ბლოგი

22:00 | 12.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

უარყოფილი საქართველო

ბედნიერნი ხართ ბებერი ევროპის შვილებო, რამეთუ არ იცით რას ნიშნავს ემეზობლებოდე რუსეთს! ჩვენთვის კი ეს უკვე მთელი ტრაგედიაა, დიდი და დაუსრულებელი ტრაგედია, რომელსაც დასასრული არ უჩანს და თქვენის ხელშეწყობით, შესაძლებელია არც არასდროს დასრულდეს!

არავის დაუძალებია ევროპელები მათი ცხოვრება და თუნდაც სპორტი დაკავშირებულიყო ერთი ქვეყნისა და ხალხის - რუსეთის წარმატებებთან და ეს ყველაფერი გაკეთებულიყო „მოძმისა და ერთმორწმუნის“ ნიღაბქვეშ. ევროპელები ალბათ ვერასოდეს გაუგებენ რას ნიშნავს გყავდეს მიხეილ მესხი, რომელიც დღემდე მსოფლიოს უმეტესობას დიდი რუსი ფეხბურთელი ჰგონია. და მხოლოდ ეს იყო?...

საქმე მხოლოდ მიხეილ მესხში ან დავით ყიფიანშიც არაა. როგორც ჩანს სრულიად მართალი იყო ახალგაზრდა პოლონელი მწერალი კინჟეკი, რომელიც ამბობდა: "პოლონეთს მაშინ ეშველა, როდესაც მიხვდა, რომ ევროპის იმედად ყოფნა არ შეიძლებოდა და საკუთარი სახელისათვის თავად უნდა ებრძოლა". ამ ვითარებაში შეუძლებელია არ გაგახსენდეს მოხუცი, ხეტიალისაგან დაღლილი საქართველოს ელჩი სულხან-საბა ორბელიანი, რომელსაც პარიზში არავინ მოუსმინა და საქართველო სპარსეთის წინაშე უმოკავშირეოდ დარჩა. ამის მერე რა ამბებიც დატრიალდა, თქმაც კი ძნელია...

ამ ყველაფერზე განსაკუთრებულად რამდენიმე დღის წინ გავბრაზდი, როდესაც თბილისში გაცნობილი მავანი ფრანგი ჟურნალისტი მიმტკიცებდა, რომ ქართველი სპორტსმენების ძველი, საბჭოეთისდროინდელი წარმატებები იმის „დამსახურება“ იყო რომ ზოგადად საბჭოთა სპორტი იყო მაღალი დონის და ქართველები ჩვენი სპორტსმენების წარმატებას რუსეთს უნდა ვუმადლოდეთ.

ძალიან უტიფარი ან გაუნათლებალია ის ევროპელი, რომელიც რუსეთს მოკავშირედ აღიქვამს, ასეთYადამიანს საკუთარ ტყავზე უნდა გამოაცდევინო რას ნიშნავს საუკუნეების მანძილზე ჩაგვრა და ომიდან სიკვდილის გამოქცევის შემდეგ კოდორის უღელტეხილების გადალახვა, რას ნიშნავს რუსი კაზაკების მიერ ცხინვალის ცენტრში დახვრეტილი მეგობრის ნახვა, რას ნიშნავს 1924 წელს ფეხმძიმე ქალების ურემში შებმა და გამათრახება... იმედია მერე მაინც გაიგებს, თუ რატომ შევცქეროდით "ნატოში" გაწევრიანებას ასეთი ნატვრითა და მოლოდინებით. ეს კიდევ დამდგარა და იძახის, ყიფიანის ნიჭიერება საბჭოთა სპორტის ზოგადი მაღალი დონის დამსახურებააო. საძაგლობა თუ გინდათ ესაა...

ჩვენ ალბათ მაინც გამოვნახავთ ძალას და მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ მსოფლიოში იმ ადგილისთვის, რაც ყოველთვის გვეკუთვნოდა, მაგრამ წუპაკმა ადამიანებმა წაგვართვეს. ჩვენ ჩვენსას ვეცდებით, მაგრამ თუკი დადგება დრო, როდესაც ამ "ფრიად განათლებულ" ევროპასაც დაუდგება მძიმე დროება, ეგებ ერთხელ მაინც გაიხსენონ ყველას მიერ ჩაგრული და ფეხებზე დაკიდებული საქართველო, რომლიც მხოლოდ მისი კუთვნილის დაბრუნებაზე ოცნებობდა.

როგორც გლდანელი სპარტაკა, ასევე ევროპაც "ჩიტივით თავისუფალია", ამიტომ თუ მართლაც ასრულდა ზოგიერთების ავი წინასწარმეტყველება და რუსეთმა განახორციელა რაც პუტინის დიდი ხნის ოცნებაა და კავკასია სრულიად მიიერთა, მაშინაც ალბათ გამოჩნდებიან რუსეთის გამმართლებლები. რას ვიზამთ, სიბნელეს საზღვრები არა აქვს. ყიფიანს მაინც დაანებონ თავი!

0.119677