ფეხბურთი

21:52 | 27.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერან ფეხბურთელთა განცხადება ანდრო ჟორდანიას სახელობის ბაზასთან მიმდებარე მშენებლობასთან დაკავშირებით

თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელ ბაზასთან მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ და განცხადებითაც მიმართეს სახელმწიფო სტრუქტურებსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, აღნიშნული მშენებლობის შეჩერების მიზნით.

კერძოდ, აღნიშნული განცხადება საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანების სახელითაა დაწერილი და იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს, ქალაქ თბილისის მერ დავით ნარმანიას, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის მიხეილ ყაველაშვილსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს გადაეგზზავნათ.

აქვე, უცვლელად გთავაზობთ საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანების განცხადებას:

„ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელი ბაზა დგას სერიოზული საფრთხის წინაშე, რომ დაკარგოს რეალური სახე და ფუნქცია. როგორც მოგეხსენებათ, მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება ორი მაღალსართულიანი კორუპის, რომელიც მომავალში შეუძლებელს გახდის ბაზის ფუნქციონირებას, სადაც წლების განმავლობაში არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი აღიზარდა. ვეტერანი დინამოელები ვართ სწორედ ის ადამიანები, ვინც ყველაზე კარგად ვიცით იმ ადგილის მნიშვნელობა, რომლის გარეშეც არ იქნებოდა ის ისტორიული გამარჯვებები, რითაც დღემდე ამაყობს ქართველი ხალხი. გთხოვთ, ნუ შევწირავთ კერძო ინტერესებს, სახელოვან გამარჯვებებსა და მონაპოვარს, რომელსაც ქართველმა ფეხბურთელებმა ამ ბაზაზე დაუღალავი შრომითა და თავდადებით მიაღწიეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ თაობას ისევ მიეცემა ამ მინდვრებზე ვარჯიშისა და ქართული საფეხბურთო ტრადიციების გაგრძელების საშუალება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ვეტერანი ფეხბურთელები: მურთაზ ხურცილავა, ვახტანგ ქორიძე, გელა კეტაშვილი, ოთარ გაბელია, ალექსანდრე ჩივაძე, თამაზ კოსტავა, ნოდარ ხიზანიშვილი, დავით მუჯირი, შოთა ხინჩეგაშვილი, გია თავაძე, ნუკრი კიკალიშვილი, ვლადიმერ გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, გიორგი ჭილაია, ზორბეგ ებრალიძე, დავით გოგია, ლევან ნოდია, გიორგი მაჩაიძე, ანზორ გაბიტაშვილი, ფირუზ კანთელიძე, ვაჟა ჟვანია, რევაზ ძოძუაშვილი, ბესარიონ მჭედლიშვილი.

0.144999