ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის IV წრის პირველი ტურის მესამე შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ერთმანეთს ერთ-ერთი აუტსაიდერი „ოლიმპი“ და ერთპიროვნული ლიდერი „დინამო“ ხვდებოდნენ. მიმდინარე ჩემპიონატში ამ გუნდებს განსხვავებული მიზნები აქვთ. „ოლიმპი“ სუპერლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, ხოლო „დინამო“ ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია - მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი წაგება აქვს. რაღა თქმა უნდა, ფავორიტად „დინამო“ სახელდებოდა.
პროგნოზის საპირისპიროდ, „ოლიმპი“ პირველი მეოთხედის შემდეგ 18:15 დაწინაურდა. მეორე მეოთხედში „დინამო“ ათამაშდა და სასურველი შედეგით დაასრულა პირველი ტაიმი - 49:38 მოიგო. ბოლო, მეოთხე მეოთხედის წინ ანგარიში 62:52 იყო „დინამოს“ სასარგებლოდ. ერთპიროვნულ ლიდერს გამარჯვება თითქმის განაღდებული ჰქონდა, მაგრამ „ოლიმპის“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ გუნდმა მეტოქეს უშეღავათო ბრძოლა გაუმართა და ძირითადად რეზო როგავას კარგი თამაშის წყალობით ანგარიში გაათანაბრა - 73:73. გამარჯვეულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა.
ოვერტაიმი „დინამოს“ უპირატესობით დაიწყო, ამ გუნდმა 8-ქულიანი გაქცევა მოაწყო და 81:73 დაწინაურდა. „ოლიმპმა“ ისევ გაიბრძოლა და ძირითადი დროის დასრულებამდე 46 წამით ადრე ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა - 79:81. დარჩენილ დროში „დინამომ“ შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და 84:82 იმარჯვა.
ამ შეხვედრაში 22-22 ქულით ყველაზე შედეგიანები „დინამოს“ ცენტრალური თავდამსხმელი ილია ლონდარიძე და „ოლიმპის“ უკანახაზელი რეზო როგავა იყვნენ. ორმაგი დუბლი არ დაფიქსირებულა.
ტურის ბოლო შეხვედრა დღეს რუსთავში ჩატარდება, სადაც ქვემოქართლელები „სოხუმს“ უმასპინძლებენ.
„ოლიმპი“ – „დინამო“ 82:84 (ძ.დ. 73:73)
(18:15, 20:34, 14:13, 21:11, დ.დ 9:16)