ფეხბურთი

2:13 | 19.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

არშემდგარი დუელი და მიზანს დაშორებული "ინტერი" (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXIX ტური მილანურმა გუნდებმა გახსნეს – ჯერ “ინტერი” დაუპირისპირდა “ტორინოს”, მერე “მილანი” – “ჯენოას”.

სტეფანო პიოლიმ ფარხმალი დაყარა – ასეთი შინაარსის სათაურებს იტალიურ გამოცემებში მრავლად შეხვდებით. ყოველშემთხვევაში, როგორც “ნერაძურის” თავკაცმა მატჩის შემდეგ თქვა, ჩემპიონთა ლიგის ზონა ახლა “ინტერისგან” უფრო შორსაა და იქ შესვლა ძალიან გაუჭირდება. ძნელია პიოლის არ დავეთანხმოთ. ჩამორჩენა რვა გახდება თუ კვირას “ნაპოლი” თავის მატჩს მოიგებს. “ინტერმა” კი, ტურინში ბევრი მომენტი გაატანა ქარს და ამიტომაც მოუწია სახლში კინკილა ქულით დაბრუნება. არადა, “ინტერნაციონალე” თავიდან ჟოფრი კონდოგბიას გოლით იგებდა. სხვათა შორის, ფრანგმა 50-ე შეხვედრაში მეორე გოლი გაიტანა მილანელთა რიგებში და ორჯერვე “ტორინოს” კარი დალაშქრა. მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს – დაცვა უსაქმოდ დარჩა და დანიელე ბაზელიმ ახლო მანძილიდან მარტივად გაიტანა. სამაგიეროდ, განელი აკქუას გოლი იყო ულამაზესი და დიდოსტატური, რისი წყალობითაც სინიშა მიხაილოვიჩის შეგირდები დაწინაურდნენ 59-ე წუთზე. თუმცა, პიემონტელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა: ჯო ჰარტის შეცდომის მერე ანტონიო კანდრევამ ცარიელ კარში გაიტანა. საერთოდ, ინგლისელმა ძალიან სუსტი მატჩი ჩაატარა და კონდოგბიას გოლიც დიდწილად მის სინდისზეა. კანდრევას გოლმა კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა. საგულისხმოა, რომ “ინტერის” ბოლო ოთხ თამაშში 22 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ ერთ მატჩში 5.5 გოლი გადის, როდესაც მოედანზე “ნერაძურია”... ეს მშრალი სტატისტიკური მონაცემია, მაგრამ ფაქტია, რომ სტეფანო პიოლის შეგირდებს ახლა მხოლოდ 55 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილზე იმყოფებიან. ჰო კიდევ ერთი – ბევრის მოლოდინი არ გამართლდა და ბომბარდირთა დუელი არ შედგა: ანდრეა ბელოტიმ და მაურო იკარდიმ მოედანი უგოლოდ დატოვეს.

“ინტერთან” ჩამორჩენა შეამცირა და ერთი ადგილით წინ წაიწია “მილანმა” – “როსონერი” კარლოს ბაკასა და ალესიო რომანიოლის არყოფნის მიუხედავად “ჯენოას” ადვილად გაუსწორდა. შესაძლოა, დაფისქირებული ანგარიში ამაზე არ მიგვანიშნებდეს, მაგრამ თამაშით ვინჩენცო მონტელას გუნდმა მეტოქე აშკარად დაჯაბნა და გაცილებით მეტი გოლი უნდა გაეტანა. თუმცა, მხოლოდ ერთი გაიტანა. გამარჯვების გოლი კი, 33-ე წუთზე გავიდა: ლიგურიელთა დაცვის ხაზი ჩავარდა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მატი ფერნანდესმა მეკარეს მოხდენილად გადაავლო ბურთი თავზე. სხვათა შორის ჩილელმა სერია ა-ში გოლი 2016 წლის თებერვლის შემდეგ პირველად გაიტანა. “მილანმა” მოიგო და “ატალანტა” უკან მოიტოვა, მაგრამ ბერგამოელები კვირას ჩაატარებენ მიმდინარე ტურის შეხვედრას.

“ტორინო” – “ინტერი” 2:2 (1:1) VIDEO

ტურინი, “გრანდე ტორინო”

მაყურებელი: 19 000

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაპაკოსტა, როსეტინი, მორეტი, მოლინარო; აკქუა, ლუკიჩი, ბაზელი (მაქსი ლოპესი 85); იტურბე (იაგო ფალკე 70), ბელოტი, ლიაიჩი (ბოიე 65)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მედელი (მურილო 57), მირანდა, ანსალდი; გალიარდინი, კონდოგბია (ბროჟოვიჩი 76); კანდრევა, ბანეგა (ედერი 60), პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 0:1 კონდოგბია (27), 1:1 ბაზელი (33), 2:1 აკქუა (59), 2:2 კანდრევა (62)

გაფრთხილება: მაქსი ლოპესი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 15 (5) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ლუკა ბანტი

“მილანი” – “ჯენოა” 1:0 (1:0) VIDEO

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 40 000

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; დე შილიო, ძაპატა, პალეტა, ვანგიონი; კუცკა, ბერტოლაჩი (ლოკატელი 4), მატი ფერნანდესი (პაშალიჩი 74); ოკამპოსი, ლაპადულა (ანტონელი 87), დეულოფეუ

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ჯენოა” (4-3-3): ლამანა; იცო (ბირასკი 69), მუნიოსი, ჯენტილეტი, ლაქსალტი; ნტჩამი, კატალდი, ჰილიემარკი; ლაზოვიჩი (ედენილსონი 61), სიმეონე, ტაარაბტი (პინილია 76)

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

გოლი: 1:0 მატი ფერნანდესი (33)

გაფრთხილება: დე შილიო (79) – კატალდი (36), ჯენტილეტი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (8) – 4 (3) ბურთის ფლობა: 71%-29% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: კარმინე რუსო

თეგებისერია A
0.168246