ფეხბურთი

2:07 | 14.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციო" და "მილანი" დაზავდნენ (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXIV ტური ცენტრალური მატჩით დასრულდა – “ლაციომ” “მილანს” უმასპინძლა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

მთლიანობაში თანაბარი თამაში იყო და ალბათ, დაფიქსირებული შედეგი ყველაზე მეტად იყო ახლოს ლოგიკასთან, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ “ლაციო” მეტოქესთან შედარებით უფრო გააზრებულად თამაშობდა და შეეძლო სამი ქულა მოეპოვებინა, რომელიც მას მეოთხე ადგილზე აღაზევებდა, მაგრამ თამშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ესპანელმა სუსომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ ფორმაციის “მილანის” აშკარა ლიდერია და მოხდენილი გოლით თავისიანებს ქულა გადაურჩინა.

მანამდე “ლაციალე” ლუკას ბილიას მიერ გატანილი პენალტით იგებდა, რომელიც ჩირო იმობილეს წაქცევისთვის დაინიშა – ჯანლუიჯი დონარუმამ დიდხანს აპროტესტა ანტონიო დამატოს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ამაოდ. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, სუსომ არგენტინელის გოლი გაქვითა და – 1:1. სხვათა შორის, “როსონერიმ” ბოლო 8 გატანილი გოლიდან ოთხი შეხვედრის მიწურულს, კერძოდ, 85-ე წუთის შემდეგ გაიტანა.

აღნიშნული ქულით დიდად კმაყოფილი არც “ლაციო” უნდა იყოს და არც “მილანი” – ერთი მე-6 ადგილზეა, მეორე მეშვიდეზე. მათ წინ კი, “იუვენტუსი”, “რომა”, “ნაპოლი”, “ინტერი” და “ატალანტა” არიან.

“ლაციო” – “მილანი” 1:1 (1:0) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 30 000

“ლაციო” (4-3-3): სტრაკოშა; ბასტა, დე ვრეი, ჰუდტი, რადუ (პატრიკი 87); პაროლო, ბილია, მილინკოვიჩ-სავიჩი; ფელიპე ანდერსონი (ლომბარდი 87), იმობილე, კეიტა (ლულიჩი 65)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, გომესი, ძაპატა, ვანჯონი; პაშალიჩი, ლოკატელი (სოსა 52), პოლი (მატი ფერნანდესი 77); სუსო, დეულოფეუ, ოკამპოსი (ლაპადულა 63)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 1:0 ბილია (45, პენ), 1:1 სუსო (85)

გაფრთხილება: რადუ (62), მილინკოვიჩ-სავიჩი (89) – ვანჯონი (24), მატი ფერნანდესი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (11) – 9 (4) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 6:8 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ანტონიო დამატო

თეგებისერია A
0.287865