ისტორია

9:14 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

15 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1937. დაიბადა შოთა იამანიძე. თბილისის “დინამოს” კაპიტანი. თოთხმეტი სეზონი თამაშობდა კლუბში (1954-1967). თამაში დაიწყო როგორც მარცხენა გარემარბმა, შემდეგ გამოდიოდა ინსაიდის, ცენტრალური თავდამსხმელისა და ნახევარმცველის პოზიციებზე. მაღალი ტექნიკის მეოხებით, იგი გუნდისათვის მეტად სასარგებლო ფეხბურთელი იყო. საკავშირო ჩემპიონატებში ჩაატარა 301 მატჩი. გაიტანა 66 გოლი. ჩემპიონის ოქროს მედლის გარდა (1964), სამჯერ (1959, 1962, 1967) მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. შოთა იამანიძე სამჯერ შეიყვანეს “33 საუკეთესოთა” სიაში, 1964 წელს პირველ ნომრად. თამაშობდა საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში. 1969 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. შოთა იამანიძე ავტოკატასტროფაში 1971 წელს დაიღუპა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1869. “ცინცინატ რედ სტოკინგზი” ბეისბოლისტთა კლუბებს შორის პირველი გადავიდა პროფესიონალურ რელსებზე.

1892. დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ლივერპული”. იგი სტადიონ “ენფილდის” მეპატრონე ჯონ ჰოლდინგმა დააფუძნა. ამ სარბიელზე მანამდე “ევერტონი” გამოდიოდა, მაგრამ ამ გუნდმა იჯარის გადახდა იუარა და “გუდისონ პარკზე” გადაბარგდა. “ლივერპულს” ხუთჯერ აქვს მოგებული ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა თასის გათამაშება. “ენფილდელებმა” ეს 1977, 1978, 1981, 1984 და 2005 წლებში მოახერხეს. სამჯერ გაიმარჯვა UEFA-ს თასის გათამაშებაში (1973, 1976, 2001) და სამჯერ დაეუფლა ევროპის სუპერთასს (1977, 2001, 2005). “ლივერპული” ინგლისის თვრამეტგზის ჩემპიონია, ექვსჯერ აქვს მოპოვებული საფეხბურთო ასოციაციის, ხოლო შვიდჯერ ინგლისის ლიგის თასი. “ლივერპული” ინგლისის სუპერთასის 15-გზის მფლობელია. კლუბის მმართველები არიან ტომ ჰიკსი და ჯორჯ ჟილეტი, მთავარი მწვრთნელი - რაფაელ ბენიტესი. რეკონსტრუქციის შემდეგ “ენფილდ როუდის” ტრიბუნები 45362 მაყურებელს იტევს.

1908. შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრებმა ირლანდიელებს 5:0 მოუგო.

1912. ბეისბოლიდან წავიდა პიტჩერის ამპლუის მოთამაშე სი იანგი, რომელსაც კარიერის განმავლობაში სარეკორდო რაოდენობის მოგება ჰქონდა (511).

1936. გლაზგოს “სელტიკის” ცენტრფორვარდმა ჯიმ მაკგრეგორმა შოტლანდის საფეხბურთო პირველობის მატჩში “მოზერველს” სამ წუთში სამი გოლი გაუტანა. სულ მას სკოტთა ჩემპიონატის 408 მატჩში 410 გოლი აქვს გატანილი.

1953. ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრებმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 2:1 მოუგო.

1956. ბილი უოტსონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის ლუი ტეცი დაამარცხა და ჭიდაობის ეროვნული ასცოაციის (NWA) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1958. ოსკარ რობერტსონმა ცინცინატის უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის რიგებში თამაშისას NCAA-ს შედეგიანობის რეკორდი დაამყარა (56 ქულა).

1958. ცინცინატის საკალათბურთო გუნდის მოთამაშე მორის სტოუკსმა მატჩის მსვლელობისას გონება დაკარგა, კომაში ჩავარდა და მოგვიანებით პარალიზებული დარჩა.

1962. კანადელმა ციგურებით ფიგურულმა მოსრიალე დონალდ ჯექსონმა პირველად შეასრულა სამმაგი ხტომა.

1962. უილტ ჩემბერლენი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩებში 4 ათასი ქულა დააგროვა.

1968. ბობ ბიმონმა დარბაზში სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (8.33 მ).

1975. ევგენი კულიკოვმა 500 მეტრზე ციგურებით რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (37.99).

1985. ლარი ჰოლმსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის დევიდ ბეი მეათე რაუნდში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1987. აშშ-ის ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის გათამაშების მატჩზე პარაგვაის ნაკრებთან წააგო.

1989. ჰოკეის ეროვნული ლიგის გუნდმა, “ნიუ იორკ რეინჯერსმა” გადაწყვიტა თავისი გოლკიპერის ედი ჯაკომინის პირველნომრიანი მაისური გუნდის სხვა მეკარეს აღარ ჩაეცვა.

1991. სერგეი ბუბკამ ჭოკით სიმაღლეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (610 სმ).

1996. სამხრეთაფრიკელი მძლეოსანი ოკერ ბრიტსი ჭოკით მხტომელთა შორის მეორე სპორტსმენი გახდა, რომელმაც ექვსი მეტრის სიმაღლეზე მოთავსებული თამასა გადალახა.

1997. “პიტსბურგ პინგვინზის” მოთამაშე ჯო მულინი პირველი ამერიკელი გახდა, რომელმაც ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ხუთასი შაიბის გატანა მოახერხა.

1999. “პორტუს” მთავარმა მწვრთნელმა გრემ სუნესმა თანაქალაქელ “ბოავიშტასთან” 0:3 წაგების შემდეგ სტადიონი პოლიციის ესკორტის თანხლებით დატოვა.

2005. ოსაკას ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა კოკაიმ მესამე ტურში 28 წლის მიაბიამა დაამარცხა.

2005. 38 წლის გერმანელმა მსოფლიოს ჩემპიონმა (1990), თომას ჰესლერმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

2007. “ალკმაარმა” UEFA-ს თასის გათამაშების მერვედფინალურ მატჩში “ნიუკასლი” 2:0 დაამარცხა. ჰოლანდიელთა ქართველმა ფორვარდმა შოთა არველაძემ კაპიტნის რანგში მოედანზე 90 წუთი დაჰყო და გოლიც გაიტანა.

2008. აშშ-ს ნევადის შტატის ქალაქ ლას ვეგასის კაზინო “მანდელეი ბეიში” ფილიპინელმა მენი პაკიაომ ქულებით მექსიკელი ხუან მანუელ მარკესი დაამარცხა და უმჩატესი წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა ჭBჩ გაერთიანების ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

2008. მას შემდეგ, რაც “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გააღწია, ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ამ ეტაპზე ერთი ქვეყნის 4 გუნდი იასპარეზებდა.

2009. შოტლანდიის საფეხბურთო ლიგის თასის ფინალში “სელტიკმა” დამატებით დროში “რეინჯერსს” 2:0 სძლია.

ამ დღეს დაიბადნენ

1888. სორფუს-ერჰარდ ნილსენი. 1908-1919 წლებში გამოდიოდა დანიის საფეხბურთო ნაკრებში. პირველი დანიელი ლეგიონერი გერმანულ ლიგაში. 1908 წლის ოლიმპიადაზე საფრანგეთს 10 გოლი გაუტანა (შეხვედრა დანიელებმა 17:1 მოიგეს). 1932-39 წლებში წვრთნიდა დანიის ნაკრებს.

1920. ფრანსუა რანგანანდანი. ბალახის ჰოკეისტი. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1948, 1952, 1956).

1937. შოთა იამანიძე. თბილისის “დინამოს” კაპიტანი. თოთხმეტი სეზონი თამაშობდა კლუბში (1954-1967). თამაში დაიწყო როგორც მარცხენა გარემარბმა, შემდეგ გამოდიოდა ინსაიდის, ცენტრალური თავდამსხმელისა და ნახევარმცველის პოზიციებზე. მაღალი ტექნიკის მეოხებით, იგი გუნდისათვის მეტად სასარგებლო ფეხბურთელი იყო. საკავშირო ჩემპიონატებში ჩაატარა 301 მატჩი. გაიტანა 66 გოლი. ჩემპიონის ოქროს მედლის გარდა (1964), სამჯერ (1959, 1962, 1967) მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. შოთა იამანიძე სამჯერ შეიყვანეს “33 საუკეთესოთა” სიაში, 1964 წელს პირველ ნომრად. თამაშობდა საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში. 1969 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. შოთა იამანიძე ავტოკატასტროფაში 1971 წელს დაიღუპა.

1944. ჩი ჩენი. ტაივანელი მძლეოსანი. 80 მეტრზე თარჯრბენით სირბილში 1968 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი.

1945. იორგენ სუნდელინი. შვედი აფროსანი. 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1947. ტომას პეტერსონი. შვედი ველოსიპედისტი. 1968 წლის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი.

1948. ლევან თედიაშვილი. ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოჭიდავე. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. 1972 წელს ჩემპიონობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 82 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა, ხოლო 4 წლის შემდეგ, 90 კგ-ში. ლევან თედიაშვილი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია, 1973 წელს კი, პლანეტის უძლიერესი ფალავანი სამბოშიც გახდა. 1971-78 წლებში თედიაშვილი რეგულარულად იმარჯვებდა ევროპისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებზე. ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ტიტული სამ წონით კატეგორიაში (82, 90, 100) მოიპოვა (1978 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა 100 კგ წონაში). ამჟამად ლევან თედიაშვილი საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია.

1971. იოაკიმ ბერკლუნდი. შვედეთის ნაკრებისა და “ვალენსიას” ფეხბურთელი.

1971. რალფ ბერკლუნდი. გერმანელი მოფარიკავე. 2000 წლის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი.

1973. ავგუსტინ არანსაბალი. ესპანური პრიმერა დივიზიონის “სოსიედადის” მცველი.

1974. დმიტრი საუტინი. წყალში ხტომაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

1976. მირიან გიორგაძე. ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა შორის (120 კგ) 2004 წლის მსოფლიოს თასის მფლობელი პირად და გუნდურ ჩათვლაში. 2005 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. სიდნეის 2000 და ათენის 2004 წლების ოლიმპიადების მონაწილე. მირიან გიორგაძე 1995 წელს ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1978. ნოე ერნანდესი. მექსიკელი მძლეოსანი. 20 კმ-ზე სპორტულ სიარულში 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი.

1978. ალი საიდი-სიეფი. ალჟირელი მძლეოსანი. 5 კმ-ზე რბენაში 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124326