სხვა

17:06 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ჩემი ქალაქი ჩემი მეგობარია“
განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა

2015-2016 წლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის პროგრამების განყოფილების დაფინანსებით 400-მდე ღონისძიება გაიმართა. 60 000 ბენეფიციარის მონაწილეობით. დაფინანსდა 84 სპორტული ორგანიზაცია (ფედერაციები, ასოციაციები, სპორტული კლუბები, სპორტული კავშირები).

ქალაქმა უმასპინძლა 2 მნიშვნელოვან ღონისძიებას: ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს (2015) და უეფას სუპერთასს (2015). ოლიმპიური ფესტივალის დროს თბილისში 50 ქვეყნის 3 000 სპორტსმენი და ოფიციალური პირი ჩამოვიდა. სუპერთასზე დაფიქსირდა დასწრებადობის რეკორდი (51 490). უეფას საიტის მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგად, თბილისში ჩატარებული სუპერთასი 2015 წლის საუკეთესო შეხვედრად დასახელდა. კონკრეტულად ამ თამაშისთვის მოხდა „დინამო არენას“ ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

თბილისში ჩატარდა მსოფლიოს გრან-პრი ჭადრაკში, გრან-პრი ძიუდოში (ორჯერ), ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, თბილისის მერიის თასი კალათბურთში (ორჯერ), მსოფლიო თასი ფარიკაობაში, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძალოსნობაში, ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის, ევროპის ჩემპიონატი კარატეში, პანკრატიონში მსოფლიოს ჩემპიონატი, ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები (ქალთა მსოფლიოს გრან-პრი, საერთაშორისო ტურნირი „ნონა 75“ და საიუბილეო საღამო) და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება.

აღნიშნული სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს რაიონული გამგეობების კულტურის, სპორტის და განათლების განყოფილებებთან. უკვე მეორე წელია, ათივე რაიონში ტარდება ტურნირები მინი-ფეხბურთში, კალათბურთში და ფრენბურთში. გააქტიურებულია 2 000-ზე მეტი ბენეფიციარი.

თბილისის მერია მხარს უჭერს მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას და უკვე მესამედ, მერიის ინიციატივით და პატრონაჟით გაიმართა „თბილისის მარათონი“. საქველმოქმედო დატვირთვის მქონე ღონისძიება, რომელშიც არაერთი კომპანია ჩაერთო. მერიასთან ერთად, აღნიშნული აქციის თანაორგანიზატორი იყო კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტი“. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ახალ დონეზე გადავიდა.

ბოლო ორწლიან ციკლს აჯამებს განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

ჩვენი რესპოდენტები არიან აღნიშნული სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და მისი მოადგილე გეგა ზურაბაშვილი.

ირაკლი გვილავა: „ქალაქისთვის, მერიისთვის, ჩვენთვის ეს იყო დასამახსოვრებელი და საინტერესო მოვლენებით დატვირთული ორი წელიწადი. განხორციელდა ყველაფერი, რაც იყო დაგეგმილი. მთავრობის, თბილისის მერიის აქტიური დახმარებით ჩვენმა სამსახურმა უამრავი ღონისძიება ჩაატარა და ეს მხოლოდ დასაწყისია. თავისთავად, გამოსარჩევია ევროპის მეცამეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის და თბილისის სუპერთასის ჩატარება. ორივე ღონისძიება მაღალ დონეზე ჩატარდა. გაიზარდა ჩვენი ქალაქის, ქვეყნის ცნობადობა და ათასობით სტუმარმა, ტურისტმა სათანადოდ შეაფასა პროფესიონალების მიერ ჩატარებული სამუშაო. მე ვამაყობ, რომ ამ პერიოდში უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი. და მათგან ბევრი ახალი რამ მივიღე, ვისწავლე. ამ ურთიერთობით საფუძველი ჩაეყარა შემდგომ თანამშრომლობას.

გეგა ზურაბაშვილი: ჩვენმა ქალაქმა მიიღო ძალიან დიდი ნდობა, როდესაც გამოცხადდა, რომ თბილისი უეფას სუპერთასის მასპინძელი გახდა. ნდობა და, ამავე დროს, გამოწვევა. „დინამო არენაზე“ თითქმის ყველაფერი შეიცვალა. პირველ რიგში, საფარი. შეიცვალა სკამები. დაყენდა ტურნიკეტის სისტემა და პარალელურად, შეიცვალა ორი ტაბლო, განათების სისტემა. გავუკეთეთ მოდერნიზაცია VIP-ლოჟას, გაიზარდა და უფრო კომფორტული გახდა პრეს-ლოჟა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინერგა კომენტირების ახალი სახეობა - ტიფლოკომენტირება, რომელმაც უსინათლო და მცირემხედველ გულშემატკივარს მატჩის სრულად აღქმის საშუალება მისცა. ჩვენი ქვეყნის ისტორიულ სტადიონზე ყველას მაქსიმალური კომფორტი უნდა ჰქონდეს შექმნილი. „დინამო არენას“ რეაბილიტაციისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო 20 მილიონი ლარი.

- ირაკლი, თქვენი სამსახური დიდ ყურადღებას უთმობს მასობრივ სპორტს. ბოლო წლებში განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. ქალაქი გამოცოცხლდა, უფრო აქტიური გახდა.

- ი.გ: თბილისის 10 რაიონის 24 სკვერში დამონტაჟდა გარე გამოყენების სავარჯიშო მოწყობილობები, რაც მოსახლეობას აძლევს საშუალებას, დღის ნებისმიერ მონაკვეთში უსასყიდლოდ დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით. ჩვენ ვსაუბრობთ ინოვაციური გარე გამოყენების ტრენაჟორებზე, რომლის ანალოგიც თბილისში ჯერ არ ყოფილა. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ქალაქში სპორტის მასობრიობის გაზრდას. ეს ინოვაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ასაკის მოქალაქესთვის. არავისთვის არ უნდა იყოს ხელისშემლელი ფაქტორი მანძილი და უამინდობა. ამასთან ერთად, აღნიშნული მოწყობილობა საკმაოდ ადვილი მოსავლელია. ტრენაჟორები მაქსიმალურად დაახლოებულია პროფესიულ ტრენაჟორებთან. თავისთავად, არსებობს ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

- გეგა, ასევე მოხდა წარმატებული სპორტსმენი ბავშვების წახალისება.

- გ.ზ: დიახ, მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარით დაფინანსდა სპორტის სხვადასხვა სახეობაში 18 წლამდე ასაკის 250 წარმატებული სპორტსმენი ბავშვი. ნებისმიერ სფეროში, წარმატებულ ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს დამატებითი მოტივაცია, თავისი საქმის უფრო მაღალ დონეზე გაგრძელების სურვილი. ეს ბავშვები არიან თავისუფლები სპორტში გადასახადებისგან, ტრანსპორტის ხარჯებისგან. როდესაც ახალგარზდა სპორტსმენის ყურადღება მხოლოდ მის უშუალო საქმეზე, სპორტულ პროგრესზე არის აქცენტირებული, ბავშვი გაცილებით მეტს მიაღწევს.

- ირაკლი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი, მულტიფუნქციური დარბაზი გაიხსნა.

- ი.გ: ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქში, „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე აშენდა ფრენბურთის დარბაზი, ტანვარჯიშის დარბაზი, მძლეოსნობის არენა. აშენდა და დაიტვირთა სასტუმრო „მოხალისე“, რომელიც 180 სტუმარზეა გათვლილი. ტანვარჯიშის დარბაზი მოიცავს ორ დარბაზს, საშეჯიბროს და დამხმარეს. მძლეოსნობის არენა იტევს 3 000 მაყურებელს. ფრენბურთის 2 დარბაზი გათვლილია 1 800 მაყურებელზე. ამასთან ერთად, აღნიშნულ სახეობებს, ფედერაციებს მოეხსნათ ბაზების პრობლემა. ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენებული დარბაზები დარჩება ქალაქს. ჩვენ ვსაუბრობთ მულტიფუნქციურ არენებზე, სადაც სხვადასხვა სახეობის საერთაშორისო და ლოკალური მნიშვნელობის ტურნირების ჩატარება შეიძლება. გაკეთდა კორტებიც. ამ ობიექტების ნაწილი გადაეცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომელიც ოპერირებას უწევს აღნიშნულ ობიექტებს.

- მოდით სხვა სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების და მშენებლობის პროცესი გავიხსენოთ. მნიშვნელოვანი იყო მუხიანის სარაგბო კომპლექსის მშენებლობაც.

- ი.გ: დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვსაუბრობთ სარაგბო კომპლექსზე, რომელიც შედგება 1 ბუნებრივი და 2 ხელოვნურსაფარიანი საერთაშორისო სტანდარტების მოედნებისგან. კომპლექსი ითვალისწინებს სავარჯიშო დარბაზის მშენებლობასაც, რომელიც სპორტული ინვენტარით იქნება აღჭურვილი. აშენდება 1 000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა და სავარჯიშო კომპლექსს ექნება საკუთარი პარკინგის ზონა. კომპლექსის ტერიტორიაზე იგეგმება სასტუმროს მშენებლობაც. როგორც იცით, წელს, თბილისში და ქუთაისში გაიმართება 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი რაგბში. 2 ჯგუფს თბილისი უმასპინძლებს, 1 ჯგუფს - ქუთაისი. ჩვენი ქვეყანა მზად იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ვაზისუბანში მოეწყობა საერთაშრისო სტანდარტების მქონე რაგბის სტადიონი. ტერიტორიაზე იქნება საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი, ადმინისტრაციული შენობა, 500-ადგილიანი შენობა და საშხაპეები. „მზიურის“ კორტები ქალაქის ცენტრალური საჩოგბურთო ლოკაცია გახდა. აღნიშნული კომპლექსი მოიცავს 9 ღია და 2 დახურულ საჩოგბურთო მოედანს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა წერეთელზე მდებარე საკალათბურთო კომპლექსს, სადაც 4 დარბაზი არის გაერთიანებული. ასევე, ვერის პარკის ტერიტორიაზე მდებარე საკალათბურთო სასახლეს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ძიუდოს დარბაზსაც.

- გეგა, რა გეგმები გაქვთ?

- გ.ზ: ჩვენ ვაგრძელებთ სპორტის, სპორტსმენების მხარდასაჭერად ახალი პროექტების შემუშავებას, სრულყოფას. ჩვენი მიზანია მასობრივი სპორტის პოპულარიზაცია. უნდა გაერთიანდეს სახელმწიფო და კერძო სექტორები. გვჯერა, რომ იქნება თანადგომა სახელმწიფოსგან და გვსურს, რომ მეტი ინიციატივა, აქტიურობა წამოვიდეს კერძო სექტორისგან. 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალდა ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრის კომპლექსი, რომლის რეაბილიტაცია განახორციელა „ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“-მ. ცენტრის რეაბილიტაცია-აღჭურვისთვის გამოიყო 500 000 ამერიკული დოლარი. ლილოს დასახლებაში გაიხსნა 107-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული ცენტრი „ლილო“. ცენტრში სპორტის 7 სახეობა ფუნქციონირებს. ძალიან მნიშვენლოვანია, რომ გაიხსნა თბილისის პარასპორტის განითარების ცენტრი, რომელიც ამიერკავკასიაში შშმ პირებზე ერთადერთი სრულად ადაპტირებული სპორტული არენაა. გლდანში გაიხსნა კულა გლდანელის სახელობის ქართული ჭიდაობის სპორტული დარბაზი. მოხდა ობიექტის სრული რეაბილიტაცია და შეუნარჩუნდა სპორტული პროფილი. ცენტრში მიმდინარეობს ვარჯიშები ჭიდაობასა და ძიუდოში. მიმდინარეობს გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის, საცურაო აუზის და სპორტული დარბაზის სრული რეაბილიტაცია. სპორტულ ბაზაზე მოეწყობა ჭიდაობის დარბაზი, კრივის რინგი და 2 საცურაო აუზი. 2015 წელს სპორტის კუთხით ქონების გადასახადი 1000-ჯერ შემცირდა. საგადასახადო შეღავათი შეეხო სახელმწიფო ან კერძო სპორტული ორგანიზაციის ბალანსზე არსებულ სპორტულ ობიექტებს. ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობისთვის სპორტი ყველაზე ახლო მეგობარი გახდეს. სპორტი გვაერთიანებს. სპორტი ჩვენი მეგობარია.

- ი.გ: რა თქმა უნდა, რჩება ახალი გამოწვევები, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. და ჩვენი სლოგანი იქნება „ჩემი ქალაქი ჩემი მეგობარია“.

ალექსი გიორგაძე

0.115601