ფეხბურთი

18:44 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"თელავი" და "ლიახვი" ფრეზე გაეყარნენ

დღეს, სკ „თელავმა“ მოსამზადებელ ეტაპზე პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. თბილისში, საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ მოედანზე მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილი გუნდი ცხინვალის „ლიახვს“ გაეჯიბრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. „თელავი“ 4 თებერვალს შეიკრიბა და ამ ხნის განმავლობაში თელავში, მშობლიურ „გივი ჩოხელზე“ ყოველდღიურად ვარჯიშობდა.

მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილებისთვის „ლიახვთან“ სპარინგი დროული და სასარგებლო იყო, რადგან, ჯერ ერთი, რომ პირველი მატჩი გახლდათ და მეორეც - ცხინვალური კლუბი კახელთა მომავალი მეტოქეა მოახლოებულ ჩემპიონატში.

„თელავმა“ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობით დაიწყო, მეორე ტაიმი კი მწვრთნელმა სხვა თერთმეტეულს დააწყებინა და შანსი იმ ფეხბურთელებსაც მისცა, რომლებიც ამ ეტაპისთვის გუნდში ისინჯებიან.

პირველ ტაიმში „თელავი“, როგორც სათამაშო, ისე საგრძნობ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გუნდი მაინც დამარცხდა - დაცვაში დაშვებული ერთადერთი უხეში შეცდომა ცხინვალელებმა გოლად აქციეს.

„თელავმა“ ანგარიში მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე გაათანაბრა - მურად გორთამაშვილმა უძლიერესი შორეული დარტყმით აღადგინა წონასწორობა.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამხანაგური იყო, ნამატჩევს მალხაზ ჟვანია, როგორც შედეგით, ისე გუნდის ნაჩვენები თამაშის ხარისხით უკმაყოფილო გახლდათ, აშკარად მეტი შეუძლიათო.

„თელავი“ 1:1 „ლიახვი“

„თელავი“ I ტაიმში: ნანიევი; მურველაშვილი, თოლორდავა, ბერიაშვილი, მაგრაქველიძე; კუკუჯანაშვილი, ქიქავა, ნ. ბაშელეიშვილი; აშორტია, ლაკოევი, გალახვარიძე

„თელავი“ II ტაიმში: ელმატი; გაბელია, ცეცხლაძე, პიტიურიშვილი, ნიჟარაძე; გორთამაშვილი, მზექალაშვილი (გოსტაო 30 ), ბიძინაშვილი (ნამორაძე 30); მ. ბაშელეიშვილი (კვიცინაძე 30), ივანიშვილი (ბოტკოველი 30), შეროზია (ჟოაო 30)

ბოლოს კი გეტყვით, რომ სკ „თელავი“ მორიგ საკონტროლო შეხვედრას 15 თებერვალს, „ბენდელაზე“ გამართავს: თბილისის „საბურთალოსთან“ მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

აქვე დავამატოთ, რომ "ლიახვს" ხვიჩა ქასრაშვილი წვრთნის.

"თელავის" პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11231