კალათბურთი

10:19 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება ოკლაჰომაში

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ ოკლაჰომა სიტიში „სანდერი“ დაამარცხა და წარმატებული სერია 4 მატჩამდე გაზარდა. ამით ოკლენდელებმა „ოკლაჰომას“ 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტეს და ეს ისე გააკეთეს, პრობლემა თითქმის არ შექმნიათ. მატჩის ბოლო პერიოდში ყველაფერი გარკვეული იყო და თამაში სათადარიგოებმა ჩაამთავრეს. "გოლდენ სტეიტმა“ შეხვედრა 111:95 მოიგო.

ზაზა ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 14 წუთში 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო. იშტაზე ვერ იყო მისი ოკლაჰომელი ოპონენტი სტივ ადამსი, რომელიც 22 წუთში 9 ქულას და 1 მოხსნას დასჯერდა. რაც შეეხებათ ოკლენდელებს, ლიდერობა კლეი ტომპსონმა და სტეფ კარიმ გასწიეს, რომლებმაც 7-7 სამქულიანი ჩააგდეს. ტომპსონმა 34 ქულა მიითვალა, ხოლო კარიმ - 23.

„ოკლაჰომა სიტის“ ყოფილი ვარსკვლავი, რომელიც სეზონის წინ „გოლდენ სტეიტში“ გადავიდა, დარბაზში იყო, მაგრამ ტრავმის გამო თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა „გოლდენ სტეიტმა“ ისე კარგად ითამაშა, კევინ დიურანტის დახმარება არ დასჭირვებია.

მატჩში ხშირი იყო კონფლიქტები კალათბურთელთა შორის, რის გამოც მსაჯებს ტექნიკური ჯარიმების მიცემა მოუხდათ სტეფ კარისთვის, დრეიმონდ გრინისთვის და ოკლაჰომელებისთვის - სემაი კრისტონისა და რასელ ვესტბრუკისთვის. ამ უკანასკნელმა შეხვედრა 15 ქულით დაასრულა, არადა, „გოლდენ სტეიტთან“ წინა შეხვედრაში 47 ქულა მიითვალა.

„გოლდენ სტეიტს“ 56 გამარჯვების წილ 14 მარცხი მოუგროვდა და ლიგას ლიდერობს. მდევარ „სან ანტონიოს“ 2 მარცხით მეტი და 3 გამარჯვებით ნაკლები აქვს. მომდევნო მატჩი ოკლენდელებს ფაჩულიას ყოფილ გუნდ „მავერიკსთან, 22 მარტს, დალასში ელით.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122084