ფეხბურთი

14:27 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კახა კაჭარავა: "ფეხბურთელი, რომელიც რამდენჯერმე დაჯარიმდება, გუნდს დატოვებს"

თბილისის “დინამომ” ახალი მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა წარადგინა. დინამოელთა თავკაცმა ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც დინამოს აკადემიის აღზრდილები არიან, მთავარ გუნდში სათამაშოდ შანსი უნდა მიეცეთ.

გარდა ამისა, კაჭარავამ დისციპლინაზე, გუნდში შემოღებულ ჯარიმებზე და საბა ლობჟანიძის საკითხე ისაუბრა:

“ძალიან მიხარია “დინამოში” დაბრუნება. აქ იმისთვის მოვედი, რომ გუნდს დავუდგე გვერდში. არიან პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელთა დიდი იმედი მაქვს. 3-4 წლის წინ “დინამოს” სხვა გეზი ჰქონდა აღებული, მაგრამ ახლა სხვა აქვს – “დინამოს” აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელებს მთავარ გუნდში შანსი მიეცემათ.

ფეხბურთში მე მხოლოდ ფულს არ ვუყურებ – არსად ისე არ მიმუშავია, რომ უკან დაბრუნების გზა მომეჭრა.

რაც შეეხება საბა ლობჟანიძის საკითხს - პირდაპირ ვამბობ, რომ მე მინდა გუნდში ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც “დინამოში” თამაში სურსა. არ ვიცი, ვინ როგორ უყურებს, მაგრამ ჩემთვის ასეა. ჩემთვის ყოველთვის მიზანი იყო, რომ თბილისის “დინამოში” მეთამაშა. ასე უნდა იყვნენ ეს ბავშვებიც. თუ გახსოვთ, საბა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში პირველად მე მივიწვიე.

ჯარიმებს რაც შეეხება – ეს აქ არ მომიგონია. ჯერ კიდევ “დინამოში” ძველად ყოფნის დროს მქონდა, იგივე “ზესტაფონში”. მე თუ ფეხბურთელთან ჯარიმების გამოყენება რამდენჯერმე მომიწევს, ის ფეხბურთელი ჩემთან ვეღარ იმუშავებს. იმედია, ამ ჯარიმების გამოყენება არ მომიწევს. აქვე გეტყვით, რომ ყველანაირ აზარტულ თამაშს ვკრძალავ, მათ შორის კარტსაც. ღამის ოთხ საათამდე ჯოკერს რომ ითამაშებ, მერე რაღა უნდა ივარჯიშო. აქამდე შემიმჩნევია ფეხბურთელები, რომლებიც ასე იქცეოდნენ. ამიტომ ეს აღარ მოხდება, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად", - განაცხადა "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა.

0.113473