სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ისტორია

9:59 | 17.03.2017 | ნანახია 357 - ჯერ

17 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1939 - დაიბადა ჯოვანი ტრაპატონი. იტალიელი ფეხბურთელი, შემდგომში მწვრთნელი. იცავდა “მილანის” ღირსებას. წვრთნიდა იტალიის ნაკრებს (2000-2004), “მილანს,” “იუვენტუსს,” “ინტერს,” “ბაიერნს,” “კალიარის,” “ფიორენტინას,” “ბენფიკას,” “შტუტგარტს”. რვაჯერ მოიპოვა იტალიის, გერმანიისა და პორტუგალიის ჩემპიონობა. ჯოვანი ტრაპატონის გაწვრთნილმა გუნდებმა ჩემპიონთა და თასების მფლობელთა თასი, ასევე სამჯერ UEFA-ს თასი დაისაკუთრეს. 2006 წლის 9 თებერვალს იგი “შტუტგარტის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს. ტრაპატონი “რედ ბულ ზალცბურგს” ედგა სათავეში და გუნდს ავსტრიის ჩემპიონობა მოაგებინა. ჯოვანი ტრაპატონი ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1897 - ბობ ფიტსიმონმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯეიმს კორბოტი მეთოთხმეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1908- ტომი ბერნსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ჯემ როშე პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს ორთაბრძოლა იმითაა გამორჩეული, რომ ამ წონით კატეგორიაში პლანეტის უძლიერესი მოკრივის გამოსავლენად ჩატარებულ პაექრობებში, ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა.

1937- კალათბურთის წესებში მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანეს. კალათში ბურთის ჩაგდების შემდეგ მოედნის ცენტრში სადაო ბურთის გათამაშების წესი გაუქმდა.

1963- ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა ბობ კოუსიმ აქტიური სპორტული კარიერის შეწყვეტის თაობაზე განცხადება გააკეთა.

1975- ვალერი მურატოვმა 1000 მეტრზე ციგურებით რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:16.92).

1976- საბჭოთა მოციგურავე მალკოვმა 1000 მეტრზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:15.76).

1979- ვენაში მიმდინარე ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალთა შორის პირველობა ამერიკელმა ლინდა ფრატიანიმ მოიპოვა, მამაკაცებში უძლიერესი, საბჭოთა მოციგურავე ვლადიმერ კოვალიოვი გახდა. სპორტულ წყვილებში ჩემპიონები ამერიკელები ბაბილონია და გარდნერი გახდნენ, სპორტულ ცეკვებში კი, უძლიერესი ლინიჩუკისა და კარპონოსოვის დუეტი იყო.

1982- თბილისის “დინამომ” თასების მფლობელთა თასის გათამაშების მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში, ვარშავის “ლეგიას” 1:0 მოუგო (პოლონეთის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა ქართველებმა ანალოგიური ანგარიშით მოიგეს) და ნახევარფინალში გავიდა. გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა. “დინამო”: გაბელია, ხიზანიშვილი, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, დარასელია, სვანაძე (კაკილაშვილი), სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია. მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი.

1985- ფინელმა ტრამპლინიდან თხილამურებით მხტომელმა მატი ნიუკანენმა ასმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (185 სმ).

1991- ესპანურ პრიმერა დივიზიონში შეწყდა მადრიდის “ატლეტიკოს” მეკარის აბელ რესინო გონსალესის 1275 წუთიანი “მშრალი” სერია.

1996- მაიკ ტაისონმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ფრენკ ბრუნო მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

2005- ოსაკას ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა, კოკაიმ 29 წლის კოტომიცუკი დაამარცხა.

2006- ოსაკას ბაშოზე კოკაიმ ოძეკი კაიო დაამარცხა.

2007- ოსაკას ბაშოზე კოკაიმ დასავლეთის მეცხრე მაეგაშირა ტოჩინონადას ჰატაკიკომის ილეთით სძლია. ეს იმ ტურნირზე ქართველი სუმოისტის რიგით მეხუთე წარმატება გახლდათ.

2007- სარაგბო “ერთა თასის” გათამაშებაში, საქართველოს ნაკრები მადრიდში ესპანეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა (17:31).

2012- რაგბის ერთა თასზე საქართველოს ნაკრებმა რეკორდულად დაამარცხა რუსეთი - 46:0.

2013 - “ჩელსიმ” “სტემფორდ ბრიჯზე” “ვესტ ჰემს” 2:0 მოუგო და ფრენკ ლამპარდმა “არისტოკრატთა” მაისურით მე-200 გოლი გაიტანა და კლუბის საუკეთესო ბომბარდირ ბობი ტამბლინგის რეკორდისგან მხოლოდ 2 ბურთი აშორებდა. ლამპარდმა 595-ე მატჩი ჩაატარა “ჩელსის” შემადგენლობაში.

2013 - სერია A-ში თავისი 226-ე გოლი გაიტანა ფრანჩესკო ტოტიმ, რომელმაც გუნარ ნორდალს გადაასწრო და „რომას“ კაპიტანი საერთო ჩათვლაში მე-2 ადგილზე ერთპიროვნულად იმყოფება. „პარმასთან“ გამართულ შეხვედრაში, ტოტიმ თავი 70-ე წუთზე და ანგარიში 2:0 გახადა. „რომამ“ სწორედ ამ ანგარიშით იმარჯვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1909 - მანუელ შოეირუ. 1930-40-იანი წლების ლისაბონის “სპორტინგის” ფორვარდი. გუნდის 220 მატჩში გაიტანა 204 გოლი. ორჯერ გახდა პორტუგალიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. ოთხჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

1932 - რევაზ გოგელია. თბილისის “დინამოს” კალათბურთელთა გუნდის წევრი 1955-64 წლებში (191 სმ). 1962 წელს, თანაგუნდელებთან ერთად მოიპოვა ევროპის ჩემპიონთა თასი. 1959, 1960 და 1961 წლებში დაისაკუთრა საკავშირო პირველობის ბრინჯაოს მედლები. 1964-1974 წლებში იყო თბილისის “სინათლის” მოთამაშე-მწვრთნელი. რევაზ გოგელია 2000 წელს გარდაიცვალა.

1937 - იური ოსიპოვი. ფარიკაობაში (რაპირა) საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი. 1957 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (გუნდურ ჩათვლაში). მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე.

1939 - ჯოვანი ტრაპატონი. იტალიელი ფეხბურთელი, შემდგომში მწვრთნელი. იცავდა “მილანის” ღირსებას. წვრთნიდა იტალიის ნაკრებს (2000-2004), “მილანს,” “იუვენტუსს,” “ინტერს,” “ბაიერნს,” “კალიარის,” “ფიორენტინას,” “ბენფიკას,” “შტუტგარტს”. რვაჯერ მოიპოვა იტალიის, გერმანიისა და პორტუგალიის ჩემპიონობა. ჯოვანი ტრაპატონის გაწვრთნილმა გუნდებმა ჩემპიონთა და თასების მფლობელთა თასი, ასევე სამჯერ UEFA-ს თასი დაისაკუთრეს. 2006 წლის 9 თებერვალს იგი “შტუტგარტის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს. ტრაპატონი “რედ ბულ ზალცბურგს” ედგა სათავეში და გუნდს ავსტრიის ჩემპიონობა მოაგებინა. ჯოვანი ტრაპატონი ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

1944- ხუან რამონ ვერონი. 1960-70-იანი წლების არგენტინელი ფორვარდი. 1970 წელს დაასახელეს ქვეყნის საუკეტესო ფეხბურთელად. სამჯერ ფლობდა ლიბერტადორესის თასს, მოგებული აქვს საკონტინენტთაშორისო თასი. ხუან სებასტიან ვერონის მამა.

1955- ელი ბოპი. ფრანგი საფეხბურთო სპეციალისტი. წვრთნიდა “ბორდოს”, “სენტ ეტიენს”. ამჟამად “ნანტის” მთავარი მწვრთნელია.

1959- ლეანდრო. ბრაზილიის ნაკრებისა და რიო და ჟანეიროს “ფლამენგოს” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილე. მოპოვებული აქვს ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასები. ლეანდრო ბრაზილიის ოთხგზის ჩემპიონია.

1964- ლი დიქსონი. ლონდონის “არსენალის” მცველი 1988-2001 წლებში. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 458 მატჩი, გაიტანა 25 გოლი. მოპოვებული აქვს თასებისა და უეფას თასები, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი (სამჯერ). ლი დიქსონი ინგლისის ოთხგზის ჩემპიონია.

1964- ჟაკ სონგოო. კამერუნელი მეკარე. საკლუბო დონეზე გამოდიოდა საფრანგეთისა და ესპანეთის ჩემპიონატებში. 1997 წელს დაასახელეს ესპანეთის საუკეთესო გოლკიპერად, 2000-ში გახდა პრიმერა დივიზიონის გამარჯვებული.

1972- მია ჰემი. საერთო აღიარებით, ყველა დროის უძლიერესი ფეხბურთელი ქალი. 1996 და 2004 წლების ოლიმპიური ჩემპიონი, 2000 წლის თამაშებზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. 1999 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მია ჰემმა აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 276 მატჩი. ამ შეხვედრებში მან 158 ბურთი გაიტანა და პარტნიორებს 142 საგოლე პასი მიაწოდა.

1976- ალვარო რეკობა. ურუგვაის ნაკრების, “დანუბიოს,” “ნასიონალის,” “ვენეციისა” და მილანის “ინტერის” ფორვარდი. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. ურუგვაის ნაკრებში ჩატარებული აქვს 50-ზე მეტი მატჩი.

1979- მილონ ვოლდე. ეთიოპიელი მძლეოსანი. 5 კმ-ზე რბენაში 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1965 - ალმოს ალონსო სტაგი. ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელი. 102 წლის ასაკში კალიფორნიაში გარდაიცვალა.

2005 - გაიოზ ჯეჯელავა. თბილისის “დინამოს” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი. იგი 6-ჯერ დაასახელეს 33 საუკეთესო სპორტსმენს შორის, აქედან სამჯერ პირველ ნომრად. 1940 წელს კი, საბჭოთა სპორტსმენების საუკეთესო ათეულშიც შევიდა. თბილისის “დინამოს” რიგებში 1937-1948 წლებში 145 მატჩი ჩაატარა და 67 გოლი გაიტანა. იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ორგზის ვერცხლისა (1939, 1940 წლებში) და ორგზის ბრინჯაოს (1946, 1947) პრიზიორი. ვასილი სტალინის ინიციატივით 1949-1951 წლებში მსოკოვის ვვს-ის მთავარ მწვრთნელი გახლდათ. 1956-1957 წლებში თბილისის “დინამოს” წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.095322