ფეხბურთი

23:34 | 18.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" ბოლო წამს გადარჩენილი ქულა და "დორტმუნდის" ადვილი გამარჯვება (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის XXI ტურის ცენტრალურ მატჩში დიდი ამბები დატრიალდა – ბერლინში “ჰერტა” ძალზე ახლოს იყო და შეიძლება ითქვას, დაამარცხა კიდეც მიუნხენის “ბაიერნი”, მაგრამ საბოლოოდ მაინც ქულას დასჯერდა. მიუხედავად ვერმოგებისა, “რეკორდმაისტერი” სატურნირო ცხრილს ისევ დამაჯერებლად ლიდერობს და ჩემპიონობის ინტრიგა ფაქტობრივად აღარ არსებობს.

“ოლიმპიაშტადიონზე” კი, პალ დარდაის გუნდი 21-ე წუთზე ვედად იბიშევიჩის გოლით დაწინაურდა, როდესაც ახლო მანძილიდან მცველებსაც დაასწრო და მანუელ ნოიერსაც. ამის მერე, დედაქალაქელები დიდხანს ინარჩუნებდნენ მოპოვებულ უპირატესობას და თითქმის არც არაფერი დაკლებიათ გამარჯვებამდე. მსაჯმა შეხვედრას 5 წუთი დაამატა და ისიც ამოწურული იყო, რობერტ ლევანდოვსკი არეულობაში ყველაზე სწრაფად და უკეთ გაერკვა და თავისიანებს ქულა გადაურჩინა. გოლი კი, სტანდრატს მოჰყვა – ალკანტარამ არიენ რობენს გადააწოდა, მის დარტყმული მცველმა კი გამოიტანა კარის ხაზიდან, მაგრამ იქვე იყო პოლონელი ჩასაფრებული – 1:1. გოლის შემდგომ თამაში აღარც განახლებულა. “ბაიერნმა” ბოლო სამ ტურში მეორედ ითამაშა ფრე, მაგრამ კარლო ანჩელოტის შეგირდები ისეთი უპირატესობით უსწრებენ კონკურენტებს, რომ ძნელად წარმოსადგენია, ვინმემ რეალური კონკურენცია გაუწიოს.

დორტმუნდის “ბორუსიამ” როგორც იქნა ისეთი ფეხბურთი აჩვენა, რომელსაც მისგან ქომაგები ელიან – ტომას ტუხელის გუნდმა ერთიანად დაგროვილი ჯავრი “ვოლფსბურგზე” იყარა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ამასობაში “ყვითლები” მესამე ადგილზე წამოსკუპდნენ.

იქვეა “ჰოფენჰაიმი” – “სოფლელებმა” შინ ბოლოადგილოსან “დარმშტადტს” ადვილად აჯობა – საუკეთესო იყო ანდრეი კრამარიჩი, რომელმაც დუბლი გაიფორმა. იულიან ნაგელსმანის შეგირდებმა ფრანკფურტის “აინტრახტს” გადაასწრეს, რომელმაც თავის მხრივ ზედიზედ მეორე თამაში წააგო – ნიკო კოვაჩის ფეხბურთელებმა ამკერად შინ აუტსაიდერ “ინგოლშტადტთან” განიცადეს მოულოდნელი მარცხი – 0:2.

დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართა – “ვერდერმა” გასვლაზე “მაინცს” მოუგო (2:0), ხოლო “ჰამბურგისა” და “ფრაიბურგის” შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა – 2:2.

“დორტმუნდი” – “ვოლფსბურგი” 3:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 ბრუმა (20), 2:0 პიშჩეკი (48), 3:0 დემბელე (59)

“აინტრახტი” – “ინგოლშტადტი” 0:2 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 ბრეგერიე (26), 0:2 გროსი (69)

“ჰერტა” – “ბაიერნი” 1:1 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 იბიშევიჩი (21), 1:1 ლევანდოვსკი (90)

“ჰოფენჰაიმი” – “დარმშტადტი” 2:0 (0:0) VIDEO

გოლები: 1:0 კრამარიჩი (64), 2:0 კრამარიჩი (90, პენ)

“მაინცი” – “ვერდერი” 0:2 (0:2) VIDEO

გოლები: 0:1 გნაბრი (16), 0:2 დელანი (23)

“ჰამბურგი” – “ფრაიბურგი” 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 ჰანტი (15), 1:1 ფილიპი (23), 2:1 გრეგორიტში (57), 2:2 გრიფო (73)

თეგებიბუნდესლიგა
0.125849