სხვა

0:12 | 24.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირმა ხეცურიანი და ნინი თიბილაშვილი ქართული სპორტის მუზეუმს სტუმრობდნენ

პარამოფარიკავეებმა ირმა ხეცურიანმა და ნინი თიბილაშვილმა იტალიის ქალაქ პიზაში გამართულ მსოფლიოს თასზე წარმატებით იასპარეზეს - ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გათამაშების ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა, თიბილაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ხეცურიანმა რაპირაში მოპოვებულ ბრინჯაოს, ხმალში ოქროს მედალიც მიამატა და სამშობლოში ორი მედლით დაბრუნდა. ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში გერმანელი მეტოქე დამაჯერებლად 15:4 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ეს ირმა ხეცურიანის მეხუთე ოქროა კარიერაში. სპორტსმენებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა.

შეხვედრას ესწრებოდა პარალიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა და კომპანია BP-ს საქართველოს წარმომადგენლობის გენერალური მენეჯერი კრის შლიტერ. შეგახსენებთ, კომპანია BP არაოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორია და ახლახანს კომპანიასა და საქართველოს ეროვნულ პარალიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობა 2020 წლის ჩათვლით ოფიციალურად გაგრძელდა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა პარამოფარიკავეებმა, იტალიაში მსოფლიოს თასზე. მინდა მივულოცო ეს წარმატება სპორტსმენებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს. ამ ადამინებთან ერთად იქმნება დიდი ისტორია, წარმატების ისტორია, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქართული სპორტის ისტორიაში. ამ ადამიანების საქმიანობა არის მისაბაძი და გადამდები ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობებისთვის. დარწმუნებული ვარ პარალიმპიური მოძრაობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, რეგიონებშიც აქტიურად მოხდება პარასპორტსმენების ჩართულობა სპორტის სხვადასხვა სახეობებში, არაერთ ჩემპიონს გავზრდით და მომავალ ოლიმპიადაზე ბევრად წარმატებულები ვიქნებით".

ირმა ხეცურიანი:" ტურნირი საკმაოდ რთული გამოდგა. გამარჯვება იოლი არ ყოფილა, მაგრამ კარგად ვიყავით მომზადებულები. სამშობლოში მედლით და თასით დავბრუნდი, სასიამოვნოა მინისტრთან შეხვედრა და ემოციების გაზიარება, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ჩვენს წარმატებას, შრომას გულწრფელად აფასებს. დიდი მადლობა ყველას ასეთი თბილი სიტყვებისთვის, მხარდაჭერისთვის".

ნინი თიბილაშვილი:" სიმართლე გითხრათ მედლის მოპოვებას ველოდებოდი, რადგა წინა ტურნირებზე მედლის მოპოვება უკვე მოვახერხე. თუმცა, სპორტში წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ რა მოხდება. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, ამასთან ვიმედოვნებ, რომ მომავალში შედეგს გავაუმჯობესებ და ვერცხლის და ოქროს მედალს ჩამოვიტან".

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.111901