კალათბურთი

20:10 | 27.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

21 ქულა და 18 მოხსნა ფინალში - გოგა ბითაძე სიმბოლურ ხუთულში შეიყვანეს

გოგა ბითაძე ახალგაზრდული ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის - ADIDAS NEXT GENERATION-ის სიმბოლურ ხუთეულში აირჩიეს. 17 წლის ქართველ ცენტრს ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელებდნენ, მის „მეგა ბიმაქსს“ ფინალური მატჩი „ცრვენა ზვეზდასთვის“ რომ მოეგო. ევროლიგის ოთხთა ფინალში გასასვლელ მატჩში ბითაძემ დიდებულად ითამაშა, მაგრამ თავის გუნდს ვერ უშველა - „ცრვენა ზვეზდამ“ 74:61 იმარჯვა და ევროლიგის ბელგრადული საკვალიფიკაციო ტურნირი ზედიზედ მეშვიდედ მოიგო.

ბითაძე ფინალური მატჩის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა თანაგუნდელთაგან მოედანზე ყველაზე მეტი - 35:55 წუთი გაატარა და მატჩის საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსი მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო - 31 იყო. ამ მხრივ ბითაძის შემდეგ „ცრვენა ზვეზდას“ წევრი ვუკ დორდევიჩი მოდის 24 ერთეულით.

ბითაძემ 16-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 21 ქულასთან ერთად გოგამ 18 (!) მოხსნა (10 შეტევაში) და 3 დაფარება მიითვალა. სამწუხაროდ, თანაგუნდელებმა მას სათანადოდ ვერ აუბეს მხარი და „მეგა ბიმაქსმა“ მარცხი განიცადა. გამარჯვებულთაგან დორდევიჩის კვალზე 20 ქულა და 6 პასი მიითვალა ალეკსა უსკოკოვიჩმა, რომელიც ტურნირის MVP-დ დაასახელეს.

ტურნირზე უსკოკოვიჩის საშუალო მაჩვენებლები გახლდათ: 16.8 ქულა, 5.3 პასი, 3.0 მოხსნა და 2.3 ჩაჭრა. სიმბოლური ხუთეულის ქართველი წევრის - გოგა ბითაძის საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 27:08 წუთი, 16.5 ქულა, 12.0 მოხსნა, 1.3 პასი, 2.8 დაფარება. შედეგად, ის მოხსნებსა და ბლოკ-შოტებში ტურნირზე პირველი გახლდათ, ქულებში კი – მეხუთე.

ბითაძესა და უსკოკოვიჩთან ერთად ADIDAS NEXT GENERATION-ის სიმბოლურ ხუთეულში შევიდნენ ზორან პაუნოვიჩი (“ცრვენა ზვეზდა”), ნიკოლა მიშკოვიჩი (“მეგა ბემაქსი”) და ამიტ ებო (“მაკაბი”, თელ ავივი).

gbf.ge

0.111621