ფეხბურთი

3:02 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიდებული "მონაკო" - ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალი დაკომპლექტდა (+VIDEO)

ფრანგული “მონაკო” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედინალშია – “თავადებმა” შეძლეს და საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტის” ორბურთიანი ჩამორჩენა ამოუქაჩეს. ლეონარდო ჟარდიმიმ დანაპირები შეასრულა, მისმა გუნდმა სამი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის რვა საუკეთესო გუნდს შორის ბოლო სამ სეზონში მეორედ მოხვდა.

სამი კვირის წინ, “ეტიჰად სთედიუმზე” “მონაკომ” მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა, მაგრამ დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო 3:5 წააგო და ბუნებრივია, საპასუხო თამაშის წინ, ფრანგები ფავორიტად არ ითვლებოდნენ. უშუალოდ მატჩი მასპინძლებმა ძალზე აქტიურად დაიწყეს და მეშვიდე წუთზე კილიან მბაპე მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ვერ ივარგა. ზუსტად ერთ წუთში კი, ბერნარდო სილვას გადაცემის შემდეგ 18 წლის შემტევი არ შეცდა და ანგარიში გახსნა. მონეგასკებმა შეტევა ამის შემდეგაც გააგრძელეს და მეორე ბურთიც მალე შეაგდეს – 29-ე წუთზე მენდისა და ლემარის ჩინებული კომბინაცია ფაბინიომ დააგვირგვინა და ეს უკვე ნიშნავდა, რომ “მონაკო” შემდეგ ეტაპზე გადიოდა. საერთოდ, პირველი ნახევარი “სიტიმ” ძალზე უნიათოთ ჩაატარა და ტაიმი ისე დაასრულა, კარისკენ არ დაურტყამს.

ბუნებრივია, ინგლისელებს შეტევაზე უფრო მეტად უნდა ეფიქრათ, რადგან გოლი აუცილებლად გასატანი ჰქონდათ. ასეც მოხდა – პეპ გვარდიოლას გუნდმა მეორე ნახევარი გაცილებით აგრესიულად დაიწყო და რამდენჯერმე შეეძლო გოლის გატანა. მაგრამ შუბაშიჩი შეუვალი გახლდათ, ხოლო რამდენჯერმე ალბიონელები ზუსტად ვერ ურტყამდნენ. და მაინც, 71-ე წუთზე “სიტიმ” ასე ნანატრი გოლი გაიტანა – შუბაშიჩმა აგუეროს რთული ბურთი აუღო, მაგრამ დამატებაზე ლერიო სანეს გატანა აღარ გასჭირვებია. სხვათა შორის, გერმანელი ცალსახად საუკეთესო იყო თავისი გუნდის რიგებში. თითქოს, “ქალაქელებს” დარჩენილ დროში არ უნდა გაძნელებოდათ ანგარიშის შენარჩუნება, თან იმის ფონზე, რომ “მონაკო” მეორე ტაიმში ვეღარ თამაშობდა ისე, როგორც პირველ ნახევარში და დაღლილიც ჩანდა ჟარდიმის გუნდი, მაგრამ 77-ე წუთზე სტანდარტის შემდეგ ბაკაიოკომ თავით ყველას აჯობა და – 3:1. “მონაკო” შემდეგ ეტაპზეა. “თავადები” გახდნენ პირველნი, რომლემბაც შემდეგ ეტაპზე მას შემდეგ შეძლეს, რაც პირველ მატჩში ხუთი გაუშვეს. ამასთან, “სიტი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ორრაუნდიანი ბრძოლა წააგო და თან 6 გოლი გაიტანა. პეპ გვარდიოლა კი, მწვრთნელობისას პირველად გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან.

მთლიანობაში კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ “მონაკო” დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე და ერთ-ერთი პირველი იმ გუნდთა შორის, რომლებზეც თამამად შეიძლება ითქვას: ლამაზ ფეხბურთს თამაშობსო...

“მონაკო” – “მანჩესტერ სიტი” 3:1 (2:0) VIDEO

მონტე კარლო, “ლუი II”

მაყურებელი: 15 700

“მონაკო” (4-3-3): შუბაშიჩი; სიდიბე, რაჯი (ტურე 70), ჟემერსონი, მენდი; ფაბინიო, ბაკაიოკო, ლემარი; ბერნარდო სილვა, ჟერმენი (დირარი 90), მბაპე (მოუტინიო 81)

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

“მანჩესტერ სიტი” (4-3-3): კაბალიერო; სანია, სტოუნსი, კლიში (იენაჩო 84), კოლაროვი; სანე, ფერნანდინიო, სილვა; დე ბრუინი, აგუერო, სტერლინგი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 მბაპე (8), 2:0 ფაბინიო (29), 2:1 სანე (71), 3:1 ბაკაიოკო (77)

გაფრთხილება: ბაკაიოკო (59), ჟერმენი (89), ლემარი (90) – სანია (11), დე ბრუინი (58), სტერლინგი (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 6 (3) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

დღევანდელი დღის კიდევ ერთი მატჩი გატანილი გოლების დასრულდა. “ატლეტიკომ” და “ლევერკუზენმა” ერთმანეთის კარი რომ ვერ აიღეს, ამაში მთავარი დამნაშავენი ბერნდ ლენო და იან ობლაკი არიან, რომლებმაც ბრწყინვალე ბურთები აიღეს. საბოლოოდ, მეოთხედფინალში დიეგო სიმეონეს გუნდი გავიდა, რადგან სტუმრად 4:2 ჰქონდა მოგებული. სხვათა შორის, არგენტინელი ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც ზედიზედ ოთხი სეზონია მეოთხედფინალში გადის.

საბოლოოდ მეოთხედფინალი ასე დაკომპლექტდა: “ატლეტიკო”, “მონაკო”, “ბარსელონა”, “რეალი”, “ლესტერი”, “იუვენტუსი”, “დორტმუნდი” და “ბაიერნი”. უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის წილისყრა 17 მარტს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ მერვედფინალის 16 მატჩში 62 გოლი გავიდა (საშუალოდ მატჩში 3.88%) – ეს კი, მერვედფინალების რეკორდია.

“ატლეტიკო” – “ლევერკუზენი” 0:0 (0:0) VIDEO

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

მაყურებელი: 54 907

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ვრსალიკო, ხიმენესი, გოდინი, ერნანდესი; საულ ნიგეზი, პარტეი, კოკე, კარასკო (სავიჩი 71); კორეა (გაიტანი 65), გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; ჰილბერტი, იედვაი, დრაგოვიჩი, ვენდელი; ბელარაბი, ბაუმგარტლინგერი, კამპლი, ბრანდტი (ბაილი 78); ჩიჩარიტო (მეჰმედი 81), ვოლანდი (არანგიზი 88)

მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი

გაფრთხილება: ხიმენესი (66), გაიტანი (89) – იედვაი (64), ბაუმგარტლინგერი (71)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 14 (7) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

0.112958