ფეხბურთი

16:45 | 4.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა დაიწყო: "შუქურა" ჩემპიონს მედგრად დაუდგა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატმა, ეროვნულმა ლიგამ დღეს სტარტი აიღო. სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძის” სტადიონზე მოქმედი ჩემპიონი ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და არც საყურებლად დაეწუნებოდა რამე. ანგარიში მალევე გაიხსნა: ეროვნული ლიგაში პირველი გოლი კი, ულამაზესი გამოვიდა – “სამტრედიას” შემტევი დავით რაჟამაშვილი მარჯვენა ფლანგიდან მოედნის ცენტრში შეიწია და შორი მანძილიდან გაისროლა – 1:0. გია ცეცაძის გუნდი ისედაც ფავორიტად მიიჩნეოდა მატჩის წინ, სწრაფ გოლს წესით ფრთები უნდა შეესხა იმერული გუნდისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, “შუქურამ” მეთოდურად შეძლო თამაშის გათანაბრება და ზედ ტაიმის მიწურულს სტანდარტული სიტუაციის შემდგომ გაათანაბრა კიდეც – ირაკლი კლიმიაშვილის ჩაწოდებას ლევან საბაძის გოლი მოჰყვა – 1:1.

მეორე ტაიმი ისეთი სანახავი არ გამოდგა, როგორიც პირველი. “სამტრედია” ბურთს ფლობდა, თუმცა შეტევების ხეირიანად წარმართვა ერთობ უჭირდა და ამიტომაც იყო, რომ რეალური საგოლე მომენტი მასპინძლებმა მეორე ტაიმში ერთადერთხელ შექმნეს, როცა მარკოზაშვილის გადაცემას ჩაგელიშვილი გამოეხმაურა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. მოპოვებული ქულა უდავოდ “შუქურას” აქტივში უნდა შევიტანოთ – ჩემპიონთან გასვლაზე და თან ისიც აღვნიშნოთ, რომ აჭარლები 68-ე წუთიდან მოყოლებული ბრაზილიელი ჯეფინიოს გაძევების გამო კაცნაკლულნი თამაშობდნენ.

ეროვნული ლიგის I ტურის დანარჩენი ოთხი შეხვედრა კვირას, 5 მარტს გაიმართება.

“სამტრედია” – “შუქურა” 1:1 (1:1)

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”

“სამტრედია”: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, ახალაძე (სუხომლინოვი 60), რაჟამაშვილი, მანჯგალაძე, კასრაძე, მარკოზაშვილი, ჩაგელიშვილი (სამუშია 82), ბერიაშვილი

მწვრთნელი: გია ცეცაძე

“შუქურა”: ჯიოევი, საბაძე (ჭანუყვაძე 87), კალანდია, ჩაჩუა, ჯაფარიძე, ართმელაძე (მამულაშვილი 64), გურული, მახარაძე, კლიმიაშვილი, ჯეფინიო, კუტალია (დაგარგულია 90)

მწვრთნელი: გია გურული

გოლები: 1:0 რაჟამაშვილი (19), 1:1 საბაძე (41)

გაფრთხილება: გოგიაშვილი (15), სანდოხაძე (30), რაჟამაშვილი (55) – ართმელაძე (25), ჯეფინიო (39, 68), ჯაფარიძე (90)

გაძევება: ჯეფინიო (68)

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121269