ფეხბურთი

3:40 | 3.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: საჩემპიონო რბოლა მაგრად დაიძაბა

ლა ლიგის 25-ე ტური ორი შეხვედრით დასრულდა. “სევილიამ” საკუთარ მოედანზე “ბილბაო” დაამარცხა და საჩემპიონო რბოლა უკიდურესად დაძაბა.

“სანჩეს პისხუანზე” გამართული დაპირისპირება თანაბარი გამოდგა. პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, ხოლო მეორე ნახევარში სათამაშო ინიციატივა ხელთ სტუმრებმა იგდეს.

“დალაქებმა” თავიდანვე მძლავრად შეუტიეს და საწყის ათ წუთში სტევან იოვეტიჩს ორჯერ შეეძლო გატანა. მე-13 წუთზე კი, დიდხნიანი პაუზის შემდგომ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულმა ლუსიანო ვიეტომ პენალტი გამოიმუშავა. 11-მეტრიანი სტევან იოვეტიჩმა დაარტყა, რომელსაც ბურთი გორკა ირაისოსმა აუღო, თუმცა დამატებაზე ვისენტე იბორა გაჩნდა და ანგარიში გახსნა.

გაშვებული გოლის შემდგომ ბასკებიც გააქტიურდნენ და რაულ გარსიამ ბურთი ძელს მოარტყა. სტუმართაგან მეორე ნახევარშიც რაულ გარსია აქტიურობდა ყველაზე მეტად და გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა: ერთ ეპიზოდში კარს ზემოდან გადააცილა, ხოლო მეორე შემთხვევაში სერხიო რიკოს ვერ აჯობა. თავის მხრივ, მეორე ბურთის გატანა ანდალუსიელებსაც შეეძლოთ, მაგრამ ჯერ მარიანომ, ხოლო შემდგომ ვიეტომ ძალიან რეალური შანსები გაანიავეს და შეხვედრა 1:0 დასრულდა.

“სევილიამ” 55 ქულა დააგროვა. ხორხე სამპაოლის შეგირდები “რეალს” ერთი (მადრიდელებს 1 მატჩი თადარიგში აქვთ), ხოლო “ბარსელონას” ორი ქულით ჩამორჩებიან.

“ატლეტიკო” გასვლაზე ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ “დეპორტივოს” დაუპირისპირდა, მორიგი ქულები დაკარგა და ამჯერად უკვე საბოლოოდ გახდა ცხადი, რომ დიეგო სიმეონეს გუნდი სამეულში შესასვლელად ვერ იბრძოლებს. პირიქით, მადრიდელები მე-5 ადგილზე მყოფ “სოსიედადს” მხოლოდ ქულით უსწრებენ და ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ეს პოზიციაც არ დაკარგონ.

“დეპორტივოს” ზედიზედ 4 წაგება ჰქონდა, ხოლო გალისიურ კლუბს ბოლოს 7 მატჩის წინ ჰქონდა მოგებული, რამაც სამწვრთნელო ცვლილება გამოიწვია: გაისკა გარიტანო დაითხოვეს და პეპე მელი დანიშნეს, რომელსაც დებიუტი ნახსენებ მატჩში ჰქონდა.

გალისიელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მე-13 წუთზე ანგარიში გახსნეს: ხოსე მარია ხიმენესის უხეში შეცდომით ფლორინ ანდონემ ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა აღარ გასჭირვებია. პირველ ტაიმში ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში სტუმრები გააქტიურდნენ, რამაც შედეგი 68-ე წუთზე გამოიღო: ფელიპე ლუისს 24 მეტრიდან ულამაზესი გოლი გაჰქონდა, ბურთი ძელმა მოიგერია, თუმცა შეტევა გაგრძელდა და საბოლოო ანტუან გრიზმანის შესანიშნავი გოლით დასრულდა.

“როხიბლანკოს” მოგებაც შეეძლო: მე-80 წუთზე ფერნანდო ტორესი გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ ხერმან ლუქსმა შესანიშნავად ითამაშა და ძალიან რთული ბურთი მოიგერია. 85-ე წუთზე ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა: ფერნანდო ტორესს ალექს ბერგენტინოსი ძალიან ცუდად დაეჯახა და ესპანელი ფორვარდი მინდორზე უგონოდ დაეცა. ფერნანდოს პირველადი დახმარება თანაგუნდელებმა ვრსალკომ და გაბიმ გაუწიეს, რომლებიც იმას ცდილობდნენ, რომ გამოცდილ ფორვარდს ენა არ გადაეყლაპა, ხოლო შემდგომ მას ექიმებმა მიხედეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფერნანდო გონს მოვიდა და მისი მდგომარეობაში შედარებით უკეთესია. ტორესის ჯანმრთელობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ცალკე გამცნობთ.

შეხვედრა კი ფრედ 1:1 დასრულდა და “ატლეტიკო” მოწინავე სამეულს კიდევ უფრო ჩამოშორდა, ხოლო პეპე მელიმ გალისიური კარიერა კარგად დაიწყო.

დეპორტივო – ატლეტიკო 1:1 (1:0)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, სიდნეი, არიბასი, ხუანფრანი, ლუისინიო (ლაურე 82), მოსკერა, ბორგესი, ფაჟრი, ჩოლაკი (ბერგენტინოსი 76), კაკუტა (ფ.ნავარო 54), ანდონე.
მწვრთნელი: პეპე მელი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, გოდინი, ხიმენესი, ლუისი, ვრსკალკო, კოკე (გაიტანი 57), გაბი, ტეიე, ა.კორეა (კარასკო 57), გრიზმანი, გამეირო (ფ.ტორესი 65).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 ანდონე (13), 1:1 გრიზმანი (68)
გაფრთხილებები: ანდონე, ლუისინიო – გოდინი
მსაჯი: კლოს გომესი

სევილია – ბილბაო 1:0 (1:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-4-2): ს.რიკო, მერკადო, რამი, მარიანო, ესკუდერო, იბორა, კრანევიტერი, ხ.კორეა (ფ.ვაზკესი 63), ნასრი, ვიეტო (მონტოია 78), იოვეტიჩი (ბენ იედერი 78).
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ეჩიტა, ი.ალვარესი, ბოვედა (სუსაეტა 69), საბორიტი, სან ხოსე, ბენიატი (იტურასპე 61), რ.გარსია, ლეკუე, მუნიაინი (ვილალიბრე 84), უილიამსი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლი: იბორა (14)
გაფრთხილებები: იოვეტიჩი, მარიანო, მერკადო, ნასრი, ხ.კორეა (სკამიდან), კრანევიტერი – სუსაეტა, ეჩიტა
მსაჯი: დანიელ ოკონ არაისი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142887