კალათბურთი

18:15 | 24.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას "ბასკონიამ" წაუგებელი სერია "პანათინაიკოსთან" შეწყვიტა

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“, რომელმაც ევროლიგაში ბოლო 4 მატჩი მოიგო და საპლეიოფო ზონაში გამაგრდა, გასულ ტურში წააგო. ვიტორიელებმა “პანათინაიკოსს” უმასპინძლეს და პირველი მეოთხედი 6:24 წააგეს. მართალია, შემდგომში „ბასკონიამ“ სხვაობის შემცირება მოახერხა, თამაშის გადარჩენა ვეღარ შესძლო – 63:72.


ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, თუმცა, მთავარი მწვრთნელი სიტო ალონსო ნაკლებად ენდო და მოედანზე მხოლოდ 16:57 წუთი დატოვა.

აღნიშნულ დროში თოკომ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.


ესპანური კლუბის რიგებიდან ათქულიან ზღვარს უნგრელი ადამ ჰანგა (13), გერმანელი იოჰანეს ვოიგტმანი (12) და ამერიკელი ჩეიზ ბადინგერი (11) ასცდნენ, “პანათინაიკოსს” კი 18 ქულით ამერიკელმა კრის სინგლტონმა ულიდერა.


“ბასკონიას” 16 მოგება და 12 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილამდე დაქვეითდა, თუმცა კი, პლეი-ოფში თამაში განაღდებული აქვს. შენგელიას გუნდს მომდევნო შეხვედრა 31 მარტს, სტამბულში, “გალათასარაისთან” ელის.

gbf.ge

0.133793