ფეხბურთი

22:29 | 23.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კვირკველია "ლოკომოტივის" ფეხბურთელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია კარიერას მოსკოვის „ლოკომოტივში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად, როგორც „რკინიგზელებმა“, ისე ყაზანის „რუბინმაც“ დაადასტურა.

25 წლის ქართველი ფეხბურთელი „ლოკომოტივის“ ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დაიცავს. ამით ბოლო მოეღო კვირკველიას უთამაშებელ პერიოდს. მოგეხსენებათ, მას მიმდინარე სეზონში „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში შანსი არ ეძლეოდა, თუმცა ამის რეალური მიზეზი ქართველის ცუდი სათამაშო ფორმა სულაც არ ყოფილა.

ასე იყო თუ ისე, სოლომონ კვირკველია ამ სეზონს უკვე ახალ გუნდში დაასრულებს, რომლის ღირსებასაც იგი 33 ნომრიანი მაისურით დაიცავს. სოლომონის განცხადებით, მისთვის აღნიშნული ტრანსფერი წინ გადადგმული ნაბიჯია:

„ლოკომოტივი“ ჩემთვის გამოწვევა და წინ გადადგმული ნაბიჯია - უკვე ვესაუბრე მთავარ მწვრთნელ იური სიომინს და ვიცი, რომ გუნდში ჩემს როლს ხედავს. მინდა ვარჯიშს მალევე შევუდგე და გუნდს დავეხმარო.

„ლოკომოტივის“ სტადიონთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. აქ ბევრჯერ მითამაშია მოწინააღმდეგის რანგში და ტრიბუნებზე ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევდა“, - ციტირებს კვირკველიას სიტყვებს „ლოკოს“ ვებგვერდი.

სოლომონ კვირკველია „რუბინში“ 2010 წლის დეკემბერში ჩაირიცხა და მას შემდგომ ყაზანელთა ღირსება 111 მატჩში დაიცვა, აქედან 17-ჯერ ევროთასებზე ითამაშა (3 გოლი). 2012 წელს იგი, ქვედალიგელ „ნეფტეხიმიკში“ იყო განათხოვრებული. ქართველი ფეხბურთელი „რუბინის“ სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი მიმდინარე სეზონის დაწყებამდე მუდმივად იყო.

რაც შეეხება „ლოკომოტივს“ - წელს არცთუ ისე კარგად ასპარეზობს და პრემიერლიგაში 17 ტურის შემდგომ 23 ქულით მეათე ადგილზეა. „რკინიგზელებს“ გამოცდილი იური სიომინი წვრთნით, რომელსაც ქართველ ფეხბურთელებთან შეხება ამავე გუნდში ადრეც ჰქონია.

0.115811