ფეხბურთი

2:30 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “გაბრაზებული ვარ და მარცხი ჩვენი ბრალია”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია სერბეთთან წაგებული მატჩის (1:3) შემდგომ, ჟურნალისტებს შეხვდა და დასმულ შეკითხვებზე უპასუხა.

29 წლის ფეხბურთელის თქმით, “ჯვაროსნების” მარცხი მათმა შეცდომებმა გამოიწვია და ამაში დამნაშავე მხოლოდ ფეხბურთელები არიან.

- შეაფასეთ შეხვედრა

- დამწუხრებული, უფრო სწორად კი, გაბრაზებული ვარ, რადგან ჩვენ ფეხბურთელებმა ვაჩუქეთ მეტოქეს ეს თამაში. გვინდოდა, რომ ყველაფერი პირველ ტაიმში დაგვემთავრებინა, თუმცა მომენტები ვერ გამოვიყენეთ და სამი ქულა გავანიავეთ. ამაში მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ. ეს არც მწვრთნელის, არც გულშემატკივრების და არც არავის ბრალია. დამნაშავე მხოლოდ ჩვენ ვართ.

- რა არის მარცხის მთავარი მიზეზი? რა დაგაკლდათ წარმატებისთვის?

- როდესაც ასეთ მომენტებს ქმნი, ის უნდა გამოიყენო და გოლები ასე მარტივად არ უნდა გაუშვა.

- მწვრთნელის დავალება რა იყო? მეორე ტაიმში უფრო ინერტულები იყავით და მწვრთნელმა დაცვიდან თამაში დაგავალათ?

- პირველ ტაიმშიც ველოდებოდით, თუ როდის დაუშვებდა შეცდომას სერბეთი. მართალია, მათი ერთი შეცდომა გამოვიყენეთ, თუმცა გაცილებით მეტის გაკეთება გვმართებდა. მწვრთნელს უკან დახევაზე არაფერი უთქვამს. პირიქით, ვეცადეთ, რომ სათამაშო ინიციატივა მოგვეპოვებინა, თუმცა მეორე ტაიმში ეს აღარ გამოვიდა.

- მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჩვენი ნაკრები ერთი ტაიმის განმალობაში მაღალ დონეზე გამოიყურება, თუმცა მეორე ტაიმს აშკარად აგდებს. რა არის ამის მიზეზი?

- ჩემი აზრით, როდესაც გოლს ვუშვებთ, ამის შემდგომ ან კარგად ვიწყებთ თამაშს ან ცუდად. ყოველთვის რთულია, როდესაც პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გოლს უშვებ, რადგან გასახდელში გაშვებული ბურთით შედიხარ და ეს ძალიან ცუდი ფაქტორი იყო დღევანდელ მატჩში.

- ფსიქოლოგიური პრობლემები ხომ არ აქვს ნაკრებს?

- არა, ფსიქოლოგიური პრობლემები არ გვაქვს. შეიძლება ფიზიკურ მონაცემებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ფსიქოლოგიური პრობლემა არ გვაწუხებს.

- ლატვიასთან გასამართ ამხანაგურ მატჩზე რას იტყვით?

- ალბათ ახალგაზრდა მოთამაშეები ითამაშებენ. ამხანაგური მატჩია და ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა თავის გამოსაჩენად. ვინც ვთამაშობთ, ვერ ვიგებთ თამაშს და ამიტომ, ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ თამაშის საშუალება.

სამწუხაროა ამის თქმა რომ გვიწევს, მაგრამ გურამ კაშია საქართველოს ნაკრების ალბათ ერთადერთი წევრია, რომელიც თამაშის შემდგომ, დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, ინტერვიუზე არასდროს ამბობს უარს. დღეს ჟურნალისტებთან სასაუბროდ მხოლოდ ორი ქართველი გაჩერდა: არნემის “ვიტესის” კაპიტანი და გოლის ავტორი ნიკა კაჭარავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132192