ფეხბურთი

23:17 | 5.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “მანჩესტერ სიტი” და “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ მიიწევენ

პრემიერლიგის 27-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. ლონდონის “ტოტენჰემი” საკუთარ მოედანზე “ევერტონს” დაუხვდა, უხვგოლიან თამაშში აჯობა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

“ტოტენჰემმა” მეტოქე ყველაფერში დაჯაბნა, სრულიად დამსახურებულად იმარჯვა და მომენტების რეალიზაცია ცოტა უკეთესი რომ ჰქონოდათ, დიდი ანგარიშით მოიგებდნენ.

ანგარიში მე-20 წუთზე ჰარი კეინმა გახსნა, რომელმაც შორეული მანძილიდან მშვენიერი გოლი შეაგდო. ტაიმის ბოლომდე “დეზებს” კიდევ სამჯერ შეეძლოთ გატანა: ჰარი კეინს ხოელ რობლესმა აჯობა, კრისტიან ერიკსენმა კარს ააცილა, ხოლო ვიქტორ ვანიამამ ბურთი ძელს გაარტყა.

ლონდონელენმა მეორე ნახევარიც შეტევებით დაიწყეს და 56-ე წუთზე ჰარი კეინმა დუბლი გაიფორმა. ინგლისელ ფორვარდს 19 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა. 81-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს და ამის გაკეთება რომელუ ლუკაკუმ მოახერხა, რომელსაც 18 ბურთი აქვს გატანილი და ამ მხრივ მხოლოდ კეინს ჩამორჩება. 92-ე წუთზე უკვე დელე ალის ჯერი დადგა, რომელმაც ვინკსის მშვენიერი გადაცემა შეირგო და ახლო მანძილიდან ერთი შეხებით გაუტანა რობლესს. შეხვედრის ბოლო გოლი ერთ წუთში გავიდა: ცვლილებაზე შემოსულმა ენერ ვალენსიამ ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:2.

“დეზებმა” 56 ქულა დააგროვეს და მე-2 ადგილზე არიან, თუმცა “სიტიზე” ერთი შეხვედრით მეტი აქვთ ჩატარებული, რომელმაც დღეს გასვლაზე “სანდერლენდი” დაამარცხა, მე-3 ადგილი დაიბრუნა და “ტოტენჰემს” მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდი გასვლაზე ბოლო ადგილოსან “სანდერლენდს” დაუპირისპირდა და ზედმეტი პრობლემების გარეშე იმარჯვა. “ქალაქელებმა” ანგარიში 42-ე წუთზე გახსნეს: რაჰიმ სტერლინგის პასი სერხიო აგუერომ გამოიყენა და ახლო მანძილიდან გაიტანა. 59-ე წუთზე კი, დავიდ სილვას ჩინებული გადაცემა ლეროი სანემ შეირგო და “სიტის” 3 ქულა გაუფორმა – 0:2.

ტოტენჰემი – ევერტონი 3:2 (1:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი, ალდერვეირელდი, დაიერი, ვერტონგენი, დემბელე (ვინკსი 78), ვანიამა, ბ.დევისი, უოლკერი, ერიკსენი (სისოკო 87), ალი, კეინი (იანსენი 90).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ევერტონი (4-3-2-1): რობლესი, უილიამსი, მორი, ბეინსი, კოულმენი, გაიე (ვალენსია 81), შნეიდერლენი, ბერი (მაკკარტი 64), ტ.დევისი (მირალაში 64), ბარკლი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 1:0, 2:0 კეინი (20; 56), 2:1 ლუკაკუ (81), 3:1 ალი (92), 3:2 ვალენსია (93)
გაფრთხილებები: დემბელე – გაიე, უილიამსი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

სანდერლენდი – მანჩესტერ სიტი 0:2 (0:1)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-5-1): პიკფორდი, ოში, კონე, ოვიედო, ჯონსი, ბორინი, გიბსონი (როდუელი 69), იანუზაი (ხაზრი 82), ლარსონი, ნდონგი, დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

მანჩესტერ სიტი (4-3-3): კაბალიერო, სტოუნზი, კოლაროვი, სანია, კლიში, სილვა, ტურე (დე ბრუინი 78), ფერნანდინიო, სანე (დელფი 89), სტერლინგი (ნოლიტო 82), აგუერო.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 აგუერო (42), 0:2 სანე (59)
გაფრთხილებები: ოში
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

0.154197