თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 150 ნომერში, მაიკლ ბარვისის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული პირველი ამერიკული ცენტრი, "ჩემპიონთა აკადემია" გაიხსნა, რომელიც პროფესიონალ სპორტსმენებს სპორტის ნებისმიერ სახეობაში მოამზადებს.
"ჩემპიონთა აკადემია" პროფესიონალ სპორტსემებზეა გათვლილი, თუმცა ვარჯიში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ცენტრის გახსნისათვის ხუთ მილიონამდე ლარის ქართული ინვესტიცია ჩაიდო. „ჩემპიონთა აკადემიის" მთავარი მწვრთნელები ბრიტანელი და ქართველი სპეციალისტები არიან, რომლებმაც ამერიკაში სპეციალური სწავლება გაიარეს. ცენტრი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დამფუძნებელთან ერთად გახსნა.
"ჩემპიონთა აკადემია" ოთხ სართულზეა განლაგებული და ფიზიკური მომზადებით დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ტიპის პროგრამებს სთავაზობს. ცენტრში შესაძლებელია, როგორც პროფესიონალური სპორტული აქტივობა, ასევე მოქმედებს სპეციალური სავარჯიშო პროგრამები ბავშვებისა და ქალებისათვის. ყველა მეთოდოლოგია სპორტული მედიცინის უახლესი კვლევების საფუძველზეა შექმნილი. ცენტრში მოქმედებას დაიწყებს პოსტრავმული და ნეირორეაბილიტაციის პროგრამები. ტრავმის შემდგომ თითოეული ადამიანის მონაცემი ამერიკაში გაიგზავნება. მაიკლ ბარვისი თითოეული ადამიანისათვის სპეციალურ ინდივიდუალურ პროგრამას შეიმუშავებს.
ტარიელ ხეჩიკაშვილი:" მისასალმებელია ბოლო პერიოდში კერძო სექტორის დაინტერესება სპორტის განვითარების კუთხით. ეს ნიშნავს, რომ ის მიდგომა, რაც სპორტის მიმართ სახელმწიფოს აქვს, ნდობას იმსახურებს კერძო სექტორის მხრიდან და ამ სფეროს სწორი მიმართულებით განვითარებაზე მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ სპორტული მედიცინის კუთხით უმნიშვნელოვანესი პროექტებია განსახორციელებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სპორტსმენების წარმატებისთვის და მჯერა, ეს მათ შემდგომ გამარჯვებებს ხელს შეუწყობს. მინდა მადლობა გადავუხადო ამ პროექტის ავტორებს. ეს არის ქალაქის ცენტრში საუკეთესო ინვენტარით აღჭურვილი დარბაზი.
გიორგი ოქრიაშვილი (ჩემპიონთა აკადემიის დამფუძნებელი):" ჩვენ გავხსენით პორფესიუნალური ფიზიკური მომზადების ცენტრი, რითიც საუკეთესო პირობები შევქმენით ქართველი სპორტსმენების განვითარებისთვის. შეგვიძლია მოვამზადოთ ნებისმიერი სპორტსმენი სპორტის ყველა სახეობისთვის. პროექტის ინევსტია 5 მილიონი ლარია და არის მთლიანად ქართული ინვესტიცია. დიდი გეგმები გვაქვს ქართული სპორტის განვითარების კუთხით, რასაც აუცილებლად განვახორციელებთ".
msy.gov.ge