. თუმცა საკმარისი დრო ჰქონდათ ანგარიშის გასათანაბრებლად და მერე მოსაგებადაც.

- პირველი ეროვნული ჩემპიონატი გამორჩეული იყო სათამაშო დონითაც. როგორ გაიხსენებდით იმ სეზონს?

- მართლაც მაგარი იყო პირველი და მეორე ჩემპიონატიც. პირველ სეზონში მახსოვს, მეხუთეზე გავედით. საწყისი ტურების დროს ფოთში სტადიონის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა და ამიტომ სტუმრად ჩავატარეთ ხუთი მატჩი, საიდანაც ოთხი მოვიგეთ. უცნაურია და ფოთში პირველივე თამაში წავაგეთ - რუსთავის "გორდასთან". მინდა, სიყვარულით გავიხსენო ჩვენი მაშინდელი გუნდი, მწვრთნელები: ჯონი ჯანელიძე და მისი თამაშემწე თეიმურაზ ტყებუჩავა. ფეხბურთელები, მთლიანი შტაბი. ისე, 1990 წელს უცებ მოხერხდა ჩემი ფოთის "კოლხეთი-1913"-ში გადასვლა.

- რატომ უცებ?

- ფოთელი ვარ და ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება რომ გადაწყდა, არ გამოდიოდა, მშობლიური ქალაქის გუნდში უნდა მეთამაშა. მანამდე სამი სეზონი ბათუმის "დინამოში" ვიყავი, საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში ვთამაშობდი. 1989 წლის ბოლოს კი ქუთაისის "ტორპედოში" გადავედი, რომელიც იმ წელს მეორე ლოგიდან პირველში გადავიდა. ეშერაში გავიარეთ კიდეც შეკრება "ტორპედოსთან" ერთად, მაგრამ როცა ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება გადაწყდა, ფოთში გადმოვედი.

- ეროვნულ ჩემპიონატში 100-იან ნიშნულს გადასცდით გოლების მხრივ.

- დიდწილად, მამუკა კვარაცხელიას დამსახურებაა. კარიერა დავასრულე, მაგრამ "ვითომ" დავასრულე. კვარაცხელიამ მკითხა - იცი, რამდენი გოლი გაქვს გატანილიო? არ ვითვლიდი, არ ვიცოდი. მითხრა, 94 გაქვს, ცოტაც და ასზე ახვალო. ლანჩხუთის "გურიაში" ვიყავი, თამაში გავაგრძელე და მართლაც 100-ს გადავცდი. ეს 2000 წელს იყო, 36 წლისამ დავასრულე კარიერა.

30 მარტი. 1990. "დინამოს სტადიონი"

იბერია (თბილისი) - კოლხეთი-1913 (ფოთი) 0:1

იბერია: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ცაავა, რევიშვილი, გურული, კაჭარავა

შეცვლაზე შევიდნენ: გ. ჯიშკარიანი, ჩიქოვანი

მწვრთნელი: დავით ყიფიანი

კოლხეთი 1913: გვასალია, კურგენიანი, ქაჯაია, გიორგაძე, გიგატაძე, შამათავა, თოფურია, მახარაძე, ჯუღელი, თვარაძე, ავრამიდისი

შეცვლაზე შევიდნენ: თიბილაშვილი, ინიაშევი, ბაჯალაძე

მწვრთნელი: ჯონი ჯანელიძე

გოლი: 0:1 კეტაშვილი (19 საკ. კარში)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14392