ძიუდო

20:54 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მეორე ოქრო – ბექა ღვინიაშვილი დიუსელდორფში გაჩემპიონდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) დიუსელდორფის გრან პრის ჩემპიონია. 21 წლის ძიუდოისტმა გერმანულ ტატამზე ხუთი შეხვედრა მოიგო და საქართველოს ნაკრებს მიმდინარე შეჯიბრებაზე მეორე ოქრო მოუპოვა. ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილმა გუნდმა შეჯიბრება ოთხი მედლით ჩაამთავრა. ღვინიაშვილის გარდა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ავიდა. ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) კი მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ბექა ღვინიაშვილმა გრან პრი მონღოლ ბატერდენე ბანდიხუუსთან დაჭიდებით გახსნა. ჯერ ვაზარით დაწინაურდა. საფინალო გონგამდე 46 წამით ადრე კი მეტოქე ბეჭებზე დააგდო. მეორე წრეშიც ვადაზე ადრე იმარჯვა - გერმანელ მარკ ოდენტალს წუთნახევარში ვაზარი შეუსრულა და ილეთი შებოჭვით დააგვირგვინა. ამის შემდეგ ღვინიაშვილი ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონს დაეჭიდა, რომელსაც პარიზის გრან სლემზე განცდილი მარცხისთვის რევანში ჰქონდა ჩვენებურთან ასაღები, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდა. ბექამ ამჯერად ვაზარი გაინაღდა ნახევარფინალის საგზური. ვაზარითვე სძლია გერმანიის მოქმედ ჩემპიონ ედუარდ ტრიპელსაც და ტურნირის მასპინძლები კიდევ ერთხელ დაამწუხრა.

ფინალში კი 21 წლის ქართველი ძიუდოისტი რუსეთის ნაკრების ტიტულოვან წევრს, ევროპის მოქმედ ჩემპიონს (81 კილოგრამ წონით კატეგორიაში) ხუსენ ხალმურზაევს დაუპირისპირდა და საფინალო გონგამდე რამდენიმე წამით ადრე შესრულებულ ვაზარს შებოჭვა მოაყოლა.

90 კილოგრამში საქართველოს სახელით ტატამზე ავთანდილ ჭრიკიშვილიც გავიდა, მაგრამ... ორი კვირის წინანდელი პარიზის გრან სლემის მსგავსად, წარმატების მიღწევა ვერც დიუსელდორფის გრან პრიზე შეძლო. ამჯერად ჭრიკიშვილი შეჯიბრებას პირველივე წრიდან გამოეთიშა – ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან შეხვედრაში ორჯერ დავარდა ვაზარიზე. თავად კი ილეთი ვერ შეასრულა.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, წინასწარ სატურნირო განაცხადში საქართველოს ნაკრებს ორი სპორტსმენ ჰყავდა შეყვანილი: ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური, მაგრამ წინასწარვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზის გრან სლემის ბრინჯაოს პრიზიორი ლიპარტელიანი თითის ტრავმის გამო გერმანულ გრან პრის გამოტოვებდა.

ტაველურმა პირველ მეტოქეს – ამერიკელ ლა სმიტს 3 წუთსა და 56 წამში უილეთოდ, სამი გაფრთხილებით სძლია. მეორე წრეში კი, ბელგიის ნაკრების წევრ ტომა ნიკოფოროვთან 10 წამში დამარცხდა და გრან პრის გამოეთიშა.

მძიმე წონაში საქართველოს სახელით კონკურენციაში ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი ჩაებნენ, მაგრამ ორივე სასტარტო შეხვედრაში დამარცხდა.

მატიაშვილმა იაპონელ კოკორო კაგუერასთან ვაზარით წააგო. ვაზარითვე დამარცხდა ოქრუაშვილიც, ყაზახ იერჟან შინკეიევთან.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დიუსელდორფიდან მომდევნო კვირის ბოლოს დაბრუნდება. იქამდე კი გერმანიაში ერთობლივ სანაკრებო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114426