ფეხბურთი

2:48 | 4.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “სოსიედადმა” “ატლეტიკოს” გადაუსწრო

ლა ლიგის 26-ე ტურის გახსნითი შეხვედრა “ბენიტო ვილამარინზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “ბეტისი” სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადს” დაუხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

სტუმრები შეხვედრის დებიუტშივე დაწინაურდნენ: მე-9 წუთზე ასიერ ილარამენდის ჩინებული გადაცემით ხონ ბაუტისტა მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა შვიდ წუთში ძალიან ლამაზი გოლით გაათანაბრეს – მანდიმ “მაკრატელა” შეაგდო. ანდალუსიელებს არანაკლები ლამაზი ბურთით უპასუხეს ბასკებმა: 26-ე წუთზე ხაბი პრიეტომ საჯარიმოს მისადგომებიდან ჩინებული გოლი გაიტანა და ტაიმი 1:2 დასრულდა.

65-ე წუთზე “ბეტისმა” მეორედ გაათანაბრა, რუბენ კასტრომ მშვენივრად ითამაშა, რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას სანაბრიამ დაასწრო და ახლო მანძილიდან თავური დარტყმით შეაგდო. გამარჯვების გოლი “ჩური ურდინმა” 72-ე წუთზე გაიტანა: ხაბი პრიეტომ ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ანტონიო ადანს შორეულ კუთხეში გაუტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა – 2:3.

“სოსიედადმა” 48 ქულა დააგროვა და “ატლეტიკოს” 2 ქულით გადაუსწრო. შესაბამისად, ბასკები მინიმუმ კვირამდე მე-4 ადგილზე იქნებიან. “ბეტისი” კი, 27 ქულით მე-14 პოზიციაზე დარჩა.

ბეტისი – სოსიედადი 2:3 (1:2)

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (5-4-1): ადანი, პაცელა, ტოსკა, მანდი, დურმისი, რ.ნავარო, პეტროსი (ხოაკინი 67), სებალიოსი, მარტინი (სანაბრია 22), ბრასანაჩი (დონკი 87), რ.კასტრო.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

სოსიედადი (4-4-2): რული, რ.ნავასი, ი.მარტინესი, ოდრიოზოლა, ბერჩიჩი, ზურუტუზა (გრანერო 82), ილარამენდი, კანალესი (ოიარზაბალი 67), პრიეტო, ხონი (კ.როდრიგესი 77), ველა.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლები: 0:1 ხონი (9), 1:1 მანდი (16), 1:2, 2:3 პრიეტო (26; 72), 2:2 სანაბრია (65)
გაფრთხილებები: პაცელა, ხოაკინი, დონკი, სებალიოსი – ბერჩიჩი, ილარამენდი
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104451