სხვა

20:47 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის სპორტის განვითარებაზე სამთავრობო ჯგუფი მუშაობს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობების სამომავლო განვითარების, ასევე კონკრეტული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისთვის სპეციალური სამთავრობო ჯგუფი შეიქმნა.

სამუშაო ჯგუფში სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად, აქტიურადაა ჩართული სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით - „ერთობლივი ძალებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები შემუშავდება. აღნიშნული პროგრამა დიდ ბიძგს მისცემს ზამთრის სახეობების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, ახალგაზრდა სპორტსმენებს და მათ შორის სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ ზამთრის სპორტის სახეობებით დაკავდნენ, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს პროფესიული სპორტის განვითარებას. გვაქვს სურვილი უახლოესი 5 წლის მანძილზე არაერთ საერთაშორისო შეჯიბრს ვუმასპინძლოთ."

სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი შვეიცარიაში, სადაც ქალაქ სენტ მორიცში სამთო მოთხილამურეთა მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა. პრემიერ-მინიტრის ხელმძღვანელობით, შვეიცარიაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტებთან. შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოს მთავრობის მიერ სამთო კურორტების განვითარებისა და სპორტის ზამთრის სახეობების პოპულარიზაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.

გიორგი კვირიკაშვილმა სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, საქართველოში, სამთო კურორტების განვითარების მიმართულებით, 150 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია ხორციელდება, რაც, სამთო კურორტებისა და სპორტის ზამთრის სახეობების კუთხით, ქვეყნის მნიშვნელოვან რეგიონულ მოთამაშედ გარდაქმნას ისახავს მიზნად.

პრემიერმა ასევე ყურადღება დაუთმო მთის კურორტების განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის გეგმას, რომელიც ბავშვების თოვლთან წვდომის გაზრდასაც ითვალისწინებს და აღნიშნა, რომ ამ მიზნით, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების აღდგენა იგეგმება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მიზანია, უახლოეს მომავალში, ზამთრის კურორტებზე, მსოფლიო სათხილამურო ორგანიზაციის ჩემპიონატებს უმასპინძლოს. პრემიერ-მინისტრმა სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოში, ევრაზიული ზამთრის სპორტის ტურიზმთან დაკავშირებულ კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც საქართველოში აპრილში გაიმართება.

სენტ მორიცში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელები.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს. შეხვედრის დროს პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მთის სწრაფად განვითარებად კურორტებზე. საქართველოს მთავრობის მეთაური,საქართველოში მთის კურორტების განვითარების შესახებ ქართველ მოთხილამურეებსაც ესაუბრა, რომლებიც ჩემპიონატში მონაწილეობდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატზე წელს ხუთმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც წარმოდგენილნი ვართ როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ასევე ჩვენი კოლეგები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკის სამინისტროებიდან.

პროექტში ასევე მონაწილეობს მთის კურორტების განვითარების სააგენტო, ასეთი წარმომადგენლობითი ფორმატი იმის გარანტიაა, რომ ჩვენ, სათხილამურო ფედერაციასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან პროექტს შევიმუშავებთ. აღნიშნული პროგრამა დიდ ბიძგს მისცემს ზამთრის სახეობების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, ახალგაზრდა სპორტსმენებს და მათ შორის სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ ზამთრის სპორტის სახეობებით დაკავდნენ, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს პროფესიული სპორტის განვითარებას, გვექნება აქტიური ზრდა მასობრიობის თვალსაზრისითაც.

საქართველოს სხვადასხვა სამთო კურორტებზე იგეგმება ოლიმპიური მზდების რამდენიმე აკადემიის გახსნა და ზამთრის სახეობების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაცია. ასევე უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ასპექტი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმის წინსვლას.

სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა პრემიერ-მინისტრის და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი შვეიცარიაში, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა, როგორც საერთაშორისო ფედერაციის და სხვადასხვა ფედერაციების პრეზიდენტებთან, ასევე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან. ჩვენ წინასწარი განაცხადი გავაკეთეთ უცხოელ მეგობრებთან, რომ გვაქვს სურვილი უახლოესი 5 წლის მანძილზე არაერთ საერთაშორისო შეჯიბრებას ვუმასპინძლოთ. ამისათვის სახელმწიფო საკმაოდ დიდ ინვესტიციას ახორციელებს, ასეულობით მილიონია დახარჯული, ასევე ძალიან დიდი ინტერესია ჩვენს მიმართ, რაც უცხოელმა კოლეგებმაც დაგვიდასტურეს. ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ხელს შევუწყობთ როგორც სპორტის, ასევე ქვეყნის პოპულარიზაციას და იმ ეკონომიკური რესურსების გამოყენებას, რაც გაგვაჩნია ქვეყანაში."

სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116379