ავტოსპორტი

2:20 | 27.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

TCR-ის საერთაშორისო სერიის მონაწილეთა სია გამოქვეყნდა

სანამ მელბურნში ფორმულა 1-ის ახალი სეზონის პირველი ეტაპი გაიმართებოდა, TCR-ის საერთაშორისო სერიამ, თავისი მესამე სეზონის მონაწილე გუნდების და პილოტების სია გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ სერიის პირველი ეტაპი 2 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე გაიმართება და მასში ქართველი დავით ქაჯაია იასპარეზებს.

დათა ახალი სეზონიდან ახალ გუნდში გადავიდა და რბოლებში „ალფა რომეო ჯულიეტათი“ მიიღებს მონაწილეობას. დათას ახალი გუნდია „GE-ფორსი“, სადაც მისი თანაგუნდელი იქნება ძველი მეტოქე, სერბი დუშან ბორკოვიჩი. ბორკოვიჩი გამოცდილი პილოტია და პილოტირების აგრესიული მანერით გამოირჩევა. გასულ სეზონში ის „სეატ ლეონით“ ასპარეზობდა. ცნობისათვის, რამდენიმე საწყის ეტაპზე, მათი „ჯულიეტა“ 1.7-ლიტრიანი ძრავით იქნება აღჭურვილი, მეტოქეების განკარგულებაში კი 2.0-ლიტრიანი აგრეგატებია.

საერთაშორისო სერიაში მონაწილეობისთვის განაცხადი სულ 20 პილოტს მოიცავს, რომელთაგან რამდენიმეს ვინაობა ჯერ დადგენილი არაა და ისინი ჩემპიონატს მოგვიანებით შეუერთდებიან. მათ განკარგულებაში შვიდი ბრენდის მიერ მომზადებული სარბოლო ავტომობილებია. TCR-ის დებიუტანტები არიან „აუდი“ და „კია“. მოგვიანებით შესაძლოა რბოლებში „პეჟოს“ და „ჰიუნდაის“ ავტომობილებიც გამოჩნდეს.

„TCR-ის საერთაშორისო სერია თავის მესამე სეზონს კიდევ უფრო გაზრდილი ხვდება. ჩვენ მოხარულნი ვართ მასში ახალი ბრენდების ჩართვით, როგორებიცაა „აუდი“ და „კია“. გვყავს ახალი გუნდები. ასევე გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა ევროპული თასის ფორმატი და მისი რამდენიმე მონაწილე, საერთაშორისო სერიის ზოგიერთ ეტაპზე იასპარეზებს“, - ამბობს სერიის დამაარსებელი და პრომოუტერი მარჩელო ლოტი.

რუსთავის ეტაპზე 16 პილოტი იასპარეზებს, მეორე ეტაპზე კი, რომელსაც ბაჰრეინის სახირის ტრეკი, ფორმულა 1-თან ერთად უმასპინძლებს, 18 პილოტი გამოვა. სრული შემადგენლობა TCR-ის მესამე ეტაპზე, ბელგიის სპა ფრანკორშანზე გამოვა. ლოტის თქმით, პირველ ორ ეტაპზე პილოტების ნკლებობას ობიექტური მიზეზი აქვს - ეგრეთ წოდებული „ეფექტურობის ბალანსის“ ტესტები (რომლებზეც მოდელების შესაძლებლობათა შესაბამისად, მათი ბალასტით დატვირთვის პორციები განისაზღვრა) გვიან გაიმართა, რამაც გუნდებს მზადების პროცესი გაურთულა. ამის გამო, რუსთავში და ბაჰრეინში რამდენიმე გუნდი მეორე მანქანის ჩაყვანას ვერ ასწრებს.

სერიის მოქმედმა ჩემპიონმა, შვეიცარიელმა სტეფანო კომინიმ გუნდი და მანქანა შეიცვალა და თავისი ტიტულის დაცვას „კომტოიუ რეისინგის“ „აუდი RS3 LMS-ით“ ეცდბა. მისი ადგილი „ლეოპარდში“ (ფოლკსვაგენი) ახლაც თავისუფალია და ის ბელგიური ეტაპისთვის შეივსება. რუსთავში ერთი მანქანით იქნებიან „კომტოიუ რეისინგიც“ და „იკარუს მოტორსპორტიც“. სამწუხაროდ, რუსთავში ვერც „ზენგო მოტორსპორტის“ „კია სიი’დ-ებს“ ვიხილავთ.

TCR-ის საერთაშორისო სერიის გუნდები და პილოტები

ნომერი, პილოტი (ქვეყანა, გუნდი) მანქანა

N1 სტეფანო კომინი (შვეიცარია, კომტოიუ რეისინგი) აუდი

N2 ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ლეონარდ რეისინგი) ფოლკსვაგენი

N3 მოგვიანებით გამოქვეყნდება (ლეონარდ რეისინგი) ფოლკსვაგენი

N5 რობერტო კოლჩაგო (იტალია, M1RA) ჰონდა

N6 მოგვიანებით გამოქვეყნდება (კომტოიუ რეისინგი) აუდი

N7 უგო ვალენტე (საფრანგეთი, ლუკოილ კრაფტ-ბამბუ) სეატი

N9 ატილა ტაში (უნგრეთი, M1RA) ჰონდა

N10 ჯანი მორბიდელი (იტალია, ვესტ ქოუსტ რეისინგი) ფოლკსვაგენი

N11* იენს რენო მიოლერი (დანია, რენო რეისინგი) ჰონდა

N16 დავით ქაჯაია (საქართველო, GE-ფორსი) ალფა რომეო

N18 დანკან ენდე (აშშ, იკარუს მოტორსპორტსი) სეატი

N21 ჯაკომო ალტოე (იტალია, ვესტ ქოუსტ რეისინგი) ფოლკსვაგენი

N23 პიერ-ივ კორტალსი (ბელგია, DG სპორტი) ოპელი

N31* მილოვან ვესნიჩი (სერბეთი, ASK ვესნიჩი) აუდი

N34* სტიან პაულსენი (ნორვეგია, სტიან პაულსენ რეისინგი) სეატი

N54 ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, ლუკოილ კრაფტ-ბამბუ) სეატი

N55 ფერენც ფიშა (უნგრეთი, ზენგო მოტორსპორტი) კია

N62 დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, GE-ფორსი) ალფა რომეო

N70 მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, DG სპორტი) ოპელი

N74 პეპე ორიოლა (ესპანეთი, ლუკოილ კრაფტ-ბამბუ) სეატი

N75 მოგვიანებით გამოქვეყნდება (ზენგო მოტორსპორტი) კია

-. პილოტი უცნობია (იკარუს მოტორსპორტი) სეატი

-. პილოტი უცნობია (ზელე რეისინგი) სეატი

შენიშვნა: * - TCR-ის ევროპული თასის მონაწილე

სარბოლო მოდელების სრული სახელები:

აუდი RS3 LMS

ფოლკსვაგენ გოლფ GTi TCR

ჰონდა სივიკ TCR

ალფა რომეო ჯულიეტა TCR

ოპელ ასტრა TCR

კია სიი’დ TCR

0.117774