ფეხბურთი

14:53 | 27.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ვიერიმ მარკო ბორიელოსთან სანაძლეო წააგო

ლეგენდარულმა იტალიელმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ ვეტერან მარკო ბორიელოსთან სანაძლეო წააგო. საქმე ისაა, რომ გასულ ზაფხულს, როდესაც ბორიელო “კალიარიში” ჩაირიცხა, ბობომ შემდეგი სახის ნიძლავი შესთავაზა:

თუ ბორიელო სეზონში 15 გოლს გაიტანდა, მაშინ ვიერი მას შვებულებას საკუთარი ფულით დაუფინანსებდა.

სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ 34 წლის ფორვარდმა 15 გოლის გატანა უკვე მოახერხა – 11-ჯერ სერია A-ში იხეირა, ოთხჯერ იტალიის თასზე.

ბორიელომ მეთხუთმეტე გოლი გუშინ, “კროტონეს” კარში შეაგდო, თუმცა მანამდე, როდესაც მარკომ “ბოლონიას” გაუტანა, ვიერიმ ინსტაგრამზე დაპოსტა:

“ბომბარდირო, ჩვენ 10 გოლზე ვართ, დარჩა კიდევ 5 გოლი”, - წერდა ვიერი. ამაზე არც ბორიელოს პასუხს დაყოვნებია: “მადლობა ბომბარდირო! სინამდვილეში ჩვენ 14 გოლზე ვართ და დარჩა მხოლოდ ერთი – 10 სერია ა-ში, 4 იტალიის თასზე, ეს ოფიციალური თამაშებში გატანილი გოლებია”, - უპასუხა ბორიელომ.

ახლა კი, მარკოს ამ გათვლებით 15 გოლი დაუგროვდა “კროტონესთან” მატჩის შემდეგ. და მაინც, თუ ვიერი თავისას არ მოიშლის და მხოლოდ იტალიის ჩემპიონატში გატანილ გოლებით დაითვლის ბორიელოს შედეგიანობას, მაშინ, “კალიარის” თავდამსხმელს კიდევ 4-ჯერ მოუწევს მეტოქეთა დამწუხრება.

აღსანიშნავია, რომ ასაკის მიუხედავად მარკო ბორიელო კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. თავად განსაჯეთ, აქამდე მისი საუკეთესო შედეგი 2007-2008 წლების სეზონში დაფიქსირდა, როდესაც “ჯენოას” მაისურით ყველა ტურნირის ჩათვლით 19 გოლით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118322