ფეხბურთი

23:42 | 28.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

სასიხარულო და სასიამოვნო - ოღონდ, არა საეიფორიო (+VIDEO)

თამაშიც კარგი იყო და ანგარიშზე ხომ საუბარი ზედმეტია. ბოლოს თბილისში 2015 წლის შემოდგომაზე გვქონდა მოგებული - გიბრალტართან 4:0. ამაზე დიდი ანგარიშით კიდევ რამდენჯერმე მოგვიგია, ხუთბურთიანს კი ბოლოს 2006 წლის აგვისტოში ავცდით: ფარერის კუნძულებს გასვლაზე 6:0 ვძლიეთ. ბარემ სომხეთთან 7:0 გამარჯვებაც გავიხსენოთ, თუმცა ეს 20 წლის წინ იყო. უფრო ადრე, 23 წლის წინ კი უელსი გვყავს ზუსტად "ლატვიური" ანგარიშით დამარცხებული.

ლატვიასთან ამხანაგურ თამაშს დატვირთვები ჰქონდა: 1. სერბეთთან მარცხის შემდეგ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საჭირო იყო გამარჯვება; 2. ვლადიმირ ვაისს ახალი ფეხბურთელები უნდა ენახა საქმეში და საინტერესო იყო, ვინ როგორ გამოიჩენდა თავს.

ჯანო ანანიძემ და ნიკა კვეკვესკირმა ლიდერებად წარმოაჩინეს თავი. ჯანომ ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა, კვეკვესკირს კი, რისი გაკეთებაც მინდორზე შეიძლებოდა, ყველაფერი გამოსდიოდა - ნახევარდაცვის ცენტრი დაპყრობილი ჰქონდა. ანანიძის მეორე გოლი იყო ლამაზი, 20-22 მეტრიდან რომ გაიტანა. ავსტრიასთან შარშან გატანილს ჰგავდა...

გიორგი ქვილითაიამ ორი მშვენიერი გოლი გაიტანა. ორივე კუთხურს მოჰყვა: ჯერ ანანიძის ჩაწოდებულს ფეხი ოსტატურად წაჰკრა, მერე კი გიორგი არაბიძის ჩაწოდებულს თავური შეაგება. ვენის "რაპიდის" ფორვარდმა ეროვნულ ნაკრებში თავისი პირველი და მეორე გოლი გაიტანა.

მარტო ქვილითაია? ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა 19 წლის გიორგი არაბიძემაც. თავად გამოიმუშავა საჯარიმო და დაბალი დარტყმით 5:0 აანთებინა ტაბლოზე. არაბიძე ახალ თაობაში გამორჩეული ქართველი ფეხბურთელია, იმედით ვუყურებთ და ნეტავ, ავანსები გაამართლოს.

შეტევის მარჯვენა ფლანგზე იყო ჯაბა ჯიღაური და მასაც წაუვიდა თამაში. თავიდან მარცხნიდან უტევდა ანანიძე, თუმცა ვაკო გვილიამ პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და ვაისმა ჯანო ცენტრში შემოსწია, შეცვლაზე შესული ოთარ კიტეიშვილი კი უფრო წინ დააყენა, ოდნავ მარცხენა ფლანგზე გადაწეული. წინ ყველამ კარგად ითამაშა და არც კიტეიშვილი იყო გამონაკლისი...

კარში გიორგი მაკარიძე იდგა და ბევრი საქმე არც ჰქონია. მის კარს რეალურად ერთხელ დაემუქრნენ და ისიც ახლოდან არაზუსტი დარტყმით დასრულდა. დემორალიზებულები იყვნენ ლატვიელები, უბურთოდ სირბილისგან დაიქანცნენ. საქართველომ 24 მარტს ითამაშა სერბეთთან, ლატვიამ კი 25-ში შვეიცარიასთან. ალბათ, ესეც მოქმედებდა, ამ მცირე მონაკვეთში ერთ დღესაც მნიშვნელობა აქვს.

დებიუტანტებზე. კიტეიშვილზე დავწერეთ, ასევე პირველად ითამაშეს ნაკრებში დავით ხოჭოლავამ და ჯიმი ტაბიძემ. ხოჭოლავა ურიგოდ არ გამოიყურებოდა, ტაბიძეს კი მცირე დრო დაეთმო და რთულია შეფასება.

ვაისმა პრესკონფერენციაზე დებიუტანტები შეაქო, მაგრამ ისიც დაამატა, შესარჩევში ნაცადი შემადგენლობის შეცვლის საბაბი არ მაქვსო. თუმცა ვაისი მწვრთნელია, თანაც კარგი და გამოცდილი მწვრთნელი: მისი სიტყვა ძვირად ფასობს და იცის, რომ 5:0-მა შეიძლება ეიფორია გამოიწვიოს ზოგიერთ ფეხბურთელში... ამიტომაც მოერიდა რომელიმე დებიუტანტის ძირითად შემადგენლობაში დაწინაურებაზე საუბარს.

საეფიორიოდ ნამდვილად არაა საქმე. სასიხარულოა ასეთი გამარჯვება, თამაშიც კარგი იყო, მაგრამ ძალიან ბევრი სამუშაოა და ვაისსაც საფიქრალის მეტი რა აქვს...

28 მარტი. "დინამო არენა". ამხანაგური მატჩი

საქართველო - ლატვია 5:0 (2:0) VIDEO

საქართველო: მაკარიძე, ლობჟანიძე, კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი (ტაბიძე 77), ჯიღაური (არაბიძე 62), ანანიძე (ყაზაიშვილი 83), კვეკვესკირი, გვილია (კიტეიშვილი 36), ქვილითაია (კაჭარავა 77), დვალიშვილი (კობახიძე 62)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ლატვია: ვანინსი (სტეინბორსი 46), დ. იკაუნიეკსი, მაქსიმენკო, ლაიზანსი (ლაზინსი 80), ვისნაკოვსი (რაკელსი 46), სოლოვიოვსი, გორკსი, ჟ. იკაუნიეკსი, იაგოდინსკისი (ოსი 46), კარლსონსი (შაბალა 46), კლუსკინსი (ლუკიანოვსი 65)

მწვრთნელი: მარიანს პაჰარსი

გოლები: 1:0 ანანიძე (18 პენ), 2:0 ქვილითაია (33), 3:0 ქვილითაია (66), 4:0 ანანიძე (76), 5:0 არაბიძე (89)

გაფრთხილება: დვალიშვილი (36), კლუსკინსი (57), დ. იკაუნიეკსი (58), მაქსიმენკო (67), ხოჭოლავა (74), კიტეიშვილი (84), ჟ. იკაუნიეკსი (84)

მსაჯი: ბალიანი (სომხეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.283908