ფეხბურთი

2:20 | 23.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" მეოთხედფინალი პორტუგალიაში გაიფორმა (+VIDEO)

იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” ფაქტობრივად უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია – ძნელად წარმოსადგენი და დასაჯერებელია, რომ სამი კვირის შემდგომ “იუვენტუს სთედიუმზე” პორტუგალიურმა “პორტუმ” ის ჩამორჩენა აღმოფხვრას, რომელიც პირველი მატჩის მერე აქვს.

“ესტადიო დრაგაუზე” ყველა დაძაბულ თამაშს ელოდა, თუმცა ასე არ გამოდგა. ამაში, შესაძლოა, დიდი წვლილი შეიტანა მასპინძელთა ბრაზილიელი მცველის, ალექს ტელეშის გაძევებამ 27-ე წუთზე, მაგრამ სამხრეთამერიკელმა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს – ორწუთიან ინტერვალში ორჯერ ისე გადამეტებულად იუხეშა, რომ ფელიქს ბრიხს სხვა გზა არ დაუტოვა გარდა იმისა, რომ წითელი ბარათი ეჩვენებინა მისთვის.

მანამდე, მოედანზე საინტერესო არაფერი ხდებოდა – ვერც ერთი გუნდი უტევდა ხეირიანად და ვერც – მეორე. აი, მას შემდგომ, რაც “ბებერმა ქალბატონმა” რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა, ყველაფერი შეიცვალა და ფეხბურთს მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა – “იუვენტუსი”.

მასიმილიანო ალეგრის შეგირდებს პირველივე ტაიმში შეეძლოთ გატანა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში იტალიელები ცუდად ირჯებოდნენ. ყველაზე ახლოს გოლთან პაულო დიბალა იყო, რომელმაც ჯერ ახლო მანძილიდან ააცილა, მერე კი შორი დისტანციიდან ძელს გაარტყა. გარდა ამისა, ფელიპეს ავტოგოლი გაჰქონდა, მაგრამ იკერ კასილიასმა დიდებული სეივი განახორციელა. საერთოდ, იკერს რამდენჯერმე მოუხდა თამაშში ჩართვა, მაშინ როცა ჯიჯი ბუფონი მთელი თამაში უსაქმოდ იყო: “პორტუს” კარის ჩარჩოში საერთოდ არ დაურტყამს.

რაც უფრო დრო გადიოდა, ნათელი ხდებოდა, რომ “იუვე” გოლს გაიტანდა და ასეც მოხდა – ამაში განსაკუთრებული როლი მასიმილიანო ალეგრიმ ითამაშა, რომლის დროულმა და ჭკვიანურმა შეცვლებმა თამაშის ბედი გადაწყვიტა: ჯერ იყო და, მოედანზე ხუთი წუთის შესულმა მარკო პიაცამ მცველების შეცდომით ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში. სხვათა შორის, ეს ხორვატის სადებიუტო გოლია ტურინული გრანდის რიგებში. მეორე გოლიც ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელმა გაიტანა – დანი ალვეშმა ახლო მანძილიდან ფორვარდის სტილში ითამაშა – 0:2. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი მოედანზე იმ წუთის შესული იყო და ამასთან, “იუვეს” გოლებს შორის ინტერვალი სულ რაღაც 141 წამი(!) გახლდათ.

დარჩენილ დროში ბუნებრივია, სტუმრებს სასურველი ანგარიშის შენარჩუნება არ გასჭირვებიათ. ეგ კი არა, სამი ხედირამ ლამის მესამე შეაგდო, მაგრამ ბურთმა კარს მილიმეტრებით ჩაუარა. საბოლოოდ, 2:0 “იუვენტუსის” სასარგებლოდ და საპასუხო თამაშმა მხოლოდ ფორმალური სახე მიიღო.

“პორტუ” – “იუვენტუსი” 0:2 (0:0) VIDEO

პორტუ, “დრაგაუ”

მაყურებელი: 49 229

“პორტუ” (4-1-3-2): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელეში; დანილო; ერერა, ნევეში (კორონა 61), ბრაჰიმი (დიოგო ჟოტა 73); ანდრე სილვა (ლაიუნი 30), სოარეში

მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტუ სანტუ

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი (დანი ალვეში 73), ბარძალი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი; კუადრადო (პიაცა 67), დიბალა (მარკიზიო 86), მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 პიაცა (72), 0:2 დანი ალვეში (74)

გაფრთხილება: ალექს ტელეში (25, 27), მაქსი პერეირა (45), ერერა (85), მარკანო (89) – ლიხშტაინერი (50)

გაძევება: ალექს ტელეში (27)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 3 (0) – 18 (4) ბურთის ფლობა: 30%-70% კუთხურები: 1:8 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.413552