ავტოსპორტი

23:14 | 24.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარის“ ახალი კვიცი - SF70H

„ფერარიმ“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი, SF70H ინტერნეტით გაგვაცნო. წარდგენის ცერემონია ფიორანოს ტრეკზე გაიმართა, სადაც მოგვიანებით, ავტომობილით პირველმა კიმი რაიკონენმა განავარდა. ახალი რეგლამენტის შესაბამისად, SF70H ძლიერ განსხვავდება წინამორბედისგან.

პირველ რიგში შეიცვალა მისი აეროდინამიკური ეკიპირება. უკანა ფრთას უფრო დაბალი განლაგება აქვს, წინა ფრთა კი წაგრძელებული და უსაშველოდ გართულებულია. რთული ფორმები აქვს გვერდითა დეფლექტორებსაც. „მერსედესის“ მსგავსად, მარანელოელებმაც T-ს ფორმის მინი ფრთა გამოიყენეს, რომელიც „ზვიგენის ფრთის“ კიდეშია დამაგრებული. სამქიმიანების მანქანაზე „ზვიგენის ფრთა“ არ ფიგურირებდა.

შეიცვალა რადიატორების კორპუსები. შემცირებულია მათი ჰაერის ამღები ჭრილები, რომლებიც უფრო მაღლა განლაგდა. მათ კორპუსებს ისეთი მოყვანილობა აქვს, რომ ჰაერის ძლიერ ჭავლს მიმართულება ავტომობილის უკანა ნაწილისკენ მისცეს. ჭავლის მიმართვაში ის დეფლექტორებიც მონაწილეობს, რომლებიც რადიატორების წინ და ირგვლივ ბლომად არის განლაგებული.

ახალი სარბოლო ავტომობილის წარდგენაში მონაწილეობა რაიკონენის და სებასტიან ფეტელის გარდა, „ფერარის“ შეფმა მაურიციო არივაბენემ და ტექნიკურმა დირექტორმა მატია ბინოტომაც მიიღეს. ეს უკანასკნელი წინა სეზონში ძრავების განყოფილების შეფი იყო, თუმცა გუნდიდან ჯეიმს ელისონის წასვლის შემდეგ, ტექნიკური შტაბის ხელმძღვანელად დაწინაურდა.

წინა სეზონის დაწყებამდე, „ფერარი“ „მერსედესის“ მთავარ მეტოქედ მოიაზრებოდა, თუმცა სეზონის მსვლელობისას, განვითარება ვერ მოახერხა. ამას ისიც დაემატა, რომ გუნდმა რამდენჯერმე სტრატეგიული შეცდომაც დაუშვა. საბოლოო ჯამში, მანქანის პოტენციალი გამოუყენებელი დარჩა და მარანელოელებმა ვერც მეორე ადგილი შეინარჩუნეს - მათ „რედ ბულმა“ გაასწრო.

ამჯერად იტალიური გუნდი პროგნოზებში თავშეკავებულია. როგორც ყოველთვის, მიზანი გამარჯვება იქნება, თუმცა ამაზე ლაპარკისგან გუნდის წევრები ჯერჯერობით თავის შეკავებას ამჯობინებენ. არივაბენე ამბობს, რომ გუნდების შესაძლებლობები რეალურად ავსტრალიაში, პირველ ეტაპზე გამოჩნდება.

„ნებისმიერი ახალი „ფერარის“ პრეზენტაცია განსაკუთრებული მოვლენაა. იქნება ეს საგზაო მოდელი, თუ სარბოლო ავტომობილი. დღეს ვუცქერდი მანქანას და იმ ადამიანებზე ვფიქრობდი, ვინც მრავალი თვის განმავლობაში მუშაობდა მის შესაქმნელად. ისინი წარმოუდგენლად მიზანმიმართულები, პროფესიონალები არიან, რომლებიც უბრალო დეტალებსც კი ყურადღებით უდგებიან. SF70H დაძაბული მუშაობის შედეგია. ბარსელონაში ორ კვირაში მოგვიწევს მანქანის სრულყოფაზე მუშაობა. ძალთა რეალური განლაგების შეფასებას კი მხოლოდ მელბურნში შევძლებთ“, - ამბობს არივაბენე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.184233