ფეხბურთი

17:55 | 14.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ისევ “ბარსა” – პსჟ და დენიზ აიტეკინი: ფრანგებმა უეფაში საჩივარი შეიტანეს (+VIDEO)

“ბარსელონა – “პარი სენ ჟერმენი” და დენიზ აიტეკინი – ეს იყო გასული კვირის მთავარი თემა და როგორც ჩანს, ახლაც ასე იქნება. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს: წყაროს ცნობით, ფრანგულმა გუნდმა უეფაში საჩივარი შეიტანა აღნიშნულ შეხვედრაში მსაჯების მთელი რიგი გადაწყვეტილებების გამო.

კერძოდ, საქმე ეხელა 8 საკამათო ეპიზოდს, რომელიც წესით სხვაგვარად უნდა განესაჯა აიტეკინს, მაგრამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

- პირველ ტაიმში იულიან დრაქსლერის ჩაწოდების შემდეგ ხავიერ მასკერანოს ბურთი ხელზე ხვდება და კუთხურზე გადადის. გერმანელმა არბიტრმა პენალტის ნაცვლად კუთხურის ნიშნულისკენ მიუთითა.

- 41-ე წუთზე ჟერარ პიკე ედინსონ კავანის მიმართ უხეშობს და სახიფათო შეტევას შლის. იმ დროისთვის ესპანელს ყვითელი ბარათი უკვე მიღებული ჰქონდა და აიტეკინს შეეძლო მისთვის მეორე გაფრთხილება ეჩვენებინა, რაც წითელ ბარათს გამოიწვევდა. თუმცა ამის მაგივრად კავანი გააფრთხილა პროტესტის გამო.

- “ბარსელონას” პირველი თერთმეტრიანი: მუნიეს ფეხი დაუცდა, ხოლო ნეიმარი წაქცეულ ბელგიელს თავზე წამოედო და დაეცა. ფაქტია, რომ პსჟ-ს მარჯვენა მცველი თამაშის წესს განზრახულად არ არღვევდა და მსაჯის გადაწყვეტილება ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა.

- როდესაც ანგარიში 3:1 გახლდათ, ნეიმარი მარკინიოსის წინააღმდეგ განზრახ და გადამეტებულად უხეშობს. როგორც წესი, ასეთი დარღვევა ფეხბურთში წითელი ბარათით ისჯება, თუმცა დენიზ აიტეკინმა ამ ეპიზოდშიც ესპანელთა სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.

- 78-ე წუთზე ანხელ დი მარია “ბარსელონას” საჯარიმოში გადაცემის გაკეთებას ცდილობს, მაგრამ ბურთი ჟერარ პიკეს ხელში ხვდება. ეპიზოდს გაგრძელება არ მოჰყოლია.

- ლუის სუარესი მარკო ვერატისთან “კონტაქტის” გამო საჯარიმოში ეცემა და თერთმეტრიანს უსაფუძვლოდ ითხოვს. საბოლოოდ, ურუგვაელი ყვითელ ბარათს გამორჩა. ეს იყო ლუისის პირველი სიმულაციიც მცდელობა, მაგრამ არა უკანასკნელი.

- ანხელ დი მარია მეკარესთან პირისპირაა და დარტყმას აპირებს: ამ დროს მას ფეხებში მასკერანო უკნიდან უვარდება და წონასწორობას აკარგვინებს. თერთმეტრიანი აშკარა იყო, რომელსაც “ბარსას” მცველის გაძევებაც უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ გერმანელმა მსაჯმა სხვანაირად განსაჯა. ნიშანდობლივია, რომ მატჩის შემდეგ ხავიერ მასკერანომ თავადაც აღიარა, რომ თამაშის წესი დაარღვია.

- მატჩის ბოლო წუთზე ლუის სუარესმა კიდევ ერთხელ მიმართა სიმულაციას და საჯარიმოში დაეცა. ამ ეპიზოდში ურუგვაელი მეორე გაფრთხილებას და შესაბამისად გაძევებას იმსახურებდა, მაგრამ არბიტრმა პენალტის დანიშვნა გადაწყვიტა და სწორედ ამ ეპიზოდმა განაპირობა დიდწილად საბოლოო შედეგი.

სწორედ ამ რვა ეპიზოდის შესახებ შეიტანა საჩივარი პსჟ-მ უეფაში. ჯერჯერობით უცნობია და ძნელად სავარაუდოა რა რეაგირება მოჰყვება ამას ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყების მხრიდან. მაგრამ, ფაქტია, “ბარსელონა”- პსჟ-ს მატჩმა ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113786