ავტოსპორტი

15:38 | 25.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

„უილიამს FW40“ პროგრესის მოლოდინში

კონსტრუქტორთა პირველობაზე, ზედიზედ ორჯერ მესამე ადგილის დაკავების შემდეგ, „უილიამსმა“ გასული სეზონი მეხუთეზე დაასრულა. თავიდან გუნდი სტაბილურად ახერხებდა ქულების დაგროვებას, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში ერთბაშად დათმო პოზიციები. ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ საინჟინრო შტაბმა ადრევე დაიწყო ახალი რეგლამენტის შესაბამისი, ახალი სარბოლო ავტომობილის მომზადება.

ამ მზადების შედეგი უკვე ჩვენს წინაშეა - FW40 დათმობილი პოზიციებისთვის საბრძოლოდ გაემზადა. ავტომობილის ინდექსში ახლა 39-ის ჯერი იყო, მაგრამ ის იმ მარტივი მიზეზის გამო გამოტოვეს, რომ „უილიამსს“ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის 40 წელი უსრულდება.

გუნდმა დაკარგა ვალტერი ბოტასი, რომელმაც „მერსედესში“ ჩემპიონი ნიკო როსბერგი შეცვალა. ამის გამო, გუნდში ფელიპე მასა დააბრუნეს, რომელსაც გასული სეზონის ბოლოს, ამაღელვებელი გაცილება მოუწყვეს - ახალბედა კანადელ ლენს სტროლს გამოცდილი თანაგუნდელი სჭირდება.

საინტერესოა, რომ გროველებმა თავიანთი ახალი ავტომობილი, დეფლექტორების რთული ელემენტების გარეშე გვიჩვენეს. სავარაუდოდ, მელბურნის რბოლისთვის მათი მანქანა ბევრი ისეთი აეროდინამიკური დეტალით აღჭურვილი იქნება, რომელთა ჩვენებასაც გუნდი ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს.

ბარსელონას ტესტები ორშაბათს აიღებს სტარტს და „უილიამს FW40-ს“ ტრასაზე პირველი ფელიპე მასა გამოიყვანს. გუნდს მთავარი იარაღი, „მერსედესის“ მძლავრი და გამძლე აგრეგატი იქნება. თუმცა, იმავე აგრეგტს თავად „მერსედესი“ და „ფორს ინდიაც“ იყენებენ. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ექნება აეროდინამიკის და საკიდარის დახვეწას...

ახალი სარბოლო ტექნიკა ამ ეტაპზე ჯერაც არ წარმოუდგენია სამ გუნდს - „რედ ბულს“, „ტორო როსოს“ და „ჰაასს“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136212