ფეხბურთი

4:02 | 5.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბარსელონას” სასტიკი შურისძიება და შესუსტებული “რეალის” გასეირნება ბასკეთში

ლა ლიგის 26-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. “რეალი” შესუსტებული შემადგენლობით (რონალდუს, ბეილის, მორატას და ვარანის გარეშე) “იპარუაზე” “ეიბარს” ეწვია და ასეთი დანაკლისის მიუხედავად, მაინც ძალიან იოლად იმარჯვა.

მადრიდელებმა თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრის ბედი საწყის ნახევარ საათში გადაწყვიტეს: მე-14 და 25-ე წუთებზე ქარიმ ბენზემამ დუბლი გაიფორმა, ხოლო 29-ე წუთზე ხამეს როდრიგესის ჯერი დადგა.

მეორე ნახევარში მადრიდელები შედარებით მოეშვნენ, თუმცა მე-60 წუთზე მარკოს ასენსიომ მეოთხე ბურთი მაინც შეაგდო. ბასკებმა პრესტიჟის ბურთი 72-ე წუთზე შეაგდეს, რომელიც პენიას ანგარიშზეა – 1:4.

“ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “სელტა” მიიღო და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის შური სასტიკად იძია. “ბლაუგრანამ” მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და საკუთარი გულშემატკივრები ძალიან ლამაზი გოლებით გაახარა.

ანგარიში 24-ე წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა, რომელმაც რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და სერხიო ალვარესს შორეულ კუთხეში გაუტანა, ხოლო მე-40 წუთზე სხვაობა ნეიმარმა გაზარდა: ბრაზილიელმა ფორვარდმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ჩინებული გოლი გამოუვიდა.

57-ე წუთზე ივან რაკიტიჩმა ახლო მანძილიდან მესამე ბურთიც შეაგდო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხორვატი თამაშგარე მდგომარეობაში გახლდათ და მსაჯი შეცდა. ოთხ წუთში სამუელ უმტიტიმ ახლო მანძილიდან მეტოქის კარი მეოთხედ აიღო, ხოლო 64-ე წუთზე ლიონელ მესიმ კიდევ ერთი ჩინებული გოლი გაიტანა და გალისიელთა რბევას ბოლო მოუღო – 5:0.

“ბარსელონას” 60 ქულა აქვს, “რეალს” 59, თუმცა ერთი მატჩი თადარიგში აქვს. გათამაშების კიდევ ერთი ლიდერი “სევილია” დღეს გასვლაზე “ალავესს” დაუპირისპირდება.

“ვილიარეალმა” საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” მიიღო და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. “ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა” ევროპა ლიგის ზონაში პოზიციები გაიმყარეს და ჩემპიონთა ლიგის ზონასაც მიუახლოვდნენ. “ლეგანესმა” კი, ე.წ. 6-ქულიან მატჩში “გრანადას” უმასპინძლა და მაჩისის გვიანი გოლით იმარჯვა.

ლეგანესი – გრანადა 1:0 (0:0)

გოლი: მაჩისი (83)

ეიბარი – რეალი 1:4 (0:3)

გოლები: 0:1, 0:2 ბენზემა (14; 25), 0:3 ხამესი (29), 0:4 ასენსიო (60), 1:4 პენია (72)

ვილიარეალი – ესპანიოლი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 რ.სორიანო (45), 2:0 დიეგო ლოპესი (80 ს.კ.)

ბარსელონა – სელტა 5:0 (2:0)

გოლები: 1:0, 5:0 მესი (24; 64), 2:0 ნეიმარი (40), 3:0 რაკიტიჩი (57), 4:0 უმტიტი (61)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112394