ფეხბურთი

23:12 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინტერვიუ მატეია კეჟმანთან: "საერთო ბევრია - სამხრეთული ბუნება, მენტალიტეტი..."

...სწრაფი, მუდამ გოლზე დაგეშილი და ფეთქებადი თავდამსხმელი იყო. ახლო წარსულში, 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა და სახელი ჰოლანდიურ პსვ-ში დაიგდო. მანამდე პატარა კლუბებში დაიწყო, პსვ-მდე კიდევ იყო "პარტიზანშიც", ხოლო ჰოლანდიის მერე ითამაშა "ჩელსიში", "ატლეტიკოში", "ფენერბაჩეში", პსჟ-ში, "ზენიტში", ჩინურ კლუბებსა და ბატე-ში. კლუბების ჩამონათვალი როგორ მოგწონთ?!

მატეია კეჟმანზეა საუბარი. სერბი საქართველოშია, გოგა გახოკიძესთან სტუმრად. კეჟმანი და გახოკიძე თანაგუნდელები იყვნენ პსვ-ში, მეგობრობდნენ და ეს მეგობრობა მოჰყვებათ.

გოგა გახოკიძე, როგორც იცით, მენეჯერი გახლავთ და არაერთი ქართველი ფეხბურთელისთვის გაუკვალავს გზა უცხოეთში, მათ შორის, გურამ კაშია არნემის "ვიტესში" და გიორგი ქვილითაია ვენის "რაპიდში". გოგა და კეჟმანი ერთად ითანამშრომლებენ... სერბმა ხუთი წლის წინ დაასრულა კარიერა და საფეხბურთო აგენტად მუშაობს.

გახოკიძესა და კეჟმანს ვესტუმრეთ. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება მასთან ინტერვიუ:

- გოგასთან სტუმრად ვარ. ჯერ გუდაურში ვიყავი, თხილამურებზე სრიალი მიყვარს... ძალიან მომეწონა იქაურობა და საერთოდ, ულამაზესი ქვეყანაა საქართველო. მოხიბლული ვარ, რასაც გოგა გეუბნებოდა, მართალი ყოფილა (გახოკიძემ ისიც გვითხრა, კეჟმანს იმდენად მოეწონა გუდაური, აქ სახლის ყიდვას აპირებსო. - ავტ.). რა თქმა უნდა, მარტო თხილამურებზე სასრიალოდ არ ჩამოვსულვარ. მე და გოგა შეთანხმებულად ვაწარმოებთ სამენეჯერო საქმიანობას.

- ანუ, ქართველი ფეხბურთელების გაყვანას უცხოურ კლუბში?

- დიახ. ქართველებს კარგი ფეხბურთელები გყავდათ, მაგარ გუნდებშიც თამაშობდნენ. ვიცი, დღესაც არიან პერსპექტიულები.

- ამჟამად კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელზე მუშაობთ?

- ჯერ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაა. თბილისის "დინამოს" რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელზე ვფიქრობთ. გიორგი ქვილითაიას საკითხზეც ვფიქრობთ. ვფიქრობ, ქართველებს შეუძლიათ ევროპაში თავის გამოჩენა.

- ტოპ-კლუბებში გითამაშიათ და დიდი კავშირებიც გექნებათ...

- იტალია, ბელგია, ჰოლანდია, ისრაელი... ბევრი ასეთი ქვეყანაა.

- ყველაზე დიდხანს პსვ-ში თამაშობდით, სახელიც იქ გაითქვით. გახოკიძეს ჩვენთან ინტერვიუში ადრეც უსაუბრია თქვენზე, როგორც არა მხოლოდ კარგ ფეხბურთელზე, ასევე როგორც კარგ მეგობარზე. თქვენ როგორ გაიხსენებდით ერთად გატარებულ პერიოდს?

- გოგაზე ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა. ყველაზე სახალისო რაც მახსოვს, ვან ბომელი რომ შეაშინა... არადა, ვან ბომელი გუნდის კაპიტანი იყო. გოგას ვარჯიშის დროს ყელში იდაყვი დაარტყა, გოგა კი დაემუქრა, მოგკლავო. ვან ბომელი მე მეკითხებოდა, მართლა ხომ არ მომკლავსო. მეგონა, ხუმრობდა. თურმე მართლა ეშინოდა.

- ვიცით, რომ ქართველი ფეხბურთელები უცხოეთში ყველაზე ხშირად უფრო ექს-იუგოსლავიელებთან მეგობრობენ. თქვენც სამხრეთელებთან უფრო იოლად პოულობთ საერთოს?

- ასეა. რელიგიურობის მომენტიც არის. ჩვენ ხომ მართლმადიდებლები ვართ. სამხრეთული ბუნება, მენტალიტეტი... ჰოლანდიელები უფრო ოფიციალურები არიან. მაგალითად, გოგასთან ოფიციალური ამბები არ მჭირდება.

- გავიხსენოთ ევრო-2000. ნორვეგიასთან მატჩის ბოლო წუთებზე გაგაძევეს. არადა, ერთი წუთის შესული იყავით მინდორზე...

- ნერვების ბრალი იყო, მწვრთნელზე გაბრაზებულმა მეტოქეზე ვიყარე ჯავრი. მწვრთნელი (ვუიადინ ბოშკოვი- ავტ) მთელი თამაშის განმავლობაში მახურებდა და მხოლოდ 85-ე წუთზე შემიყვანა... ძალიან გამწარებული ვიყავი.

- მანამდე კი იყო იუგოსლავია-სლოვენიის სასწაული მატჩი. სლოვენია 3:0-ს გიგებდათ, თან სინიშა მიხაილოვიჩი გააძევეს და 10 კაცით სამი გოლი გაუტანეთ მეტოქეს. როგორ მოახერხეთ ეს?

- არავითარი საიდუმლო, ან მწვრთნელის დავალებები. ერთი გოლი რომ გავუტანეთ, ძალა მოგვეცა.

- შეგიძლიათ დაასახელოთ თქვენი კარიერის მატჩი?

- სამი რომ დავასახელო?.. "პარტიზანი"-"ცრვენა ზვეზდა" იყო, ეს კი უმნიშვნელოვანესი დერბია. 2:1 მოვიგეთ და გადამწყვეტი გოლი გავიტანე. 2006 წელს სერბეთმა ბოსნიას მოუგო 1:0 და ეს ერთადერთი გოლი მე გავიტანე. ხომ წარმოგიდგენიათ, ბოსნია-სერბეთის თამაში ფეხბურთის ჩარჩოებს სცდებოდა. კიდევ ერთი მაგარი თამაში პსვ-ში მახსოვს. "მანჩესტერ იუნაიტედს" ვხვდებოდით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და 3:1 მოვიგეთ. ლამაზი გოლი გავიტანე და საერთოდ, თამაში წამივიდა. არადა, მანამდე მიჭირდა, უგოლო სერია მქონდა. ახალი გადასული ვიყავი "პარტიზანიდან" პსვ-ში, ჩემში დიდი ფული გადაიხადეს და ვერ ვამართლებდი. "მანჩესტერთან" თამაშიდან ყველაფერი შეტრიალდა.

- 24 მარტს თბილისში ისეთი მატჩია, ვეჭვობთ, ჩამოხვალთ. საქართველო-სერბეთი.

- ვნახოთ. დიდი შანსია, ჩამოვიდე.

- ფეხბურთელთა კონტიგენტის მიხედვით, სერბეთის ნაკრებს გაცილებით კარგი შედეგები უნდა ჰქონდეს. წინა შესარჩევები ნაკრებმა აშკარად ჩააგდო და ახლა თითქოს უკეთესობა იგრძნობა. რატომ ვერ თამაშობს სერბეთის ნაკრები სტაბილურად?

- მენტალიტეტის ბრალია. ეს ბოლო თვეებია, უკეთესად თამაშობს ნაკრები და ვნახოთ.

სხვათა შორის, კეჟმანი პსვ-ის რეკორდსმენია ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით - 40 გოლი. ოთხი სეზონი ითამაშა ეინდჰოვენის კლუბში და 122 მატჩში 105 ბურთი მიითვალა. იხუმრა, ამდენ ძლიერ კლუბში მითამაშია და კურიოზული იყო, რომ მერე ბატეც გამოერიაო.

0.111317