ფეხბურთი

19:44 | 23.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ღია რეგიონული ლიგა დაიწყო

სხვა ლიგების კვალდაკვალ, მიხეილ მესხი-უმცროსის სახელობის ღია ლიგაც დაიწყო: რანგით მეხუთე, სადაც ახალშექმნილი კლუბები, ან შარშან გავარდნილები შეიკრიბნენ. 9 კლუბია და ზედა ლიგაში ორი გუნდი გადავა. ღია ლიგა თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ტარდება.

პირველი ტურში ასეთი ანგარიშები დაფიქსირდა: ალგეთი2 (მარნეული) - სპაერი (თბილისი) 0:3; იბერია დიდი ლილო (თბილისი) - შავნაბადა (თელეთი) 1:3, დიდუბე 2014 (თბილისი) - ფარავანი (ნიმოწმინდა) 4:0, თბილისი - სამაჩაბლო (ცხინვალი) 7:0. მეცხრე გუნდია მარკ სტარსი2, რომელიც ამ ტურში ისვენებდა.

ეს ცხრა გუნდი სამ წრედ ითამაშებს,ანუ სულ 24 ტური იქნება. გარდა ამისა, თბილისის ფეხბურთის ფედერაცია ამგუნდებს შორის ჩაატარებს რამაზ შენგელიას ხსოვნის თასსაც და გამარჯვებული გაისად დავით ყიფიანის სახელობის თასზე დაიშვება.

ღია ლიგის გუნდებში უმაღლეს ლიგაში ნათამაშები არაერთი ფეხბურთელია. მაგალითად, "სამაჩაბლოში" ითამაშა ქრისტეფორე შატაკიშვილმა, რომელიც გორის "დილას" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. მისმა გუნდმა სტუმრად 0:7 წააგო "თბილისთან". რაც შეეხება "თბილისს", ახალგაზრდული გუნდია, მეტწილად 1995 და 1997 წელს დაბადებულებით, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელებით. უმრავლესობა "ლოკომოტივში" თამაშობდა: ამირან გუგუშვილი, ლაშა კვარაცხელია, სანდრო შინჯიკაშვილი, შალვა ნონიაშვილი, გიორგი შავაძე, გიორგი ღვინაშვილი... 17-წლამდე ნაკრების მეკარე იყო რომან ტურავა ("ზესტაფონში" გახლდათ).

კარგი გუნდები ჰყავთ "სპაერს" და "დიდუბე 2014"-ს (ახალგაზრდული გუნდია), ანგარიშგასაწევი იქნება "მარკ სტარსი2"-იც. "სპაერს" წვრთნის კახა მაისურაძე, ხოლო ლევან ჩხაიძე მოთამაშე-მწვრთნელი იქნება. ამ ლიგის კვალობაზე, უდავოდ კარგი ფეხბურთელები არიან ზურაბ ტიელიძე, გიორგი ბაგალიშვილი...

როგორც ხედავთ, პირველ ტურში სამმა გუნდმა დიდი ანგარიშით მოიგო: "თბილისმა", "სპაერმა" და "დიდუბე-2014"-მა. სხვათა შორის, ამ გუნდებმა ამხანაგურებში თავისზე ერთი ლიგით ზემოთ მდგომ გუნდებსაც მოუგეს, თანაც, ზოგიერთ შენთხვევაში დიდი ანგარიშებიც გამოერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119585