ფეხბურთი

3:09 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიჟური მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” და “რეალი” ლა ლიგის ლიდერი აღარაა

ლა ლიგის 25-ე ტურის პირველი ორი სათამაშო დღე უაღრესად საინტერესო გამოდგა. აქამდე გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “რეალმა” მორიგი ქულები დაკარგა და იმ სოლიდური უპირატესობისგან, რომელიც “სამეფო კლუბს” რამდენიმე ტურის წინ გააჩნდა, აღაფერი დარჩა.

მადრიდელები საკუთარ მოედანზე “ლას პალმასს” დაუხვდნენ, რომელიც ძალიან ცუდ ფორმაში გახლდათ და მიჯრით 4 შეხვედრა ჰქონდა წაგებული. შეხვედრა ისე დაიწყო, როგორც მოსალოდნელი გახლდათ და მე-8 წუთზე მასპინძლები ისკომ დააწინაურა, თუმცა მათი ზეიმი ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა და ორ წუთში ტანაუსუმ შესანიშნავი გოლით წონასწორობა აღადგინა. ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარი “რეალისთვის” კოშმარულად დაიწყო: 47-ე წუთზე ფერნანდეს ბორბალანმა არასპორტული საქციელის გამო მოედნიდან გარეტ ბეილი გააძევა, ხოლო 56-ე წუთზე სერხიო რამოსმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის გამოც, მსაჯმა პენალტი დანიშნა და ჯონათან ვიერამ სტუმრები დააწინაურა. გაშვებულმა გოლმა მადრიდელები ძალიან დააბნია, ხოლო კანარელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და სამ წუთში მათ კონტრშეტევას კევინ-პრინც ბოატენგის გოლი მოჰყვა.

“ლას პალმასი” ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მშვენიერ კონტრშეტევებს ახორციელებდა და რამდენჯერმე შეეძლოთ, რომ სხვაობა გამანადგურებელი გაეხადათ, თუმცა სტუმრებს ერთი კომპონენტი აშკარად ძალიან აკლდათ – კლასი, რაც საბოლოო ჯამში ამ მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ერთი შეხედვით შექმნილ სიტუაციაში “რეალი” განწირული ჩანდა, თუმცა მადრიდელებმა მებრძოლი სული გამოავლინეს და უმძიმეს სიტუაციაში ქულის აღება მოახერხეს – 86-ე წუთზე კრიშტიანო რონალდუმ პენალტით ანგარიში შეამცირა, ხოლო 90-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა - 3:3.

“რეალის” ქომაგები ამ ქულით ბედნიერნი ნამდვილად ვერ იქნებიან, თუმცა თუ უშუალოდ თამაშის სურათს გავითვალისწინებთ, “რეალმა” ეს ქულაც სასწაულით მოიპოვა და ამ მხრივ უკმაყოფილო არ უნდა იყვნენ. ფაქტია, რომ “რეალი” ლა ლიგის გამოკვეთილი ფავორიტი აღარაა და ტიტულისთვის ბრძოლა ხელახლა იწყება.

გათამაშების აწ უკვე ლიდერი (“რეალს” ერთი მატჩი თადარიგში აქვს) “ბარსელონა” “ნოუ კამპზე” “ხიხონს” დაუხვდა და შავი დღე აყარა. მასპინძლებმა 3-4-3 ტაქტიკით ითამაშეს და 90 წუთის განმალობაში არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.

ანგარიში მე-9 წუთზე ლიონელ მესიმ თავური დარტყმით გახსნა, ხოლო ორ წუთში ლუის სუარესმა ხუან როდრიგესს ავტოგოლი გაატანინა. ასტურიელებმა გაბრძოლება სცადეს და 21-ე წუთზე კარლოს კასტრომ სხვაობა შეამცირა, თუმცა 6 წუთში ლუის სუარესმა ლამაზი გოლით ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და ტაიმი 3:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში ლუის ენრიკემ ლიდერები დაასვენა. მან შესვენებისას ლუის სუარესი შეცვალა და მის ნაცვლად პაკო ალკასერი შეუშვა მინდორზე, რომელმაც სამ წუთში მეოთხედ აიღო კუელარის კარი. 65-ე წუთზე ნეიმარმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმა გაიტანა, ხოლო 87-ე წუთზე “ხიხონის” წვალებას წერტილი ივან რაკიტიჩმა დაუსვა – 6:1. “ბარსელონა” 57 ქულა დააგროვა და “რეალს” 1 ქულით გაუსწრო.

“ვილიარეალი” გასვლაზე “ოსასუნას” დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. აღსანიშნავია, რობერტო სოლდადოს გოლი, რომელმაც მძიმე ტრავმის მოშუშების შემდგომ პირველი გოლი გაიტანა. რობერტომ 26-ე წუთზე თავი პენალტით გამოიჩინა, ხოლო იქამდე ანგარიში რობერტო სორიანომ გახსნა და ტაიმი 0:2 მორჩა.

64-ე წუთზე რობერტო ტორესმა 11-მეტრიანით სხვაობა შეამცირა, თუმცა 74-ე და 78-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ბორემ დუბლი გაიფორმა და მატჩის ბედი გადაწყვიტა – 1:4. აშკარაა, რომ “ოსასუნა” ქვედა დივიზიონში გასავარდნად განწირულია.

“ოსასუნასგან” განსხვავებით, ლა ლიგაში დარჩენა ნამდვილად შეუძლია “გრანადას”, რომელმაც შინ “ალავესი” დაამარცხა და ქულებით მე-17 ადგილოსან “დეპორტივოს” გაუთანაბრა. დღის კიდევ ერთი შეხვედრა “ესტადიო ბალაიდოსზე” გაიმართა, სადაც “სელტამ” და “ესპანიოლმა” საწყის 32 წუთში ერთმანეთს ორ-ორი გოლი გაუტანეს, თუმცა ტაიმის ბოლოს მოედნიდან ფონტასის გაძევებამ ყველაფერი შეცვალა და მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა. აღსანიშნავია, იაგო ასპასის გოლი. გალისიელთა ლიდერმა ზედიზედ მეორე მატჩში ჯარიმა გაიტანა და მიმდინარე ლა ლიგაში სულ 14 გოლი დაუგროვდა.

რაც შეეხება სამშაბათის მატჩებს, “ვალენსიამ” “მესტალიაზე” “ლეგანესი” მიიღო და ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხა. მართალია “ღამურებმა” მინიმალური სხვაობით იმარჯვეს, მაგრამ მთელი მატჩის განმალობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო მეტოქეს დიეგო ალვეშის კარის მიმართულებით ზუსტად არ დაურტყამს. ერთადერთი ბურთი კი, 29-ე წუთზე ელიაკიმ მანგალამ შეაგდო – 1:0.

“ბეტისმა” გასვლაზე “მალაგა” დაამარცხა, ხოლო “სოსიედადს” და “ეიბარს” შორის “ანოეტაზე” გამართული ბასკური დერბი ფრედ 2:2 დასრულდა.

ტური დღეს ორი მატჩით დასრულდება: ჩემპიონობისთვის მებრძოლი “სევილია” შინ “ბილბაოს” მიიღებს, ხოლო მე-4 ადგილოსანი “ატლეტიკო” გასვლაზე “დეპორტივოს” დაუპირისპირდება.

28 თებერვალი

ვალენსია – ლეგანესი 1:0 (1:0)

გოლი: მანგალა (29)
გაძევება: ალბერტო (80 ლ.)

სოსიედადი – ეიბარი 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 ხუანმი (14), 1:1 ესკალანტე (26), 2:1 ველა (67 პენ.), 2:2 ლეონი (93)
გაძევებები: ხუანმი (59 ს.) – ლეიუნი (46 ე.)

მალაგა – ბეტისი 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ფორნალსი (39), 1:1 მარტინი (48), 1:2 სანაბრია (74)

1 მარტი

სელტა – ესპანიოლი 2:2 (2:2)

გოლები: 1:0 ასპასი (21), 1:1 მორენო (28), 2:1 ვასი (30), 2:2 პიატი (32)
გაძევება: ფონტასი (43 ს.)

ოსასუნა – ვილიარეალი 1:4 (0:2)

გოლები: 0:1 რ.სორიანო (2), 0:2 სოლდადო (27 პენ.), 1:2 რ.ტორესი (64), 1:3, 1:4 ბორე (74; 78)

ბარსელონა – ხიხონი 6:1 (3:1)

გოლები: 1:0 მესი (9), 2:0 ხ.როდრიგესი (11), 2:1 კ.კასტრო (21), 3:1 ლ.სუარესი (27), 4:1 ალკასერი (49), 5:1 ნეიმარი (65), 6:1 რაკიტიჩი (87)

რეალი – ლას პალმასი 3:3 (1:1)

გოლები: 1:0 ისკო (8), 1:1 ტანაუსუ (10), 1:2 ვიერა (56 პენ.), 1:3 ბოატენგი (59), 2:3, 3:3 რონალდუ (86 პენ; 90)
გაძევება: ბეილი (47 რ.)

გრანადა – ალავესი 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვაკასო (38), 2:0 კუენკა (53), 2:1 კამარასა (57)
გაძევება: კატაი (93 ა.), ალექსისი (94 ა.)

თეგებილა ლიგა
0.23403