ფეხბურთი

10:00 | 4.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა სამტრედიიდან და ჩემპიონით იწყება - ახალი მოლოდინი სიახლეებით

ახალი ჩემპიონატი, ახალი ფორმატი, ახალი მოლოდინი, ახალი იმედი და ბევრი სიახლე – დღეს, საქართველოს 29-ე ეროვნული ჩემპიონატი, ახლა უკვე ახალი სახელწოდებით, ეროვნული ლიგა იწყება. 2017 წლის სეზონს მოქმედი ჩემპიონი “სამტრედია” საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ გახსნის – “ეროსი მანჯგალაძეზე” იმერლები ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლებენ და ტიტულის შენარჩუნებისკენ სვლას დაიწყებენ.

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა 10 გუნდიანი იქნება და იგი ოთხ წრედ ჩატარდება. სწორედ ამის შემდგომ გამოვლინდება საქართველოს 2017 წლის ჩემპიონი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბევრი სიახლე შემოგვთავაზა, რაც ცალსახად სასიამოვნოა. თუნდაც ახალი ვებგვერდი, რომელიც უშუალოდ ჩემპიონატის შესახებ იფუნქციონირებს, ყოველი ტურის ცენტრალური მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეა დაგეგმილი და მათ შორის, დღევანელი შეხვედრაც. ამავე არხზე გადაიცემა ტურის მიმოხილვები და ყოველთვიური გადაცემაც. გარდა ამისა, ტურის დანარჩენი ოთხი შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟები სოწრედ ეორვნული ლიგის საიტზე იგეგმება.

გარდა ამისა, პირველად ჩვენი ჩემპიონატის ისტორიაში ყველა გუნდის მაისურზე გამოსახული იქნება არამარტო ფეხუბრთელა ნომრები, არამედ გვარებიც. თანაც, ქართული ასოებით. საერთოდ, აღმოსავლეთ ევროპაში ადგილობრივ ენაზე გვარების დაწერა მაისურებზე უკვე მიღებული პრაქტიკაა. ასევე, მაისურებზე ეროვნული ლიგის ლოგო და საქართველოს დროშაც იქნება გამოსახული.

მოკლედ, ვიზუალური თვალსაზრისით და შეფუთვით, ახალი სეზონი უდავოდ ტოვებს განსაკუთრებულ მოლოდინს. დანარჩენი უკვე საფეხბურთო მოედნებზე გამოჩნდება...

10 გუნდი და 10 მიზანი

როგორც იცით, ამჯერად ეროვნული ლიგა 10 გუნდისგან იქნება მოცული. ყველას თავისი მიზანი გააჩნია – ზოგი ჩემპიონობას უმიზნებს, ზოგიც ევროსაგზურებს, ზოგიც არგავარდნისთვის იბრძოლებს.

მოქმედ ჩემპიონი “სამტრედიაა”, რომელიც კვლავაც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად უნდა განვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ გია ცეცაძის გუნდმა სამი წამყვანი მოთამაშე გაასხვისა, შევსებაც საკმაოდ მიიღო და სეზონს ამაღლებულ განწყობაზეც ხვდება – საქართველოს სუპერთასიც დაისაკუთრა.

ბევრს მოელის გულშემატკივარი ქუთაისის “ტორპედოსგან”, რომელმაც ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და რამდენიმე საინტერესო მოთამაშეც დაიმატა. მთავარი მწვრთნელი კი, ისევ კახა ჩხეტიანია, რომლის ხელშიც ქუთათურებმა უფრო ლაღად დაიწყეს თამაში.

წესით, ევროსაგზურების მებრძოლთა სიაში უნდა ჩავწეროთ საჩხერის “ჩიხურა”, რომელიც სტაბილურობით გამოირჩევა და რომლის შემადგენლობაც ფაქტობრივად იდენტურია შარშანდელ სეზონთან. თუ არ ჩავთვლით საბა ლობჟანიძეს. თუმცა, იგი საჩხერეში მხოლოდ იჯარის წესით თამაშობდა. იქვეა თბილისის “ლოკომოტივიც” – “რკინიგზელებს” ცხელი სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდათ: გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ ბევრიც მივიდა და საკმაოდ სოლიდური შევსებაც მიირო საქართველოს კვალობაზე.

ბათუმის “დინამოც” გაძლიერდა. განსაკუთრებით გამოსაყოფია ბელგიური “გენკის” ექსშემტევი, ნიგერიელი კენედი მვანგანგა, რომელსაც ჩემპიონთა და ევროპა ლიგის მთავარ ეტაპზე არაერთხელ აქვს ნათამაშები.

თბილისის “დინამო” – გუნდში ბევრი სიახლეა. გეზი შემადგენლობის გაახალგაზრდავებისკენ, ახალი მთავარი მწვრთნელი და სამწლიანი პროგრამა. წესით, “დინამოს” ერთადერთი მიზანი ჩემპიონობა უნდა იყოს, თორემ ევროტურნირებს მიღმა დარჩენა გუნდმა გასულ სეზონში ისედაც მოახერხა.

2015 წლის ჩემპიონი გორის “დილაც” ანგარიშგასაწევი ძალა უნდა იყოს. “დილას” გარდამავალი ჩემპიონატი ფინანსური კრიზისის გამო ისეთი ვერ გამოუვიდა, როგორსაც მისი გულშემატკივრები ისურვებდნენ, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა – გორელებს ებრაელი ინვესტორი ჰყავს და საკმაოდ გამოცდილი ქართველი ფეხბურთელები დაიმატა. ასევე ახალწვეულები არიან ბრაზილიიდანაც – ფეხბურთელები, რომელთაც სხვათა შორის, საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე და ჩვენთვის ჩვეული ლეგიონერების კვალობაზე, კლასი ნამდვილად არ დაეწუნებათ.

ქობულეთის “შუქურა”, თბილისის “საბურთალო” და ფოთის “კოლხეთი” დღევანდელი გადმოსახედიდან, ერთი შეხედვით აუსტაიდერთა შორის უნდა მოვიაზროთ. თუმცა, ნაადრევად რომელიმეს ჩამოწერა ნამდვილად არ ივარგებს, თანაც პროგნოზები ხომ უმადური საქმეა – ეს ყველაფერი გარდამავალ ჩემპიონატში ჩინებულად იასპარეზა.

მოკლედ, დაველოდოთ, ეროვნული ლიგა იწყება!

“სამტრედია” – “შუქურა”

4 მარტი, 14:00 საათი

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”

“ლოკომოტივი” – “დინამო” (ბთ)

5 მარტი, 15:00 საათი

თბილისი, “მიხეილ მესხი 2”

“დინამო” (თბ) – “კოლხეთი”

5 მარტი, 15:00 საათი

თბილისი, “დინამო არენა”

“ჩიხურა” – “დილა”

5 მარტი, 18:00 საათი

ზესტაფონი, “დავით აბაშიძე”

“საბურთალო” – “ტორპედო”

5 მარტი, 18:00 საათი

თბილისი, “მიხეილ მესხი”

0.135432