ფეხბურთი

14:47 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ ფედიჩკინი: "ბათუმის "დინამო" სწორი მიმართულებით მიდის"

ბათუმის "დინამო" თურქულ ბელეკში შეკრებაზეა, გუნდი სეზონისთვის ემზადება და წლეულს ცოტა შეცვლილი შემადგენლობა ეყოლება, თუმცა ძირითადი ბირთვი შენარჩუნებული იქნება. ცოტანი თუ ელოდნენ, რომ ბათუმელები გასულ სეზონში მესამე ადგილს დაიკავებდნენ, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა კარგად მუშაობს და რაც კონკრეტულად მათზეა დამოკიდებული, ბოლომდე ასრულებენ.

ბათუმის "დინამოს" დირექტორ ოთარ ფედიჩკინისგან სიახლეები შევიტყვეთ. აქვე, ინტერვიუ ფედიჩკინთან:

- წლეულს გვეყოლება ქალთა გუნდი და ასევე, ამპუტანტთა ლიგაშიც გამოვიყვანთ გუნდს. როგორც იცით, გვყავს ფუტსალისა და პლაჟის ფეხბურთის გუნდებიც. ბათუმის "დინამო" საქართველოში სამაგალითო კლუბი უნდა გახდეს და ეტაპ-ეტაპ მივიყვანეთ საქმე აქამდე.

- სპონსორების მხრივ სიახლეებია და დაგვიკონკრეტეთ...

- ხელშეკრულება გავაფორმეთ Eუროპე-ბეტ-თან და მაისურზეც გვექნება წარწერა. ასევე, ბათუმის პორტმა დაგვასპონსორა და ეს უკვე ძალიან კარგია. ყველანაირად წინ მიდის კლუბი, ბათუმის "დინამოს" დიდი პოპულარობა ქალაქში შეიმჩნევა. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ აღარავინ ლაპარაკობს აგდებულად: "რა ბათუმის "დინამო", ფეხბურთი კიდევ არსებობს?!". დღეს სხვაგვარადაა, ადრე ბათუმში სულ "რეალი" და "ბარსელონა"ისმოდა, ახლა ბათუმის "დინამოს" უფრო ხშირად გაიგონებთ. ქუჩაში წარწერებია და ასე შემდეგ.

- წლეულს ისევ ქობულეთში ივარჯიშებთ და ითამაშებთ?

- მორაგბეებს ვთხოვეთ და თანახმანი არიან, რომ ხელი შეგვიწყონ. ანუ ბათუმშივე, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სარაგბო სტადიონზე ვითამაშებთ. ეს ვარიანტი სავსებით შესაძლებელია. ჩვენ ბათუმში რომ ვთამაშობდეთ, ტრიბუნები სულ სავსე იქნებოდა, მაყურებელთა დასწრებით პირველ ადგილზე ვიქნებოდით.

ფედიჩკინს ვკითხეთ სტადიონსა და ბაზაზე. შევიტყვეთ, რომ სტადიონის მშენებლობის ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, ხოლო ბაზას რაც შეეხება, შარშან ნოემბერში თითქოს მზად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და დაახლოებით 6 თვეში ელიან, რომ გუნდი იქ ივარჯიშებს.

ისე კი, ბათუმის "დინამო" უკეთეს პირობებსა და მეტ ყურადღებას იმსახურებს.

- შემადგენლობა თუ გაძლიერდება?

- არაერთ ფეხბურთელთან ვმართავთ მოლაპარაკებას და ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ მომდევნო სეზონში. წავიდნენ გეგეჭკორი და ლობჯანიძე, რომლებიც გასულ სეზონში ჩვენთან თამაშობდნენ, მაგრამ განათხოვრებით იყვნენ. ლობჯანიძე "ორენბურგში" ოფიციალურად გადავიდა, გეგეჭკორის საკითხიც წყდება.

- ბათუმის "დინამოსთვის" კარგი კიდევ ის მოხდა, რომ თეიმურაზ შონიას წარმატებული დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში...

- ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ბათუმის "დინამოს" მოქმედმა ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გაგვიხარდა და იმედია, ბათუმის "დინამო" ის კლუბი გახდება, საიდანაც ეროვნულ ნაკრებში თავისუფლად აიყვანენ ფეხბურთელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12163