კალათბურთი

9:50 | 22.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულიას 1001 მატჩი და გამარჯვება დალასში

ზაზა ფაჩულია იმ ქალაქში ჩავიდა სათამაშოდ, რომლის გუნდშიც 13-წლიანი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი გაატარა. წინა სეზონში ფაჩულია „დალას მავერიკსში“ საშუალოდ ორმაგ დუბლს ითვლიდა და დირკ ნოვიცკისთან ერთად გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რის შემდეგაც მას კონტრაქტი „გოლდენ სტეიტმა“ შესთავაზა და მიუხედავად სხვა, ძვირადღირებული შემოთავაზებებისა, ქართელი ცენტრი ოკლენდურ გუნდში გადავიდა.

ტეხასიდან წასვლის შემდეგ ფაჩულია დღეს პირველად ჩავიდა დალასში და „გოლდენ სტეიტს“ გამარჯვებაში დაეხმარა. ქართველმა ცენტრმა დღევანდელ შეხვედრაში მნიშვნელოვან ზღურბლს გადააბიჯა. „დალასთან“ მატჩი ზაზასთვის 1001-ე იყო ნბა-ში მის 13-წლიან კარიერაში. ფაჩულიას 950 რეგულარული ჩემპიონატისა და 51 პლეი ოფის მატჩი აქვს ჩატარებული ნბა-ს 5 გუნდის - „ორლანდოს“, „მილუოკის“, „ატლანტას“, „დალასის“ და „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში“.

დღევანდელ მატჩში ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო. ზაზამ 14 წუთი ითამაშა და 3-დან სამივე ორქულიანი ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა შეხვედრა 6 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა. დალასელებმა სტუმრებს მხოლოდ პირველ პერიოდში აჯობეს, რომელიც 30:28 მოიგეს. მეორე მეოთხედიდან ინიციატივა ოკლენდელებმა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე უკვე 12 ქულას იგებდნენ. „გოლდენ სტეიტმა“ საბოლოოდ 112:87 იმარჯვა.

ოკლენდელთაგან 23 ქულით საუკეთესო იყო კლეი ტომპსონი. 17 ქულა და 9 პასი სტეფ კარიმ მიითვალა. 18 ქულა სათადარიგო იან კლარკმა მოაგროვა. დალასელთაგან საუკეთესო იყო ვეტერანი დირკ ნოვიცკი, რომელმაც შეხვედრა 16 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა.

დალასში წარმატება ოკლენდელებისთვის ზედიზედ მე-6 გამარჯვება იყო, რამაც ფაჩულიას გუნდს ლიდერობა გაუმყარა. „გოლდენ სტეიტს“ უკვე 57 მოგება და 14 მარცხი აქვს. მომდევნო მატჩს „უორიორსი“ 25 მარტს შინ, თანაშტატელ „საკრამენტოსთან“ გამართავს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113706