ფეხბურთი

14:51 | 28.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: მხოლოდ ლამაზი თამაში არაფერს მოგვცემს, გულშემატკივარი გამარჯვებით უნდა გავახაროთ“

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი ამბობს, რომ ლატვიასთან დღევანდელ მატჩში გუნდი ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის და ქომაგთა წინაშე რეაბილიტაციისთვის.

"საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტირების შანსი გვაქვს. ამასთან ერთად, ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცემა შანსი ამხანაგურ მატჩში თავის გამოჩენის და რა თქმა უნდა, თითოეული სანაკრებო თამაში მათთვის მნიშვნელოვანია. ფეხბურთელებმა ერთმანეთში მოვილაპარაკეთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ თამაშს, პირველ ყოვლისა გულშემატკივართან რეაბილიტირებისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ და გავიმარჯვოთ და ის ხალხი, რომელიც ჩვენით უკმაყოფილო დარჩა სერბეთთან თამაშის შემდეგ, ჩვენსკენ შემოვატრიალოთ.

ლატვია დისციპლინირებული გუნდია, რომელიც დაცვაში ძალიან კომპაქტურად თამაშობს და სახიფათოა კონტრშეტევების დროს. თეორიულად ჩვენ განვიხილეთ ჩვენი მეტოქე და ვიცით მისი სუსტი და ძლიერი მხარეები და შევეცდებით ეს ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

რა თქმა უნდა, რთულია მორიგი იმედგაცრუება, გაორებული შთაბეჭდილება დატოვა სერბეთთან მატჩმა. თითქოს პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ფაქტია, რომ თამაშის ხარისხის მიუხედავად შედეგი არ გვაქვს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში შედეგი დავდოთ. ეს ნაკრებია და მხოლოდ კარგი და ლამაზი თამაში არაფერს მოგვცემს, მთავარია შედეგი და გულშემატკივრების გახარება. მთავარია, გავერთიანდეთ მიზნის გარშემო ყველანი, როგორც გულშემატკივრები, ასევე ფეხბურთელები, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებას" - ციტირებს კვეკვესკირის სიტყვებს სფფ-ის ოფიციალური ვებგვერდი.

საქართველოსა და ლატვიის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური მატჩი დღეს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11677