ფეხბურთი

1:00 | 23.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ღამურებმა” “რეალს” გადაუფრინეს

ლა ლიგის მე-16 ტურის გამოტოვებულ მატჩში კრიზისში მყოფმა “ვალენსიამ” შინ მადრიდის “რეალი” მიიღო და ბევრისთვის მოულოდნელად, ესპანეთის დედაქალაქში უქულოდ გაისტუმრა.

მწვრთნელებს რაიმე სიურპრიზი არ შემოუთავაზებიათ და ნაცნობი სქემები აირჩიეს. ვორო 4-2-3-1 ტაქტიკას დაეყრდნო, ხოლო ზიდანი ტრადიციულ 4-3-3-ს.

შეხვედრის სტარტი მასპინძელთათვის ბრწყინვალე გამოდგა: მე-4 წუთზე სიმონე ძაძამ ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა და ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა, ხოლო ხუთიოდე წუთში “ღამურების” შესანიშნავი კონტრშეტევა ფაბიან ორელიანას გოლით დასრულდა.

მადრიდელები მცირე შოკში იყვნენ, მასპინძლები კი კიდევ უფრო დაიმუხტნენ და მე-14 წუთზე მუნირ ელ ჰადადის სულ ცოტა დააკლდა, რომ სხვაობა გამანადგურებელი გაეხადა.

ამის შემდეგ, სტუმრებიც ნელ-ნელა გონს მოეგნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ შესვენებამდე ანგარიში აღარ შეიცვლებოდა, თუმცა კრიშტიანო რონალდუმ მშვენივრად ითამაშა და თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა.

მეორე ტაიმი ძალიან დაძაბული გამოდგა. “ბლანკოსი” მთელი ძალებით უტევდნენ, ხოლო მასპინძლები პირიქით თავს იცავდნენ და ფონს კონტრშეტევებით გასვლას ცდილობდნენ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ “ღამურების” იერიში ისეთი მწვავე არ იყო, როგორიც პირველ ტაიმში და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლუიშ ნანის ტრავმაა. პორტუგალიელი ვინგერი შესანიშნავად გამოიყურებოდა და საგოლე გადაცემაც გააკეთა, თუმცა ტაიმის მიწურულს დაშავდა, ხოლო მის ნაცვლად შემოსული სიკეირა დაცვითი ფუნქციებით გახლდათ დაკავებული.

როგორც ზემოთ აღინიშნა, “რეალი” მთელი ძალებით უტევდა, მაგრამ “ღამურების” დაცვა მიმდინარე სეზონისთვის უჩვეულოდ კარგად გამოიყურებოდა და სტუმართა მუდმივ შეტევებს ბოლომდე გაუძლეს. ტრადიციულად იყო საკამათო ეპიზოდებიც: კრიშტიანო რონალდუ ერთ ეპიზოდში პენალტს ითხოვდა, ხოლო საპირისპიროდ იგივე მოთხოვნა მუნირ ელ ჰადადის ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მსაჯმა სხვა გადაწვეტილება მიიღო.

მასპინძლებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს და მთლიანად გუნდმა დიდებულად ითამაშა, თუმცა რამდენიმე მოთამაშე მაინც გამოსაყოფია: ჟოაო კანსელომ, ენცო პერესმა, ელიაკიმ მანგალამ და სიმონე ძაძამ ფაქტობრივად უშეცდომო შეხვედრა ჩაატარეს და გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანეს. სტუმართაგან კი, ყველაზე კარგი ალბათ ლუკა მოდრიჩი და კრიშტიანო რონალდუ იყვნენ, ხოლო სუსტი წერტილი აშკარად რაფაელ ვარანი გახლდათ, რომელიც რამდენჯერმე ძალიან უხეშად შეცდა.

ამრიგად, “რეალს” 52 ქულა დარჩა, კვლავ ლიდერია და “ბარსელონას” ისევ ერთი ქულით უსწრებს, თანაც ერთი მატჩი თადარიგში აქვს. “ღამურებმა” კი, 26 ქულა დააგროვეს, მე-14 პოზიციაზე აინაცვლეს და გასავარდნ ზონას 10 ქულით გაუსწრეს. ამ მატჩმაც ნათლად დაგვანახა, რომ “ლოს ჩეს” რეალურად ბევრად მეტი შეუძლია და ასეთ გუნდი ცხრილში გაცილებით მაღლა უნდა იყოს.

ვალენსია – რეალი 2:1 (2:1)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, გარაი, მანგალა, გაია, კანსელო, პარეხო, ე.პერესი, ორელიანა (სოლერი 56), ნანი (სიკეირა 39), ელ ჰადადი, ძაძა (მ.სუარესი 74).
მწვრთნელი: ვორო

რეალი (4-3-3): ნავასი, ვარანი (ნაჩო 73), რამოსი, მარსელო, კარვახალი, მოდრიჩი (ლ.ვაზკესი 76), კასემირო, კროოსი, ხამესი (ბეილი 62), რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 1:0 ძაძა (4), 2:0 ორეალიანა (9), 2:1 რონალდუ (44)
გაფრთხილებები: ძაძა, ელ ჰადადი, ე.პერესი, მანგალა, პარეხო – კარვახალი, ვარანი
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110002