სხვა

23:30 | 23.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მთავრობამ ოლიმპიური პრემიები გაზარდა

რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ქართველი მედალოსნები სახელმწიფოსგან დამატებით პრემიებს მიიღებენ. საქართველოს სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროს წარდგინებით, დღეს, მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თანხა და უახლოეს დღეებში ოლიმპიურ ჩემპიონებს 100-100 ათასი ლარი ჩაერიცხებათ, ვერცხლის პრიზიორს - 75 ათასი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს – 50-50 ათასი.

"რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ჩემპიონებს პრემიის სახით 170 ათასი ლარი გადაეცათ. მაშინვე ითქვა, რომ მათ კიდევ ერთი პრემია ჩაერიცხებოდათ და ასეც მოხდა. ოლიმპიური ჩემპიონები ყოველთვიურად, სპორტის სამინისტროსგან იღებენ ხელფასს 5 ათასი ლარის ოდენობით. კიდევ ათას ლარს, ოლიმპიური ჩემპიონობისთვის და 3 ათას ლარს „ქართუსგან". წლიური შემოსავალი 108 ათასი გამოდის. ოლიმპიური ციკლის ბოლომდე – 432 ათასი. ამას დავუმატოთ პრემიები და მგონი ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ თითქოს საქართველოში სპორტსმენებს ოლიმპიური წარმატება სათანადოდ არ დაუფასდათ” – უთხრა worldsport.ge-ს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ჩაკვეტაძემ.

რიოს ოლიმპიადაზე ქართულმა დელეგაციამ სულ 7 მედალი მოიპოვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ძალოსანი ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანს უმაღლეს ტიტულამდე ერთი მოგება დააკლდა და შესაბამისად, ვერცხლს დასჯერდა. ასევე ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა, ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

0.129846